რუსეთის ნაკრების ქართველი მეკარე: "ქართველები არ მიყვარს... ყველაზე ამბიციურები, ცბიერები არიან”
ეს გოგონა წარმოშობით საქართველოდანაა. ელვირა თოდუა რუსეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მეკარეა. მას არა მხოლოდ ნაკრების ხუთ ულამაზეს ფეხბურთელს შორის ასახელებენ, არამედ ერთ-ერთ ულამაზეს სპორტსმენადაც მიიჩნევენ.
წელს ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის ლამაზმან ფეხბურთელ გოგონათა ხუთეულშიც მოხვდა. გარდა გარეგნული მონაცემებისა, რასაკვირველია, პროფესიონალიზმის გამოც სცემენ პატივს - ელვირა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ არის აღიარებული.
თოდუა რუსეთში აფხაზეთის ომის შემდეგ, ოჯახთან ერთად ჩავიდა და ამის შემდეგ იქ ცხოვრობს. მისი დედა რუსია, მამას კი ეროვნებად აფხაზი უწერია, თავად ელვირა კი ამბობს, რომ ის ქართველი არ არის, თუმცა ასე მოიხსენიებენ. მისი თქმით - მას მეგრული გვარი აქვს და არა ქართული:
"კავკასიურ ხასიათს - იმპულსურობას, შემტევობას - ამას ვერ დამალავ. მე ქართველი არ ვარ, თუმცა ხშირად ასე მომიხსენიებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ქართული გვარია. სინამდვილეში თოდუა მეგრული გვარია, ეროვნება კი პასპორტში აფხაზი მიწერია. თუმცა, პრინციპში, ეს ერთი ხალხია - ქართველები, მეგრელები, აფხაზები. ასე რომ, თუ ვინმე ძალიან დაიჟინებს, არა, შენ ქართველი ხარო, - არ ვიუარებ.
როგორც უნდათ, ისე იფიქრონ. თუმცა ქართველები არ მიყვარს. ყველა მონათესავე ხალხებიდან ისინი ყველაზე ამბიციურები, უფრო ცბიერები არიან. თუმცა, რა თქმა უნდა, ეროვნება არაფერ შუაშია. ყველგან არიან კარგი და ცუდი ადამიანები,"- ამბობს რუსეთის ნაკრების მეკარე.