რა გვჭირს??? - სამტრედიაში ქმრის ოჯახიდან 18 წლის გოგონა გაუჩინარდა! - კვირის პალიტრა

რა გვჭირს??? - სამტრედიაში ქმრის ოჯახიდან 18 წლის გოგონა გაუჩინარდა!

ადამიანთა გაუჩინარების შემთხვევები, ჩვეულებრივ, სტიქიური უბედურების ან ომის დროს იზრდება, თუმცა  ჩვენში უგზოუკვლოდ დაკარგვის გახშირების მიზეზი არც ერთია და არც მეორე. რაშიც ოფიციალური სტატისტიკის გარეშეც დარწმუნდებით - უგზოკვლოდ დაკარგულების ქუჩებში გამრავლებული სურათებიდან.

"ასეთი საქციელი სასტიკი დარტყმაა მათი ოჯახისათვის!" - უცნაურია, რომ ჩვენი საზოგადოება არც თუ იშვიათად აკეთებს ასეთ დასკვნას უგზოუკვლოდ დაკარგვის შემთხვევებზე და პირადად მათი შეცოდების ნაცვლად, მათი ოჯახის წევრებს იცოდებს. არადა, სრულიად განსხვავებული შეფასებებია უცხოეთში, სადაც დაკარგულები ხშირად ფსიქიკურად დაავადებული მანიაკების მსხვერპლი ხდებიან. რა არის ასეთი შეფასებების მიზეზი? ეს ალბათ ჩვენი საზოგადოების ცხოვრების წესის ფსიქოლოგიურ ანალიზში უნდა ვეძებოთ, რაც ძალზე შორს წაგვიყვანდა. ამასობაში კი ოქტომბრის შუა რიცხვებში ერთმანეთის მიყოლებით სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა ორი გოგონა.

22 წლის ნინი გვასალიაზე უკვე გიამბეთ, 18 წლის სალომე დუნდუა კი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისიდან გაქრა 18 ოქტომბერს, პარასკევ დღეს. მან დილის ათ საათზე დედამთილს ორი წლის შვილი გადასცა და "მარშრუტკაში" ჩაჯდა - სამტრედიის ცენტრში ჩავირბენ, მამაჩემს პროდუქტებს ვუყიდი, კერძს მოვუმზადებ და მალე დავბრუნდებიო...  თუმცა შებინდებისას სალომე ჯერ კიდევ არსად ჩანდა.

ნანა, სალომე დუნდუას დედამთილი:

- რა უნდა ვთქვათ, ჩვენს ოჯახში სალომეს გარდა ოთხი სული ვართ და ყველას გამშრალი გვაქვს ცრემლი ტირილისგან. ერთადერთი ჩემი შვილიშვილი არ ტირის, ის პატარაა და ვერაფერს ხვდება.პირველ ორ დღეს კი მოიკითხა დედა, მაგრამ მერე გაერთო და მიივიწყა. მე და ჩემი ქმარი ახალგაზრდები ვართ, ბავშვი ჩვენი გაზრდილია და მხიარულად გვეთამაშება. დანარჩენები კი დავიღუპეთ, ჩვენც და სალომეს ქმარიც. საშინელ დეპრესიაშია ჩემი შვილი. 17 წლის იყო, სალომე ოჯახში რომ მომიყვანა, გოგოს ჩვენს ოჯახში შეუსრულდა 16 წელიწადი, ფაქტობრივად ბავშვები იყვნენ ორივე და ერთი დღეც დადგა, სალომე მისი ცხოვრებიდან გაქრა. იმ შავ პარასკევს დაბნელებამდე კი ველოდე ჩემს რძალს, მაგრამ რომ დაბნელდა, მერე ყველა შევყარე. რაც არ უნდა მომხდარიყო და რაც უნდა ეჭორავათ ჩემს ოჯახზე, აღარ ვჩიოდი.

- რაიმე მიზეზი ხომ არ იყო, რის გამოც სალომეს სახლიდან წასვლა მოუნდებოდა?

