ნიკა სეფაშვილი: "თანხა მივიღე, როგორც რიგითმა მოქალაქემ, მერაბის შვილობა არაფერ შუაშია" - კვირის პალიტრა

ნიკა სეფაშვილი: "თანხა მივიღე, როგორც რიგითმა მოქალაქემ, მერაბის შვილობა არაფერ შუაშია"

"როგორც ვიცი, ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო პრეზიდენტისგან მსგავსი დაფინანსება და თქვენც შეგიძლიათ ინფორმაციები მოიძიოთ. ჩემი აზრით, ამის შავი პიარისთვის გამოყენება უღირსი საქციელია. დარწმუნებული ვარ, ყველა ახალგაზრდა მიღებულ თანხას მიზნობრივად გამოიყენებს. მე პირადად საკმაოდ კარგი გეგმები მაქვს. ჩემში დახარჯული ყველა რესურსი საქართველოს გამოადგება და აჟიოტაჟის საფუძველს ნამდვილად ვერ ვხედავ"… - ამბობს მერაბ სეფაშვილის ვაჟი, ნიკოლოზ სეფაშვილი.

- დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 80 ათასი ლარი მიიღეთ...

- ამ ინფორმაციას არ გავცნობივარ, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თანხა ნამდვილად მივიღე. ეს თანხა გამოიყო ჩემი სამაგისტრო პროგრამაში სწავლის დაფინანსებისათვის. ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლაში ჩავაბარე და მაგისტრატურაში ვაგრძელებ სწავლას.

- იქ კონკრეტული ციფრებიცაა დასახელებული, მაგალითად ნიკოლოზ სეფაშვილმა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 80 498 ლარი მიიღო. აქედან 51 498 ლარი მის სწავლა-განათლებას მოხმარდა, 24 000 ლარი ერთჯერადი ფინანსური დახმარებისთვის და დამატებით კიდევ 5000 ლარი.

- დეტალებზე ნამდვილად არ შემიძლია საუბარი, მაგრამ ერთი რამეს მაინც დავაზუსტებ. როცა ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ახსენებენ, რასაკვირველია, სწავლის დაფინანსება იგულისხმება. ეს თანხა ნამდვილად არ მიმიღია სხვა რამისთვის. 5 ათასი ლარია, 11 თუ 17 ათასი, ვერ გაგცემთ პასუხს, რადგან თან დოკუმენტაცია არ მაქვს. ციფრებზე საუბარი არ შემიძლია ზეპირად, მაგრამ მკაფიოდ მსურს დაგიდასტუროთ, რომ ყოველი თეთრი, რაც კი გამოიყო, მხოლოდ ჩემს სწავლას მოხმარდება. ყველაფერი ოფიციალურად ხდებოდა და ტყუილად და ლამაზი თვალებისთვის არავის არაფერი მოუცია. თქვენც შეგიძლიათ გადაამოწმოთ, არსებობს დოკუმენტები, ოფიციალური ბრძანებულება და ასე შემდეგ...

- მოდით, პირდაპირ გკითხავთ იმას, რაც საზოგადოებას აღელვებს... ეს თანხა მიიღეთ თუ არა, როგორც მერაბ სეფაშვილის შვილმა?

- თუ ვინმე ამას მაბრალებს, ეს ურცხვი ცილისწამებაა. არაფერ შუაში არ არის მერაბი აქ. ეს თანხა მივიღე როგორც რიგითმა მოქალაქემ. განცხადება შევიტანე. მოგეხსენებათ რომ სამაგისტრო პროგრამა იყო პრეზიდენტის, რომელიც აფინანსებდა ძალიან ბევრ ადამიანს. რა, მერაბ სეფაშვილის შვილობა დანაშაულია ამ ქვეყანაში? ვფიქრობ, ამ საქმეში მერაბ სეფაშვილის სახელით აპელირება უბრალოდ სიმდაბლეა. პირველ რიგში, მე მაგდებენ ამით უხერხულ მდგომარეობაში ჩემსავე ოჯახში.

- როგორც ითქვა, წესით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხები სტიქიური უბედურებებისა და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის უნდა იხარჯებოდეს...

- ძალიან მეეჭვება, რომ დებულებაში მართლაც ეწეროს, რომ დაფინანსება მხოლოდ სტიქიური უბედურებების დროს შეიძლება. თუმცა ჩემს კომპეტენციაში ეს თემა ნამდვილად არ შედის. კიდევ ერთხელ გეტყვით, მე თანხა მივიღე სწავლის დაფინანსებისთვის. ეს ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა, ჩემამდეც ხდებოდა და იმედია, მომავალშიც გაგრძელდება. რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება საშუალება სწავლა გააგრძელოს კარგ სასწავლებლებში საზღვარგარეთ, მით უკეთესი. ეს ჩვენთვისაც კარგია, თქვენთვისაც და ზოგადად ქვეყნის მომავლისთვისაც. რა შუაშია აქ მერაბ სეფაშვილი?! როგორც ვიცი, ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო პრეზიდენტისგან მსგავსი დაფინანსება და თქვენც შეგიძლიათ ინფორმაციები მოიძიოთ. ჩემი აზრით, ამის შავი პიარისთვის გამოყენება უღირსი საქციელია. დარწმუნებული ვარ, ყველა ახალგაზრდა მიღებულ თანხას მიზნობრივად გამოიყენებს. მე პირადად საკმაოდ კარგი გეგმები მაქვს. ჩემში დახარჯული ყველა რესურსი საქართველოს გამოადგება და აჟიოტაჟის საფუძველს ნამდვილად ვერ ვხედავ.

- საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ერთგვარ ირონიას იწვევს ის ფაქტი, მერაბ სეფაშვილმა რომ "ჩემი გმირი გიწოდე" იმღერა პრეზიდენტისთვის...

- ეს გზასაცდენილი ჯგუფების მოსაზრებებია, რომელიც ჯანსაღ საზოგადოებაზე ნამდვილად ვეღარ ახდენს გავლენას. არანაირად არ მსურს, ასეთ ადამიანებს გამოვეხმაურო. ყველამ თავის გამონათქვამზე აგოს პასუხი!

ასევე იხილეთ: რისთვის მიიღო მერაბ სეფაშვილის ვაჟმა 80 000 ლარი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)