მამა დავით ისაკაძე: ებრაელები არ არიან, ქრისტეს მეძავის შვილს რომ ეძახიან? - კვირის პალიტრა

მამა დავით ისაკაძე: ებრაელები არ არიან, ქრისტეს მეძავის შვილს რომ ეძახიან?

"ქუჩაში გამოხატვა იწვევს გაღიზიანებას დომინანტი სარწმუნოების წარმომადგენლებში"

"ქართველთა დადანაშაულება ქსენოფობიაში არის უმადურობა და ისტორიული დანაშაული"

"მათ ხელს არ უნდა უწყობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და არ უნდა ულოცავდნენ. რას ულოცავენ?!"

რამდენიმე დღის წინ, თავისუფლების მოედანზე, სადაც ებრაული თემი ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავდა, ინციდენტი მოხდა. იქ მისულმა მართლმადიდებელმა მრევლმა, ებრაელთათვის ხანუქას მისალოცად მისულ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა, რომ არ აენთო სანთელი. მათ აგრეთვე გააპროტესტეს ებრაელთა მხრიდან ხანუქის საჯაროდ, ქუჩაში აღნიშვნა, ჩვენ დავუკავშირდით ამ გამოსვლის ინიციატორს, მამა დავით ისაკაძეს და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ:

- მართლმადიდებელთათვის ხანუქობა იმიტომ არის მიუღებელი, რომ მართალია, იგი ისტორიულად მაკაბელთა გამარჯვებას უკავშირდება,მაგრამ ებრაელთა სხვა დღესასწაულთა მსგავსად მესიის არ აღიარებას ეფუძნება. ანუ არსობრივად უარყოფს იესო ქრისტეს როლს და შესაბამისად, ეს არის ანტიქრისტიანული დღესასწაული. შარშან იერუსალიმში ქართველთა ჯვრის მონასტრის კედლებზე გააკეთეს წარწერები "იეშუ ბენზონა" (იესო მეძავის შვილი), "მაკაბელებმა გაიმარჯვეს, გილოცავთ ხანუქას". მათ აქვთ საკუთარი საკულტო ნაგებობები და თავისი რელიგიური დღესასწაულები შეუძლიათ იქ აღნიშნონ. საქართველოში დომინანტი რელიგია არის მართლმადიდებლური ეკლესია და არავის აქვს უფლება, შეურაცხყოს ჩვენი რელიგიური გრძნობები. ჩვენ მოგვცემენ იმის საშუალებას, რომ თელ-ავივში ან იერუსალიმში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ანალოგიური ზეიმი მოვაწყოთ?!

- მამაო, აღდგომას იერუსალიმში საოცარი ზეიმით აღნიშნავს მართლმადიდებლური თემი და არავინ უშლის ხელს.

- იცით, რაშია საქმე, იერუსალიმში ყოველთვის ხდებოდა მართლმადიდებლური დღესასწაულის აღნიშვნა, რადგან იერუსალიმი ეს არაა მხოლოდ ებრაელი ხალხის ქალაქი. იქ ქრისტე მოღვაწეობდა და ქადაგებდა ქრისტიანობას ანუ სწავლებას ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ.

- საქართველოში, ხანუქაზე არანაკლები პომპეზურობით აღინიშნება მუსლიმური დღესასწაულები. ესეც უნდა გავაპროტესტოთ?..

- ჩვენ არაერთხელ გამოგვითქვამს პროტესტი ამასთან დაკავშირებით, სადაც აღვნიშნავდით, რომ ნებისმიერი დღესასწაულის ზეიმი მათ თავიანთ საკრებულოში შეუძლიათ და ამაში ხელს არავინ შეუშლის.

- მათ კანონით აქვთ უფლება, გამოხატონ საკუთარი შეხედულება იქ, სადაც სურთ, თუ ამით საზოგადოებრივი წესრიგი არ ირღვევა.

- გამოხატონ საკუთარ სამლოცველოებში და არა ქუჩებში.

- თუმცა ქუჩაში გამოხატვით არ ირღვევა კანონი.