- რძალი რომ შემომივიდა ოჯახში, მესამე შვილად მივიღე. კი, ნამდვილად ნაადრევი იყო მათი ქორწინება, მაგრამ ხელს ხომ არ ვკრავდი, თითქოს გოგონაც გვყავდა, ისე ჩავიკარით გულში მე და ჩემმა ქმარმა. ამის საფუძველს თვითონაც გვაძლევდა. ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო. დილით ყავას არ მოხარშავდა ისე, რომ ჩემთვის არ დაეძახა, სადაც ვიყავი, მომძებნიდა და წამიყვანდა, წამო, ყავა დავლიოთო. ჩვენ გარშემო მთელი სოფელია, ამ ჩვენს სოფელში კაცს ვერ ნახავთ, რომელიც იტყვის, რომ რძალ-დედამთილს ერთხელ მაინც გვეჩხუბოს. რომ მოვიდოდა და ჩამეხუტებოდა, კვდებოდნენ მეზობლები სიცილით, - რას დაგვხოცეთ შურით, ჩვენც ვართ რძალ-დედამთილები, მაგრამ ერთმანეთს არ ვკოცნითო.

- მაგრამ დამეთანხმებით, რომ დედამთილის სიყვარული არ არის მთავარი, მთავარი ცოლ-ქმრის სიყვარულია, იქნებ სალომე თქვენი შვილით, ანუ მეუღლით იყო უკმაყოფილო?

- აბა, ეს რანაირად გითხრათ, როცა შვილი და რძალი წაჩხუბებული არ მინახავს. ჩემი შვილები ორივენი სპორტსმენები არიან. ჩემი შვილია და ჩემზე უკეთ არავინ იცის მისი ხასიათი, - მის ასაკში ქმრებს ეჭვიანობა და ოჯახში უფროსობა მოსწონთ, ჩემი შვილის ბუნებაში კი ეჭვიანობა არ არის, მე არ ვიცი, მარტო რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ ჩემი თანდასწრებით არ მინახავს, ცოლისთვის ის ეთქვას, ან ხანგრძლივად ტელეფონზე რატომ ლაპარაკობ, ან კომპიუტერს რატომ უზიხარ ხშირადო. კომპიუტერთან ჯდომის დრო კი სალომეს ნამდვილად ჰქონდა, - ბავშვს ვუზრდიდი, ბავშვის სარეცხის გარეცხვასაც კი არ ვანებებდი, ჩემი აზრით ნამდვილად პატარა ასაკი ჰქონდა და ადამიანი ამ ასაკში ცოდოა, ოჯახის დიდი ტვირთის აკიდებისთვის.

- სალომეს საკუთარ დედ-მამასთან ხომ არ ჰქონია დაძაბული ურთიერთობა?

- დედ-მამასთან რატომ უნდა ჰქონოდა დაძაბული ურთიერთობა. ეგ ერთი შვილი ჰყავთ. ოჯახში ისედაც არაფერი აკლდათ, მაგრამ დედამისმა, - სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს შვილს რაც შეიძლება მეტად უნდა მოვეხმაროო და თურქეთში წავიდა სამუშაოდ. შინ მამამისი დარჩა და ის უვლის სახლ-კარს. მაგრამ კაცი მარტო მაინც ცოდოა და ამიტომ დადიოდა მასთან სალომე მისახმარებლად. ახლა ის საცოდავი მამამისიც გაგიჟებულია, დანა არ უხსნის კრიჭას. დედამისზე ლაპარაკს აღარ გავაგრძელებ, - აბა, უცხოეთში შვილისთვის გადახვეწილ ქალს რომ ამბავი მიუვა, შენი შვილი სახლიდან გაქრაო, რა ჭკუაზე უნდა დადგეს!

- არ გიფიქრიათ, რომ თქვენი რძალი ცოცხალი აღარ არის? იქნებ ძვირფასეულობა ეკეთა ბევრი და გაძარცვისას მოხდა რაიმე უბედურება?

- ათგრამიანი ბაჯაღლო ბეჭედი ეკეთა ხელზე. ამ ათგრამიან ოქროს ყველა კი ყიდულობს თავის რძლისთვის და მაგისთვის ვინ ვის მოკლავს! არც ისე საეჭვიანო შემიმჩნევია რამე, რომ ვიფიქრო, ჩემს რძალს ვინმე სხვა მოსწონდა და ქმარი იმის გამო მიატოვაო. თუმცა მე რას გავიგებ, მე ინტერნეტთან დასაჯდომად არ მცალია, მაგრამ მეზობლები მეუბნებიან, ხშირად ხდება ხალხი ინტერნეტით იცნობს ერთმანეთს და მერე ერთმანეთისთვის ოჯახებს ტოვებენო. არ მინდა ვიფიქრო, რომ სალომე ისეთი მსახიობი იყო, თან ჩემი და საკუთარი შვილის დასატოვებლად ემზადებოდა და თან ჩვენ გვეფერებოდა, მისი ქმრის ოჯახის წევრებს. პარასკევს ხომ გაქრა, - წინა დღეს ქორწილში ვიყავით ერთად და იქ ისეთ კარგ ხასიათზე იყო, რომ ვუყურებდი, მიხაროდა.

