"ჩემი ძაღლი მოკლა, თავი მოაჭრა და ყველას აჩვენა, რომ მაგარი ბიჭია" - კვირის პალიტრა

"ჩემი ძაღლი მოკლა, თავი მოაჭრა და ყველას აჩვენა, რომ მაგარი ბიჭია"

ბიბი მხოლოდ და მხოლოდ ყეფის გამო გამო მოკლეს.”

"იმუქრებოდა, მოვკლავო, რადგან მისი ყეფა აღიზიანებდა და აასრულა კიდეც, დაამტკიცა, რომ ვაჟკაცია"

"პატრულში დარეკვა და მეზობლის დაკარგვა ძაღლის გამო იქაური მოსახლეობისთვის მიუღებელია."

"ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი"  ცხოველისადმი სისასტიკის მართლაც შემზარავი ფაქტის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. 11 ნოემბერს, ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში მცხოვრებმა თამაზ ხუსკივაძემ ორლულიანი თოფით მოკლა ორი წლის კავკასიური ნაგაზი, ხვადი ბიბი, ნაჯახით თავი მოაჭრა, შემდეგ კი ცხოველის მოჭრილი თავით ხელში სურათები გადაიღო. საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე, ვახტანგ მამალაძე ამბობს, რომ ფოტო დამნაშავის ინიციატივით იქნა გადაღებული და გავრცელებული. იგი შემთხვევის დეტალებზეც გვესაუბრა.

ვახტანგ მამალაძე:

- ეს ფაქტი ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში დაფიქსირდა. თამაზ ხუსკივაძემ ქართული ნაგაზის ჯიშის ძაღლი იარაღით მოკლა და შემდეგ ნაჯახით თავი მოაჭრა. მერე გამართა ფოტოსესია, ყველას აჩვენებდა, თუ როგორი ვაჟკაცია და როგორ იძია შური ძაღლზე. სანამ ამ შემზარავ ქმედებას ჩაიდენდა, იმუქრებოდა, რომ ამ ძაღლს მოკლავდა, რადგან ის უყეფდა ხოლმე. კი არ იკბინებოდა, მხოლოდ უყეფდა. თამაზ ხუსკივაძე "თავისებური" ბიჭია, ის 20 წლის ახალგაზრდაა.

- შურისძიება ახსენეთ. შური რის გამო იძია? ძაღლმა მის რომელიმე ახლობელს რამე ხომ არ დაუშავა?

- აბსოლუტურად არაფერი, მსგავსი რამ არ მომხდარა. ბიბი მხოლოდ და მხოლოდ ყეფის გამო გამო მოკლეს.

- არის შემთხვევები, როცა ექიმები ძაღლის თავს ითხოვენ იმის დასადგენად, ცხოველს ცოფი ჰქონდა თუ არა. იქნებ, თავის მოჭრის მიზეზი ეს იყო?

- არა, ძაღლს ცოფის ნიშნები არ ჰქონდა. თანაც, არავისთვის უკბენია. მან უბრალოდ ძაღლს ”აჯობა”, მოკლა, მერე ტანიც და თავიც იქვე, ხეებში მიაგდო. განახორციელა, შეასრულა ის მუქარა - ძაღლს მოვკლავო. ეს არის და ეს.

- ცხოველების გადარჩენის სახალხო ფრონტის განცხადებაში ნახსენებია, რომ ხუსკივაძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით უნდა გასამართლდეს. რას ითვალისწინებს ეს პუნქტი?

