"გადარჩენა და კვლავ სიცოცხლე ქართველი ერის განუმეორებელი თვისებაა" - კვირის პალიტრა

"გადარჩენა და კვლავ სიცოცხლე ქართველი ერის განუმეორებელი თვისებაა"

წელს "ოქროს პერგამენტი - 2009 წლის" დაჯილდოებამ წლის ადამიანად ჭაბუა ამირეჯიბი დაასახელა. თუმცა, უამისოდაც ბატონი ჭაბუა ქართველი ხალხისთვის უკვე რამდენი წელია წლის ადამიანია: როცა რამე აწუხებს ჩვენს ქვეყანას, როცა ემოცია პიკს აღწევს, როგორც სულიერი შვილები, ჭაბუა ამირეჯიბთან გავრბივართ და მის აზრს ვითხოვთ, მისი პოზიცია, მისი თვალსაწიერით დანახული სამშობლო  გვაინტერესებს... და ბატონი ჭაბუაც დინჯად გვიწერს და გვაწვდის ასე მნიშვნელოვან სიტყვებს...

- რამდენიმე დღეში 2009 წელს გასული წელი დაერქმევა, როგორი კვალი დატოვა ამ წელმა თქვენს მეხსიერებაში?

- არ მინდა პესიმიზმში ჩამომერთვას და მაინც მოგახსენებთ, - 2009 წელმა უბადრუკობის გრძნობა შემძინა ამ საკუთარი ერის სრულქმნილობით აღსავსე კაცს. ამ წელიწადში განმეორდა იგივე, რაც წინა წლებში ხდებოდა, დავრბივართ ხელში მაკრატლებით  და სხვისი სახსრებით დაარსებულ საწარმოებს ბაფთებს ვჭრით იმ შთაბეჭდილების მოსახდენად, რომ ვვითარდებით. სინამდვილეში კი, რაც გაგვაჩნდა ეროვნული საკუთრების სახით, ყველაფერი გავყიდეთ.

მეორე: როგორც წინა წლებში, ქართველთა რაოდენობა ემიგრაციისა და შობადობის შემცირების ხარჯზე სულ უფრო მცირდება და სრულ ლიკვიდაციამდე დაუოკებელი სისწრაფით მიილტვის. ასეთი კვალი დატოვა ჩემში 2009 წელმა.

- როგორი განწყობით ხვდებით ახალ წელს, ძველებურად იმედიანად?

- გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ქართველი ერის ისტორიის კარგი მცოდნე გახლავართ. ამიტომ ახალ წელს იმ იმედით ვეგებები, რომ ქართველი ერი "ფოკუსნიკობის" ღირსებით არის ღვთის ნებით აღჭურვილი. აბა, გაიხსენეთ შორეული თუ ახლო წარსული, როგორი ვითარებიდან ვართ თავდაღწეული. გადარჩენა და კვლავ სიცოცხლე ქართველი ერის განუმეორებელი თვისებაა. ვალდებული ვართ ყოველგვარ უბედურებას გავუძლოთ, მათ შორის, გარედან შემოგზავნილი ვირუსის მრავალსახეობასაც. ჩვენ ამას დავძლევთ. აი, აფხაზებისა რა მოგახსენოთ, მცირერიცხოვანი ერია და იქაურმა ვირუსობანამ შესაძლოა მეზობელი ერისთვის დაცალოს ის დალოცვილი მიწა-წყალი.

- ერთ დროს უმშვენიერესი ერი ვიყავით და ჩვენში მძლავრად ენთო "შინაგანი მზე", როგორც თქვენ ბრძანებთ: "ის, რაც მხოლოდ თვალით ან ყურით კი არ აღიქმება, არამედ რაღაც იდუმალი გზებით შემოდის სულში და გამდიდრებს" ("გორა მბორგალი"). ხომ არ დაიშრიტა ეს "შინაგანი მზე" ჩვენს თანამედროვეობაში?

- რას ბრძანებთ! ჩვენ მაგ "შინაგანი მზის" მწარმოებელი და გამავრცელებელი ერი ვართ. იმ მსოფლიო გზაჯვარედინს პატრონი სჭირდება, რაც ჩვენ ღმერთმა დაგვაკისრა. ღვთის ნებას ვერსად წავუვალთ, როგორი შინაგანი თუ გარეშე მტერიც უნდა მოგვივლინოს ეშმაკის ნებამ, თუკი შობადობის პრობლემას დავძლევთ.

P.S. თავი უნდა დავანებოთ მისი უწმინდესობის და ქართველთა მართლმადიდებლობის ჩხიკინს. გვიჯობს მის შეგონებებსა და რჩევებს მიჰყვებოდეს ჩვენი მამულის ხელმძღვანელობა და, რა თქმა უნდა, ყოველი ჩვენგანიც.

ბოლოს მინდა გითხრათ, ქუთაისში დივერსია უპირველეს ყოვლისა, იმ 350000 ქართველი მებრძოლის შეურაცხყოფაა, ვინც მსოფლიოს დაპყრობის განმზრახველებთან ბრძოლაში დადო თავი და მეორე მხრივ, ჩვენი სულიერების ასახვის დიდოსტატის, ბატონ მერაბ ბერძენიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაა. მისი ერთადერთი დანაშაული შეიძლება ის იყოს მხოლოდ, რომ სააკაშვილი არ გამოაქანდაკა. თბილისურად დავამთავრებ, - არა, რას ერჩიან ამ კეთილშობილ ბერიკაცს?!