"დამეხმარე, ფლიზ"-ჯონსონი: რუსთაველზე დაკავებული ფერადკანიანი მათხოვრის ვინაობა და ისტორია (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"დამეხმარე, ფლიზ"-ჯონსონი: რუსთაველზე დაკავებული ფერადკანიანი მათხოვრის ვინაობა და ისტორია (ექსკლუზივი)

ორი წყება ცოლშვილის პატრონი ჯონსონი საპატრულო მანქანისთვის ქვის სროლის გამო დააკავეს

"მისი მეგობრები აფრიკაში, ნიგერიაში დაბრუნდნენ, ის კი გაძარცვეს, ყველაფერი მოჰპარეს და საბუთების არქონის გამო სამშობლოში ვერ ბრუნდებოდა"

"დამეხმარე, ფლიზ" - რუსთაველის მეტროსთან მდგარი ფერადკანიანი მამაკაცი, რომელიც გამვლელებს დახმარებას მუყაოს ყუთით ხელში, ქართულ-ინგლისურად სთხოვდა, პატრულმა ქვის სროლის გამო დააკავა.

პატრულის თანამშრომლებმა დეტალებზე საუბარი არ ისურვეს და არც დაკავებულის სახელი და გვარი გაამხილეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოგვაწოდა. აი, მათი პასუხიც:

- ამ პიროვნებამ საპატრულო პოლიციის ავტომობილს ქვა ესროლა. რატომ გააკეთა ეს და რამ გამოიწვია მისი აგრესია, ვერ გეტყვით, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. საქმე არის აღძრული სისხლის სამართლის 187-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს სხვისი ქონების განადგურებას ან დაზიანებას.

- მოხვდა თუ არა ქვა ავტომობილს?

- დიახ, დაზიანებულია კარი. პატრულის თანამშრომლებს ქვა არ მოხვედრიათ, რადგან ეს ყველაფერი მანქანის მოძრაობის დროს მოხდა.

- ამ ადამიანის შესახებ რა შეგიძლიათ გვითხრათ? რაიმე საბუთი თუ ჰქონდა, როცა დააკავეს?

- ის ნიგერიის მოქალაქეა და მეტს ვერაფერს გეტყვით, სანამ გამოძიება არ დასრულდება.

ამ ადამიანის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მაინც გვაქვს. მოწყალების მისაღებად ქუჩაში გამოსული ფერადკანიანი მამაკაცი ჟურნალისტებს გაურბოდა, მაგრამ 2011 წელს "გზის" ჟურნალისტმა ინტერვიუზე როგორღაც დაითანხმა.

მისი სახელი ჯონსონია, 31 წლის არის და დაახლოებით 4 წელია, თბილისშია. როცა ინტერვიუ ჩაიწერა, ის ძირითადად გამსახურდიას გამზირზე, წმინდა მოწამეთა, კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მახლობლად იდგა ხელგამოწვდილი. ინტერვიუში თქვა, რომ აქ ქვეყნის დასათვალიერებლად მეგობრებთან ერთად იყო ჩამოსული. მისი მეგობრები აფრიკაში, ნიგერიაში დაბრუნდნენ, ის კი გაძარცვეს, ყველაფერი მოჰპარეს და საბუთების უქონლობის გამო თბილისიდან ვერ მიდიოდა. იმედოვნებდა, რომ ხალხის დახმარებით ბილეთის ფულს შეაგროვებდა და სამშობლოში დაბრუნდებოდა, სადაც ორი ცოლი და შვილები ელოდებოდნენ.

ფაქტია, რომ ამ წლების განმავლობაში შესაბამისმა სამსახურებმა ჯონსონზე ყურადღება არ გაამახვილეს. სანამ პატრულს ქვა არ ესროლა, უსაბუთო და უსახლკარო ნიგერიელი საქართველოში უპრობლემოდ იმყოფებოდა, ახლა კი, შესაძლებელია, დეპორტაციაც დაემუქროს. არც ის არის გამორიცხული, რომ დაკავება არჩია ამდენი ხანი ქუჩაში დგომას. არც ამაზე გვპასუხობენ გამოძიების დასრულებამდე... იხ. ვიდეო palitraTv-ზე

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)