- 259-ე მუხლი ითვალისწინებს ან ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. როგორ კვალიფიკაციას მიანიჭებენ და რა დაემუქრება, ამის თქმა ძნელია, მაგრამ დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

ბიბის პატრონი, ლეილა კიკნაველიძე:

- ჩვენთან, სოფელში რკინიგზის სატვირთო სადგურია. მატარებლებს ძალიან ხშირად მოჰყვებიან უპატრონო, მაწანწალა ძაღლები. პატარა ბიბი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ, სოფელში ძალიან მოწყენილი დაბოდიალობდა, ფეხი ჰქონდა მოტეხილი და თავზეც ტრავმა ჰქონდა მიღებული. როგორც ჩანს, ბავშვები რაღაცებს ესროდნენ. მე და ჩემმა მშობლებმა შევიფარეთ და ვუმკურნალეთ. დეპრესია ჰქონდა, რადგან სულ ძველ პატრონს ელოდებოდა. ეტყობოდა, რომ ჭკვიანი და გაწვრთნილი, გაწონასწორებული ძაღლი იყო. არავის არაფერს ერჩოდა, ცოფზე აცრილი გვყავდა.

- გარეთ უპრობლემოდ უშვებდით? არ გეშინოდათ, რომ ვინმეს ზიანს მიაყენებდა?

- ხანდახან ჩვენ თვითონ ვუშვებდით. არ გვეშინოდა, რადგან უკვე ვიცოდით, რომ აბსოლუტურად არავის არაფერს ერჩოდა. მაგ ბიჭს, თამაზ ხუსკივაძეს, როცა ნასვამი იყო, უყეფდა ხოლმე და ერთი-ორჯერ გამოეკიდა კიდეც, მაგრამ ნამდვილად არ უკბენია. არა მარტო მისთვის, საერთოდ არავისთვის უკბენია. ერთხელ იყო შემთხვევა, რომ ჩემი ბავშვების თვალწინ ამ ბიჭმა ძაღლს ქვები ესროლა. რა თქმა უნდა, შენიშვნა მივეცი, რომ ბავშვების წინ ნუ აკეთებდა და საერთოდაც, ნუ ესროდა ქვებს. მითხრა, შენი ძაღლია და მაშინ სახლში შეიყვანეო. ბიბი ერთხელ გასული იყო გარეთ, ეს ბიჭი ისევ ნასვამი იყო, თანაც ძალიან და ამ დროს მოხდა ეს ფაქტი. მე თბილისში ვცხოვრობ და არ შევსწრებივარ. მითხრეს, რომ ბიბის ჯერ თოფი ესროლა, მოკლა, მერე თავი მოაჭრა და ყველას აჩვენა, რომ მაგარი ბიჭია.

- ამ ამბავს ან თქვენი მშობლები, ან სოფლის მაცხოვრებლები არ შესწრებიან, რომ მისი მოქმედებისთვის ხელი შეეშალათ?

- ჩემი მშობლები ადგილზე არ იყვნენ, რადგან დილიდან საღამომდე მუშაობენ. ფაქტს, ალბათ, არავინ შესწრებია ან მოსახლეობა იყო, მაგრამ იქ პატარა დასახლებაა და პატრულში დარეკვა და მეზობლის დაკარგვა ძაღლის გამო იქაური მოსახლეობისთვის მიუღებელია. მაგდენი ბევრს არ ესმის, ხომ ხვდებით.

- ხომ არ იცით, ახლა თვითონ ხუსკივაძე რას ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით?

- ვიცი, რომ ძალიან დათრგუნვილები არიან მისი მშობლები. დედამისი არაჩვეულებრივი ადამიანია. ჩვენთან ძალიან ახლოს ცხოვრობენ და როგორც კორპუსში კარის მეზობელი, დაახლოებით ისეთი მეზობლები ვართ. თვითონ თამაზი, როგორც გავიგე, სახლშია და ძალიან განიცდის, რადგან ხალხისგან ამ ყველაფერს ასეთი ცუდი რეაქცია მოჰყვა.

- შურისძიება ასეთ წვრილმანის გამო უცნაურია...

- უბრალოდ, დაუმტკიცა ყველას, რომ მაგარი ბიჭია და შეუძლია, ასე უმოწყალოდ მოექცეს ძაღლს. მე მეტ ახსნას ვერ ვუძებნი.

- რაიმე ფსიქიკური პრობლემა ხომ არ ჰქონდა?

- არ ვიცი. მისგან საეჭვო არავის არაფერი ახსოვს, ამიტომ, ეს ფაქტი სრულიად მოულოდნელი იყო.

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის).