ქართველი ემოები - "ჩვენი საყვარელი ადგილი მორგია" - კვირის პალიტრა

ქართველი ემოები - "ჩვენი საყვარელი ადგილი მორგია"

"კანის გატყავების პროცესი არ არის მტკივნეული, უბრალოდ დიდხანს უნდა მოიფ-ხანო და ნელ-ნელა კანიც გაგძვრება "

"ჩემი შვილი ხელებდასერილი მოვიდა სახლში, რამაც გამაგიჟა"

ბოლო დროს, ემო თინეიჯერებს თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით, ისინი უცნაურები და ნაკლებად კონტაქტურები არიან, თავს განსხვავებულ ადამიანებად მიიჩნევენ და საკუთარი სამყარო აქვთ.

ემო XXI საუკუნის ახალგაზრდული მოძრაობაა, რომლებიც საზოგადოებაში მუდმივ წინააღმდეგობას აწყდებიან, ერაყში მათი მიმდევრები ამოხოცეს, ზოგ ქვეყნებში იძულებით გადაპარსეს თავები, ევროპასა და ამერიკაში კი დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ემოთინეიჯერებთან საუბარი რთულია, რამდენიმე მათგანი ინტერვიუზე დავითანხმე. მარი 14 წლისაა. განსხვავებული იმიჯის გამო ხშირად ყუ-რადღების ცენტრშია, თუმცა თავად ამბობს, რომ მახინჯია.

- მე არც ემო ვარ და არც გოთი, უფრო მეტალჰედი ვარ. მორგთან სულ ერთხელ ვიყავი, იქაური სიტუაცია არ მომეწონა და აღარ დავდივარ. ხელებს მეც ვიტყავებ ხოლმე. პირველად ჩემმა დაქალმა გამიკეთა გაკვეთილზე, მაგრამ მასწავლებელს არაფერი შეუმჩნევია. კანის გატყავების პროცესი არ არის მტკივნეული, უბრალოდ დიდხანს უნდა მოიფხანო და ნელ-ნელა კანიც გაგძვრება. ეს უბრალოდ თამაშია, არანაირი ახირება და მოდა არ არის, ჩვენ ვთამაშობთ ჩვენი სურვილით. ვერთობით რაა.

ეშლი 15 წლისაა, დედა და სამი და-ძმა ჰყავს, ოჯახში განსხვავებული იმიჯისა და შეხედულებების გამო მასაც სერიოზული პრობლემები აქვს. თუმცა ამაზე დიდად არ სწუხს.

- სახლში პრობლემები მუდმივად მაქვს მოწევაზე, პირსინგებზე, თმის ვარცხნილობაზე, ქცევაზე, ტატუებზე, შინ შუაღამე მისვლაზე, ცუდ "სასტავთან" სიარულზე, მორგთან "ბირჟაობაზე", ცუდად სწავლაზე და კიდევ რა ჩამოთვლის დედაჩემის გაღიზიანების მიზეზებს. მაგალითად, ამ წელს უკვე ოთხჯერ გამრიცხეს სკოლიდან, მაგრამ მაგრად "მკიდია". რუსთაველზე რომ ძველი მორგის შენობაა იქ ვიკრიბებით, ჩვენი საყვარელი ადგილია, საჩვენო, წყნარი. კიდევ დამპალოს სასაფლაოზეც ავდივართ ხოლმე, ეს ის ადგილებია, სადაც ხალხი ნერვებს ვეღარ მოგვიშლის. ალერგია მაქვს ხალხზე.

- ხელები რატომ გაქვთ დასერილი?

- ხანდახან უსაქმურობის გამოც ვისერავ ხელებს. ზოგს მოსწონს, სილამაზეს ხედავს დასერილ მაჯებში. ხანდახან სხეულიდან სისხლის გამოდენა ნერვებსაც აწყნარებს, ამიტომ ცუდ ხასითზე ყოფნის დროსაც ვაკეთებთ ხოლმე. ზოგს კი თავის მოკვლა უნდა.