-ქუჩაში გამოხატვა იწვევს გაღიზიანებას დომინანტი სარწმუნოების წარმომადგენლებში, აქედან გამომდინარე, შეიძლება ეს გადაიზარდოს დაპირისპირებაში. ამიტომ კონფლიქტის პროვოცირებას არ უნდა ეცადოს არცერთი რელიგიური კონფესია. როდესაც იუდეველებს სინაგოგიდან, თბილისის მთავარ მოედანზე მენორა გამოაქვთ, რადგან მათ კარგად იციან, რომ საქართველოში ამას ხალხი იესო ქრისტეს შეურაცხყოფად მიიჩნევს. პროვოცირებაზე ისიც მიუთითებს, რომ ხანუქის საზოგადოებრივ ადგილებში გამართა და მენორის დადგმა, ეწინააღმდეგბა ხანუქვის გამართვის იუდეურ კანონებსაც, რომელიც ხანუქის სანთლების ანთების ნებას მხოლოდ ებრაელთა კერძო სახლებში და სინაგოგებში იძლევა. საქართელოში ანტისემიტიზმი არ არსებობს და არც მომხდარ ინციდენტშია ანტისემიტიზმის ელემენტები, რადგან პროტესტი არა ებრაელი ხალხის, არამედ რელიგიური შუღლის მაპროვოცირებელი მოვლენის წინააღმდეგ იყო მიმართული.

- ეს ინციდენტი ხომ არ გამოიწვევს ქართულ-ებრაული ურთიერთობების დაძაბვას?

- ვფიქრობ, რომ არა, რადგნ მე მყავს რამდენიმე ებრაელი ჩემს მრევლშიც. ჩვენ ებრაელ ხალხთან არ გვაქვს პრობლემა, უბრალოდ, მათ ეს არ უნდა გააკეთონ ქუჩაში და მით უფრო, მათ ხელს არ უნდა უწყობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და არ უნდა ულოცავდნენ. რას ულოცავენ?! ყელა იუდაისტური რელიგიური დღესასწაული დაკაშირებულია ქრისტეს უარყოფასთან, რაც ჩვენი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა. ებრაელები ამბობენ, რომ ჯერ მესია არ მოსულა და ქრისტეს ეძახიან მეძავის შვილს, განა არა?! ერთა შორის ცივილური ურთიერთობა და მშვიდობა ემყარება თანასწორუფლებიანობას კანონმდებლობის ფარგლებში, აგრეთვე იმ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის რწმენის პატივისცემას, რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობს ამა თუ იმ ეთნოსის წარმომადგენელი, მით უფრო ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, რომელმაც ებრაელებს ძმური სიყარული აჩვენა, გაუღო კარი, გაუთბო გული და მისცა მათ განვითარების საშუალება. ვინმესგან ქართველთა დადანაშაულება ქსენოფობიაში არის უმადურობა და ისტორიული დანაშაული.

- ამ ლოგიკით ყველა ის რელიგიაც შეურაცხმყოფელია, რომელიც არ აღიარებს ქრისტეს, როგორც მესიას და ღმერთს და მაშინ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც ყველას პრეზიდენტია, არ უნდა მიულოცოს მათ დღესასწაული?

- მე ფიქრობ უფრო საერო დღესასწაული მიულოცოს ამა თუ იმ ტომის წარმომადგენლებს საქართელოში და არა რელიგიური, თუ ასე არ გააკეთებს, ანალოგიურად მოვთხოვთ პასუხს მასაც. თუ შენ ქრისტიანი ხარ, ქრისტიანულად მიუდექი ასეთ საკითხებს, მიულოცე ერონული დღესასწაულები, რა შუაშია რელიგიური დღესასწაულების მილოცვა?! თუ ამომრჩევლის გამო აკეთებს ამას, მისი ძირითადი ამომრჩეველი მართლმადიდებლები არიან. დიდი სჯულის კანონი მკაცრად სჯის იუდეველბთან ერთად თანაქმედებას. მოციქულთა 71-ე კანონში პირდაპირ წერია, რომ თუ ვინმემ მონაწილეობა მიიღო იუდეველთა რიტუალში (ან ზეთი მიიღოს ან სანთელი აანთოს) დაისაჯოს უზიარებლობით. ეს არის სჯულის კანონის დამოკიდებულება ხანუქასთან დაკავშირებით.

- იმ ხალხს, ვინც მარგველაშვილს მოუწოდა, არ აენთო სანთელი, ჰქონდათ თუ არა კურთხევა და იყვნენ თუ არა იქ საკუთარი ინიციატივით მისული?

- რა თქმა უნდა, საკუთარი ინიციატივით იყვნენ მისული და თხოვდნენ პრეზიდენტს, ეს არ გაეკეთებინა. მე არ ვყოფილვარ იქ და როცა კადრები ვნახე, ეს იყო თხოვნა და არა მოწოდება.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)