წალენჯიხის რაიონში, სოფელ ფახულანში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას ლურსმანი, ლობიოს მარცვალი და ერთთეთრიანი მონეტა ჰქონდა გადაყლაპული. ბავშვი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც მეორე დღესვე იქნა გამოწერილი. ექიმების თქმით, ყველაფერი რიგზე იყო და რენტგენოლოგიური შემოწმების შედეგად, ბავშვს ორგანიზმში არც ერთი ხსენებული საგანი არ აღმოაჩნდა, მაგრამ პატარა სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. მისი მშობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. სამწუხაროდ, იმ ექიმებთან, რომელთაც პაციენტთან უშუალო შეხება ჰქონდათ, ზუგდიდის საავადმყოფოს პრესსამსახური დაკავშირების ნებას არ გვაძლევს, მაგრამ ბავშვის იმჟამინდელი მდგომარეობის შესახებ საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ნიკა ჭეჟია გვესაუბრა. "კვირის პალიტრას" მომხდარზე გარდაცვლილის მამამ და ნათესავმაც მოუთხრეს.ზუგდიდის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ნიკა ჭეჟია:- ბავშვი საავადმყოფოში 11 ოქტომბრის საღამოს მამამ მოიყვანა. განაცხადა, რომ მის შვილს რაღაც ჰქონდა გადაყლაპული, მაგრამ არ იცოდა, რა. სისხლის ანალიზი გაკეთდა, აგრეთვე, ფილტვებისა და გულ-მკერდის რენტგენი. მართალია, არაფერი სჭირდა, მაგრამ ექიმმა სტაციონალში დაკვირვების მიზნით მაინც დატოვა. ღამით ამ ბავშვმა საკვები მიიღო, დილით კუჭის მოქმედებაც ჰქონდა და ვინაიდან ნორმალური ვითარება იყო და არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა, მისი გაწერა გადაწყდა. უბრალოდ, დედას ურჩიეს, რომ ბავშვი უბნის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოველი შემთხვევისთვის, მაინც ყოფილიყო. საავადმყოფოში მეტი არაფერი მომხდარა. როგორც ვიცი, ბავშვი 15 ოქტომბერს, სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ეს ჩვენ არ გვეხება და ვერ გეტყვით, სოფელ ფახულანში რა და როგორ მოხდა. საავადმყოფოში კი ის სიტუაცია იყო, რაც გითხარით.- იქნებ ექიმებმა შემოწმება სათანადო ყურადღებით ვერ ჩაატარეს...- ეს თქვენი ვარაუდია და ამაზე ვერაფერს გუპასუხებთ. დარწმუნებულები რომ არ ყოფილიყვნენ, რომ ბავშვს არაფერი ჰქონდა გადაყლაპული, სახლში ხომ არ გაუშვებდნენ? ვის უნდა ბავშვის სიცოცხლის ეჭვქვეშ დაყენება? ყველაფერი მოგიყევით, მეტს კი ვერაფერს გეტყვით.ლიზი გოგოხიას მამა, მერაბ გოგოხია:- 11 ოქტომბერს, როცა სახლში მივედი და გავიგე, რომ ჩემმა ცოლმა ბავშვი ზუგდიდის საავადმყოფოში წაიყვანა, მეც იქ წავედი. აღმოჩნდა, რომ ბავშვისთვის შემოწმება ჩაუტარებიათ, რენტგენი გაუკეთებიათ, მაგრამ თქვეს, ვერაფერი ვნახეთო. ამის შემდეგ 3 დღეში კი ჩემი შვილი მოკვდა... მე მამა ვარ და ვერ გელაპარაკებით, აღელვებული ვარ, ჯობია, ჩემს მაგივრად ჩემმა ბიძაშვილმა გიამბოთ...გიგლა გოგოხია:- დედამ არ იცოდა, პატარამ რა გადაყლაპა. რომ შეამჩნია მისი ცუდად ყოფნა, მაშინვე ზუგდიდში წაიყვანა.- საერთოდ, რა ვითარებაში მოხდა ეს ამბავი, ბავშვმა ლურსმანი როგორ გადაყლაპა?- არ ვიცი. ამ დროს დედამისი გარეთ იყო, მეორე ბავშვმა მასთან მიირბინა, ცუდადაა ლიზი, ძლივს სუნთქავსო. ერთ საათში უკვე ზუგდიდში ჩავიყვანეთ. ერთი ღამით საავადმყოფოში გააჩერეს და მეორე დღეს გამოწერეს, კარგად არისო. როცა დედამისმა ჩამოიყვანა, შევამჩნიეთ, რომ მუცელი გაბერილი ჰქონდა, ოყნა გავუკეთეთ, რასაც გამოჰყვა ლურსმანი, ლობიო და ერთთეთრიანი... წარმოგიდგენიათ, ბავშვმა ლურსმანი, ლობიოს მარცვალი და ერთთეთრიანი მონეტა გადაყლაპა, ექიმებმა კი სახლში გამოუშვეს – არაფერი სჭირსო...- როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ექიმებმა რატომ ვერ ნახეს?- არ ვიცი. როგორც გითხარით, თქვეს, ვერაფერი ვნახეთო.- ექიმებს ადანაშაულებთ, მათ სათანადო გამოკვლევა ვერ ჩაატარეს?- დიახ, ზუსტად ის გვაინტერესებს, ბავშვის მდგომარეობა გამოწერამდე კარგად იყო თუ არა გამოკვლეული. რომ გვეუბნებიან, კარგად არისო და მესამე დღეს კვდება, ხომ გესმით... - ზუგდიდის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა თქვა, ოჯახს ვურჩიეთ, რომ ბავშვი უბნის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ჰყოლოდათო. დარწმუნებულები ხართ, რომ გამოწერის მერე მას ყურადღება კარგად მიაქციეთ? - კი, ბატონო. ლიზის სიცხემ აუწია და მამამისმა თავისი ბავშვების მკურნალ ექიმს დაურეკა, რომელმაც უთხრა, ჯერ ვერ მოვდივარ, წამალი დაალევინეთ და თვალი არ მოაშოროთო. დავალევინეთ და სიცხემ დაუწია კიდეც, კარგად გახდა. იმ დილასაც დარბოდა ბავშვი, მშვენივრად იყო. უცებ გახდა ავად და ვეღარაფერი ვუშველეთ.- მის სხვა საავადმყოფოში გადაყვანაზე იფიქრეთ?- იმათ რომ ეთქვათ, რომ ჩვენ ვერაფერი ვნახეთ და უშველეთ ბავშვს, ქუთაისში წაიყვანეთო, რა თქმა უნდა, წავიყვანდით. მაგრამ კარგად არისო, გამოწერეს და მშობლებმაც რომ შეატყეს, მათი შვილი თითქოს უკეთ იყო, ქუთაისში რატომ უნდა წაეყვანათ. გვცოდნოდა, როგორი მდგომარეობა იყო და რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებდით. ახლა იქნებ, ბავშვს გამოკვლევა ჩავუტაროთ. მე ვერაფერს გადავწყვეტ, ეს მშობლებზეა დამოკიდებული, მათი გადასაწყვეტია.ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)