გიორგი უშიკიშვილი: "მიხსნიდნენ, პირადად ღარიბაშვილის მოთხოვნაა, სამსახურიდან გაგანთავისუფლოთო" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

გიორგი უშიკიშვილი: "მიხსნიდნენ, პირადად ღარიბაშვილის მოთხოვნაა, სამსახურიდან გაგანთავისუფლოთო" (ექსკლუზივი)

"ანზორ ერქომაიშვილი ჯერ კიდევ ბავშვობიდან მებრძვის... რადგან დიდი რაოდენობით ვაზელინი არ მაქვს "

"ერქომაიშვილისთვის რატომ უნდა მეკითხა აზრი, როდესაც იქ ეთერ თათარაიძე მყავდა?!"

"ასე რომ, მეგობრებო, აღარ ვარ ფოლკლორის ცენტრის დირექტორი. მიუხედავად ბევრი მნიშველოვანი პროექტისა, გამათავისუფლა ბატონმა მინისტრმა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ წერილზე ხელის მოწერას თავი ავარიდე. ოღონდ აღსანიშნავია, რომ ხელი მხოლოდ იმიტომ ვერ მოვაწერე, რომ შებულებაში ვარ :))) აჰა, ასე აღადგინა სამართლიანობა ანზორ ერქომაიშვილმა. არაუშავს, ეს დასაწყისია დიდი ბრძოლის. მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის" - ეს სიტყვები გიორგი უშიკიშვილმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა…

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავად გიორგი უშიკიშვილი გვესაუბრა:

- გუშინ კულტურის სამინისტროდან იყო იურისტი ჩემთან, რომელმაც მითხრა რომ პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაა, ერქომაიშვილი უნდა მოაბრძანონ ფოლკლორის ცენტრის დირექტორადო... მიხსნიდნენ, პირადად ირაკლი ღარიბაშვილის მოთხოვნაა თქვენ სამსახურიდან გაგანთავისუფლოთო. თუ შენით დაწერ განცხადებას კარგი იქნება, თავიდან ავირიდებთ უხერხულობებს, თუ არა და, მაშინ რაღაც დებულებას შეგიცვლით, შეიძლება ფინანსურ პოლიციაშიც დაგიბარონ და შენ გაწყობს ესეთებიო? რა თქმა უნდა, ეს ადამიანი უარით გავისტუმრე. დღეს კი გამოჩნდა ასეთი აბსურდული ბრძანებულება, თითქოს თავი ავარიდე რაღაც დოკუმენტზე ხელი მომეწერა. არადა ხელს როგორ მოვაწერდი, როცა დღესაც კი შვებულებაში ვარ?! ამიტომაც ჩემმა მოადგილემ მოაწერა დოკუმენტს ხელი. მე მკურნალობას ვაპირებდი და ამის გამო უხელფასო შვებულება ავიღე. ცხვირის ოპერაციის გაკეთებას ვგეგმავდი თურქეთში. დოკუმენტზე ხელის არ მოწერა იყო მიზეზი თითქოსდა ჩემი განთავისუფლების, მაგრამ იქ სხვა მიზეზებია. დავწერე კიდეც,, ანზორ ერქომაიშვილმა ასე "აღადგინა სამართლიანობა" -მეთქი. ანზორ ერქომაიშვილი ჯერ კიდევ ბავშვობიდან მებრძვის.

- რატომ?

- ეს თაობებს შორის დაპირისპირებაა. იგი არ ეთანხმება ჩემ საქმიანობას. არ მოვწონვარ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, დიდი რაოდენობით ვაზელინი არ მაქვს. თავის დროზე მან დამიბარა და მითხრა, ქართულ ფოლკლორთან დაკავშირებით ყველა მეკითხება აზრს და შენ რას წარმოადგენ, საერთოდ არაფერს რომ არ მეკითხებიო?!... რატომ უნდა შევკითხვოდი აზრს, როდესაც მე ფოლკლორის ცენტრის დირექტორი ვიყავი და თავად ვიღებდი გადაწყვეტილებას?! ანზორ ერქომაიშვილისთვის რატომ უნდა მეკითხა აზრი, როდესაც იქ ეთერ თათარაიძე მყავდა?! ამიტომაც ამ კაცმა ყველაფერი გააკეთა ასე რომ მომხდარიყო და "სამართლიანობა აღედგინა". მე ვთვლი, რომ რაც მოხდა მათთვის არის ცუდი და ჩემთვის კარგი. მე უფრო მეტი დრო მექნება ჩემს შემოქმედებით საქმიანობას მივხედო და ხალხსაც დავანახო, თუ ვინ არის ეს ხალხი, რომლებიდანაც მოდის ყველა უბედურება, რაც ჩვენს სფეროში ტრიალებს.

- ხომ არ თვლით, რომ წინა მთავრობის ფავორიტი იყავით და ამიტომ მოხდა ყველაფერი?

- ანზორ ერქომაიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი იყო ოზურგეთში. მე თუ მებრძვიან, ეს რატომ აღარ გაითვალისწინეს?! შეიძლება ეგეც იყო ჩემთან დაკავშირებით მიზეზი, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ წინა მთავრობის კაცი ვიყავი. მე არც პოლიტიკოსი ვყოფილვარ, არც დეპუტატი, არც რამე თანამდებობის პირი. მე ვაკეთებ ჩემ საქმეს და თუ რომელიმე მთავრობა ხელს მიწყობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეც პოლიტიკოსი ვარ. მე არც ვინმეს მხარდასაჭერ მიტინგზე ვყოფილვარ და არც წავალ არასოდეს!

- ანუ მიიჩნევთ, რომ თქვენთან დაკავშირებით კანონი უხეშად დაარღვიეს...

- რა თქმა უნდა! შვებულებაში მყოფი ადამიანი გამათავისუფლეს ყოვლად აბსურდული, თითიდან გამოწოვილი მიზეზით. თქვენც ხომ ხვდებით, ეს რომ ნამდვილი მიზეზი არ იყო. უბრალოდ, ანზორ ერქომაიშვილმა "სამართლიანობა აღადგინა" პრემიერ-მინისტრის ენით. მომკალით და არ მჯერა, რომ ახლა ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის სცალია, ჩემი ბედი გადაეწყვიტა. ვიღაცეები სარგებლობენ ამ განუკითხაობით, იციან, რომ მე პრემიერ ღარიბაშვილთან ვერაფერს გადავამოწმებ.

”კვირის პალიტრა” უახლოეს ხანებში ანზორ ერქომაიშვილთან ინტერვიუსაც შემოგთავაზებთ.

მანანა გაბრიჭიძე (სპეცილურად საიტისთვის)