- იქნებ გოგონა სულიერად იმდენად დაღალა ნაადრევმა ქორწინებამ, რომ ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, რომელიც ოჯახიდან გაქცევით გამოიხატა?

- ორი შვილის დედა ვარ და ვიცი, ნორმალური ადამიანისთვის რა ძალა აქვს შვილის სიყვარულს. ვთქვათ, მართლაც ასე მოხდა და სალომე დაიღალა ნადრევი ქორწინებით და ამის გამო თავისი ქმრის სიყვარული ისე დაკარგა, თვითონაც ვერ მიხვდა, მაგრამ საკუთარი შვილი და მისი სიყვარული? კარგი, ვთქვათ ანგარიში არც ჩემთან მეგობრობას გაუწია და თავლაფის დასასხმელად გამიმეტა, საკუთარი შვილის სიყვარულის გამო და შვილის დასაცავად ხომ მაინც უნდა ეთქვა წინასწარ ჩემთვის თუნდაც ერთხელ, - ძალიან დავიღალე და თქვენს ოჯახში გაჩერება აღარ შემიძლიაო! შეიძლება, არ დავთანხმებოდი, მაგრამ თუ ჩვეულებრივ წავიდოდა თავისი ქმრისაგან, ისე, როგორც ბევრი მიდის, ამას ხომ შედარებით მარტივად გადავიტანდით? ახლა კი ჩემი შვილიც მეცოდება, - ვთქვათ, მართლაც ისეა, რომ სალომეს ჩვენგან ფარულად მოსწონდა ვინმე და იმასთან გაიპარა, ეს ხომ თავლაფისდასხმაა ახალგაზრდა ბიჭისთვის! როგორია, როცა სახლიდან ცოლი გეპარება? ამას მირჩევნია, სალომე საერთოდ არასოდეს გამოჩნდეს და ისე ვიტირო, როგორც ახლა ვტირი, სამუდამოდ გაუჩინარებულს. ამაში მისი მშობლებიც მეთანხმებიან, - ასე სასტიკად მოქცევას ის ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ, ნამდვილად არ იმსახურებენ!

პ.ს. ოფიციალური განცხადება - 18 ოქტომბერს სამტრედიის სოფელ მარნიდან სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა 19 წლის სალომე დუნდუა-ახობაძე. გოგონას ეცვა ლურჯი ჯინსის შარვალი, ნარინჯისფერი მაისური და ლურჯი, მოკლე პიჯაკი. გოგონას ახლობლები დახმარებას ითხოვენ და მისი ნახვის შემთხვევაში, ყველას მოუწოდებენ დარეკონ ნომერზე : 557 93 29 96.

18 ოქტომბერს სამტრედიის სოფელ მარნიდან სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა 19 წლის სალომე დუნდუა-ახობაძე. გოგონას ეცვა ლურჯი ჯინსის შარვალი, ნარინჯისფერი მაისური და ლურჯი, მოკლე პიჯაკი. გოგონას ახლობლები დახმარებას ითხოვენ და მისი ნახვის შემთხვევაში, ყველას მოუწოდებენ დარეკონ ნომერზე : 557 93 29 96. - See more at: http://droanews.ge/3243--.html#.UmYYtZyDof0 18 ოქტომბერს სამტრედიის სოფელ მარნიდან სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა 19 წლის სალომე დუნდუა-ახობაძე. გოგონას ეცვა ლურჯი ჯინსის შარვალი, ნარინჯისფერი მაისური და ლურჯი, მოკლე პიჯაკი. გოგონას ახლობლები დახმარებას ითხოვენ და მისი ნახვის შემთხვევაში, ყველას მოუწოდებენ დარეკონ ნომერზე : 557 93 29 96. - See more at: http://droanews.ge/3243--.html#.UmYYtZyDof0

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

TOP.GE