"ორი თვის განმავლობაში შინ იჯდა, გარეთ არ გამოდიოდა" - რას იხსენებს ნინო გვასალიას საუკეთესო მეგობარი - კვირის პალიტრა

"ორი თვის განმავლობაში შინ იჯდა, გარეთ არ გამოდიოდა" - რას იხსენებს ნინო გვასალიას საუკეთესო მეგობარი

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლიდან":

ნინო გვასალიას ლამის მთელი საქართველო ეძებს - მასზე ყველა ლაპარაკობს, მის ფოტოებს ყველგან შენიშნავთ, მის ამბავს ყველგან მოისმენთ და წაიკითხავთ. ვინ არის და როგორია 22 წლის ლამაზი გოგონა, შინიდან გაქცევით მკაცრი განაჩენი რომ გამოუტანა ოჯახსა და ახლობლებს, და... საკუთარ თავსაც. ნინოზე საუბარი მის უახლოეს მეგობარს, ირინა გელაშვილს ვთხოვე:

- მე და ნინო ორი წლიდან ვმეგობრობთ, ერთად გავიზარდეთ. უშუალო და გულახდილი მხოლოდ რამდენიმე ადამიანთან იყო. თუ ვინმე არ მოსწონდა, მასთან არც ურთიერთობდა. ჩემთან ყოველთვის გულახდილი იყო, გულწრფელი. სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი მეგობარი ვყავდით...

- ბოლოხანს უცნაურს, უჩვეულოს ვერაფერს ატყობდი?

- ორი თვის განმავლობაში შინ იჯდა, გარეთ არ გამოდიოდა, მხოლოდ 10-10 წუთით ძაღლი გაჰყავდა სასეირნოდ. ხშირად ვაკითხავდი ხოლმე, ბევრს ვსაუბრობდით, მაგრამ განსაკუთრებული მართლა არაფერი შემინიშნავს, არც შინიდან გაქცევაზე უთქვამს რაიმე და არც შესაძლო თვითმკვლელობაზე მიუნიშნებია. ძირითადად, ლიტერატურაზე ვლაპარაკობდით ხოლმე. გიჟდება დოსტოევსკიზე და მისი ნაწარმოებების კითხვა დაუსრულებლად შეუძლია.

***

- ნინო მორწმუნე იყო?

- ადრე - კი, ეკლესიაშიც დადიოდა. მერე, ოჯახში პრობლემები რომ გაჩნდა, ღმერთს ზურგი აქცია. ათეისტი გახდა. ფიქრობდა, ღმერთი არაფერს შველის ადამიანს და მის არსებობას რა მნიშვნელობა აქვსო... ისე კი, ღვთის უარყოფაში დოსტოევსკიც ძალიან დაეხმარა. საკუთარი თავისუფლებაც დოსტოევსკის ნაწარმოებებში იპოვა და აზრების ჩამოყალიბებასა და გამყარებაშიც ის დაეხმარა... სავარაუდოდ, ისეთ რამეებსაც "ეუბნებოდა" მწერალი, რაც მანამდე არ უფიქრია და მერე იფიქრა...

- ირინა, შეძლებდა ნინო თავის მოკვლას?

- მგონია და ვგრძნობ, რომ ცოცხალია და სადღაც იმალება.

- ვიდეოკამერებმა რომ ვერ დააფიქსირეს? ან ჩანთიდან თოკი რომ ამოუვარდა ქუჩაში, ის თოკი რისთვის შეიძლებოდა დასჭირვებოდა?

- სავარაუდოდ, ისეთი გზით გავიდა, კამერებს რომ არ დაეფიქსირებინა და ვერავის ეპოვა. აბა, რატომ მოიქცეოდა ასე? ადამიანი ამდენს რომ გათვლის, ვერავინ მიპოვოსო, ის თავის მოსაკლავად არ მიდის. ის უბრალოდ გადაიკარგა. რაც შეეხება თოკს, ვერსიები თითქმის არ მაქვს, თუმცა... თოკით შეიძლება ისევ დოსტოევსკისთან მივიდეთ. მას ხომ აქვს სიუჟეტი, როდესაც ადამიანი თოკით იხრჩობს თავს. ნინომაც იქნებ მწერლის გავლენით წაიღო თოკი, მაგრამ თავის მოკვლა გადაიფიქრა?