"ნუნუკა სასიამოვნო გარეგნობისაა, თბილი და კეთილშობილი..." - კვირის პალიტრა

"ნუნუკა სასიამოვნო გარეგნობისაა, თბილი და კეთილშობილი..."

საქართველოს პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის განხილვისას მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა ერთსულოვანი იყო, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტზე წარდგენისას განაცხადა და შემდეგ, ღარიბაშვილის ბიოგრაფიაზე ერთობ თბილად და ემოციით ისაუბრა... ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოს მომავალი პირველი ლედი, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე – ნუნუკა თამაზაშვილი იქნება...

ნანუკა თამაზაშვილზე მისი მეგობარი - ეკა ჭიჭინაძე (ნიკუშა შენგელაიას მეუღლე) გვესაუბრა:

- ნუნუკა კარგი დედა და მეუღლეა, რაც, ჩემის აზრით, ქალის პირველი ფუნქციაა. თავმდაბალია, ესეც კარგი თვისებაა. სასიამოვნო გარეგნობისაა, თბილი და კეთილშობილი.

- რამდენად აქვს პირველი ლედის თვისებები... იმ კუთხით, როგორც ეს ბოლო პირველმა ლედიმ დაამკვიდრა. უცხო ენებს ფლობს, ქველმოქმედებას ეწევა?

- ალბათ როგორც ყველა პირველი ლედი, მასაც ექნება ქველმოქმედების სურვილი და გააკეთებს კიდეც. რაც შეეხება უცხო ენებს, ახალგაზრდა თაობაა და ენები დღეს თითქმის ყველამ იცის.

-ჩვენი პირველი ლედი 9 წლის განმავლობაში სანდრა რულოვსი იყო... თუ შეიძლება პარალელი გავავლოთ ყოფილ და მომავალ პირველ ლედის შორის?

-სანდრას მე არ ვიცნობდი და სურვილიც არ მქონდა, გამეცნო. არ ვიცი, როგორი ადამიანია. ვიცი, რომ მის დროს ძალიან დიდი ფული იხარჯებოდა ქველმოქმედებაში, ქველმოქმედების შედეგს კი ვერ ვხედავდით. გემოვნებითაც არ გამოირჩეოდა. მახსოვს მისი ფრაზა 2008 წლის არჩევნებზე, - ჩემი ქმარი რომ არ აირჩიოთ, დავიღუპებითო. ეს კარგ ადამიანობაზე არ მიუთითებს.

- რას უნდა ველოდოთ მომავალი პირველი ლედისგან?

- ჯერ ალბათ ვერც აცნობიერებს, რამხელა ტვირთი დააწვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გაართმევს თავს

- ბიძინა ივანიშვილმა მასზე განაცხადა უშიშარი ქალიაო, ეთანხმებით?

- როცა ბატონმა ბიძინამ გადაწყვეტა პოლიტიკაში მოსვლა, ძალიან გარისკა და ყველაფერი სასწორზე დადო... ასეთივე რისკი გაწია ირაკლიმაც. გახსოვთ ალბათ, რითაც დაიწყეს ბინძური ბრძოლა ( დააპატიმრეს ნუნუკას მამა). ამ ყველაფრის გაძლებას, მე მგონი, სწორედ ეს თვისება ჭირდებოდა - "უშიშრობა"... ასე რომ, ბატონი ბიძინა ტყუილად არაფერს იძახის.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)

TOP.GE