"ერის დაბერება დიდი სიჩქარით ხდება"
"ახალგაზრდებმა არ იციან, რომელ საუკუნეში რამდენი ვიყავით, რატომ შევმცირდით, რამ გამოიწვია ეს"
"ვმუშაობთ, რომ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შეღავათი გაკეთდეს კომუნალურ გადასახადებზე, განათლების მიღებისას და ა.შ"
"მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, ეთნიკური ქართველების ხარჯზე ხდება."
ამონარიდი ჟურნალ "გზიდან":
"ეს არის პირველი ინტერვიუ, რომლითაც ამ სასიამოვნო სიახლეს გაცნობებთ. ძალიან მალე, დემოგრაფიულად პრობლემურ რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებში დაბადებული მესამე ბავშვი, სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებს", - აცხადებს "დემოგრაფიული განვითარების ფონდის" ერთ-ერთი დამაარსებელი, ფრაქცია "ქართული ოცნების" პიარ-მენეჯერი თამარ ჩიბურდანიძე. უკვე 9 თვე გავიდა, რაც ეს არასამთავრობო ორგანიზაცია დაარსდა და დემოგრაფიული მდგომარეობის საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ, პრობლემის აღმოფხვრაზე აქტიურად დაიწყო მუშაობა.
- გაეროს მონაცემები, რომ 2050 წლისთვის საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 1 170 000-ით შემცირდება, გაზვიადებული ხომ არ არის?
- ქართველ დემოგრაფებს უფრო საგანგაშო პროგნოზი აქვთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, ეთნიკური ქართველების ხარჯზე ხდება.
არსებობს 15 დემოგრაფიული პრობლემა. ეს არის შობადობის კლება, მოკვდავობის გაზრდა, შიდა და გარე მიგრაცია და ა.შ. რაჭაში, სვანეთში, გურიაში, ხევში, იმერეთში საგანგაშო მდგომარეობაა. შობადობის მატება მხოლოდ 3 რეგიონში აღინიშნება. ეს არის აჭარა, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. მატებაა თბილისშიც, ყველა სხვა რეგიონი მინუსებშია.
***
- მრავალშვილიანობის სტატუსის განსაზღვრაზე მუშაობთ?
- დიახ, ამ მიმართულებით პარლამენტში უკვე მუშაობენ, რაც დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაა. სავარაუდოდ, ამ ეტაპზე მხოლოდ სტატუსის განსაზღვრა მოხდება. ყოველთვიურად სოციალური დახმარება ვერ გაიცემა, რადგან ეს თანხა 100 მილიონამდეა, ამ ხარჯს კი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გასწვდება.
- მაშინ სტატუსის განსაზღვრას რა მნიშვნელობა აქვს?
- ჩაფიქრებული გვაქვს, ეს სტატუსი სხვა კუთხით გამოვიყენოთ.
- რას გულისხმობთ?
- მოვლენებს წინ გავუსწრებ და გეტყვით, ვმუშაობთ, რომ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შეღავათი გაკეთდეს კომუნალურ გადასახადებზე, განათლების მიღებისას და ა.შ. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ თბილისში ყველაზე მწვავედ საცხოვრებლის პრობლემა დგას. დეკემბრის ბოლოს, საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, რა დახმარება შეიძლება გაიღოს ფონდმა, მთავრობამ და ვნახავთ, რა საკანონმდებლო ცვლილებები მოხდება პარლამენტში.
მოსახლეობაში დემოგრაფიული განათლების ძალიან დაბალი დონეა, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში. არ იციან, რომელ საუკუნეში რამდენი ვიყავით, რატომ შევმცირდით, რამ გამოიწვია ეს და ა.შ. განათლების სამინისტროსგან მივიღეთ მხარდაჭერა, სკოლებში კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურად საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული ისტორია შევიდეს. უმაღლეს სასწავლებლებთან კი შევთანხმდით, რომ ჩავატაროთ სემინარები და სტუდენტებს დემოგრაფიის ისტორია გავაცნოთ. ჩვენი სამიზნე სწორედ ახალგაზრდობაა. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს დემოგრაფი ანზორ თოთაძე.
- თქვენთან აქტიურად თანამშრომლობს ლევან ვასაძე, არა?
- დიახ, ლევან ვასაძე, ლაშა პაპაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზაზა ნიშნიანიძე, გოგა თევდორაშვილი, ბადრი ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან და ჩართულები არიან პროგრამის შემუშავებაში. დემოგრაფიული პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი განქორწინების რიცხვის გაზრდა და ქორწინების შემცირებაა. საქართველოში ოჯახის კულტი, ოჯახური ურთიერთობები და პატივისცემა დაიკარგა. ამ მიმართულებით ახალგაზრდებთან მუშაობასაც ვაპირებთ. ლევან ვასაძე გამორჩეულად აქტიურობს. იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში როგორც დემოგრაფიული, ასევე სხვა პრობლემებიც უახლოეს წლებში მოგვარდება.
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში