"უშიკიშვილი, უგუნურებმა ლამის "ერის მამად" რომ შერაცხეს, თვითმარქვია და არაპროფესიონალია!" - კვირის პალიტრა

"უშიკიშვილი, უგუნურებმა ლამის "ერის მამად" რომ შერაცხეს, თვითმარქვია და არაპროფესიონალია!"

"იკითხეთ ერთი, უშიკიშვილმა რამდენს გადაუღობა გზა!!!"

"კაცი, რომელსაც მადლიერების გრძობა არ გააჩნია. კაცი, რომელიც პედაგოგს, მის ფეხზე დამყენებელ ადამიანს გადათელავს"

გიორგი უშიკიშვილი ფოკლორის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს, თუმცა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი აუდიტორული შემოწმების შედგად გამოვლენილი ფინანსური დარღვევები გახდა. ფოლკლორული ცენტრის მართვის მიზნით შეიქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ახალ დირექტორს დაამტკიცებს. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანზორ ერქომაიშვილი იქნება. ერთ-ერთი, ვინც მომავალი დირექტორის კანდიდატურად დასახელდა, მომღერალი და ფოლკლორისტი თამრიკო ჭოხონელიძეა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ცენტრის ყოფილ დირექტორს გიორგი უშიკიშვილს წლების განმავლობაში აკრიტიკებდა.

თამრიკო ჭოხონელიძე:

- 9 წლის წინ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ხმა ავიმაღლე არსებული უზნეობის წინააღმდეგ, რაც მაშინ ბევრს გაუკვირდა. სავარაუდოდ, ბევრმა ისიც იფიქრა, - ვერ დაჯდება თავისთვის წყნარად ან ვერ იმღერებსო? მაგრამ საქმეში ღრმად რომ ჩაგეხედათ, ვერც თქვენ აიტანდით იმ დიდ უსამართლობას, რაც ხდებოდა და იმ დიდ საშიშროებას, რომლიც ჩვენი ხალხის უდიდეს მონაპოვარს – ქართულ ხალხურ შემოქმედებას ემუქრებოდა. მავანს გაუკვირდება ალბათ, რატომ მივიჩნევდი ასე, რადგან თითქოს ამდენს აკეთებდა ეს ადამიანი, უგუნურებმა ლამის "ერის მამად" რომ შერაცხეს. მაგრამ იცით კი, ეს რის ხარჯზე ხდებოდა? კეთილი ინებონ იმ ადამიანებმა, ვინც ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ და გაარკვიონ საზოგადოება იმაში, რასაც ქართული კულტურის ეს "გადამრჩენელი" სჩადიოდა. ახლა მე მივმართავ ყველა მათგანს: ხმა ამოიღეთ და თქვით, რატომ არ შეიძლებოდა ამდენი ხნის განმავლობაში მთელი სისტემის მონოპოლიზება მოეხდინა ადამიანს, რომელსაც უბრალოდ მადლიერების გრძობა არ გააჩნია. კაცი, რომელიც პედაგოგს, მის ფეხზე დამყენებელ ადამიანს ისე გადათელავს, უკან არ მოიხედავს, არადა, უკან მოსახედი სწორედ ამ ადამიანთან მიმართებაში აქვს. დღეს კი უშიკიშვილი უტიფრად აცხადებს, რომ თურმე მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობის გამო მომხდარა დაპირისპირება და მეტი არაფერი, არადა, საზოგადოებამ ხომ კარგად იცის, ბოლო ათი წლის განმავლობაში რა სიტყვებით ლანძღავდა თავის პედაგოგს (იგულისხმება ანზორ ერქომაიშვილი. - ნ.დ.).

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნუთუ ქართველი ხალხის დაცინვა არ არის ის, რომ თურმე მხოლოდ 2004 წლიდან დაწყებულა ქართულ ფოლკლორზე ზრუნვა. ცხადია, ეს ასე არ არის! ქართული სიმღერა ჯერ ქართველი ხალხის ზეპირმა მეხსიერებამ შემოინახა, ხოლო მისი ნოტებზე გადატანა და მეცნიერული შესწავლა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო, ხმის ფიქსაცია კი - 1901 წლიდან. წლებია მიმდინარეობს მიზანმიმართული პიარკამპანია ერთი ადამიანის - გიორგი უშიკიშვილის ხელოვნურად წინ წამოწევის მიზნით. გახსოვთ ალბათ, "რუსთავი 2" ერთი პერიოდი მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ ფიანდაზები გაეგო უშიკიშვილის მსგავსი თვითმარქვიებისა და მიმთვისებლებისთვის. უდიდესი ქართული საგანძურის სადავეები ხელში ამ საქმის არაპროფესიონალს ეჭირა. ჰკითხეთ, კომპეტენტურ ადამიანებს უშიკიშვილის ფოლკლორისტობის შესახებ… უშიკიშვილი ფოლკლორისტი არ არის. თანაც გიორგი უშიკიშვილი ამ "საერო საქმეების" კეთებაში მარტო არ იყო. დღეს სხვათა გვარ-სახელები ჯერჯერობით დამალულია. როგროც იტყვიან, ყველაფერი ამ ერთ კაცზე გადატეხეს, თუმცა ვიმედოვნებ, გამოძიება ყველაფერს გაარკვევს.

- ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე უკვე დასახელდა რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის თქვენიც…

- დიახ, მეც მოვისმინე, რამაც სიმართლე გითხრათ, გამაკვირვა და გამაბრაზა კიდეც. იმ ხალხმა, ვისაც ხელეწიფება ამ თანამდებობაზე კანდიდატურების წამოაყენება, ჩემგან კატეგორიული უარი დიდი ხნის წინ მიიღეს. ყოველგვარი ხელოვნური თავმდაბლობის გარეშე მინდა განვაცხადო, - ღრმად მწამს, რომ ჩემზე ბევრად კომპეტენტური ადამიანები არიან საჭირო ამ საქმეში.

- საინტერესოა, რას ფოქრობთ იმათზე, ვინც დასახელდა დირექტორების, სავარაუდო, კანდიდატურებად?

- აღფრთოვანებულიც კი ვარ იმ ადამიანებით, ვინც დაასახელს. ესენი არიან: გია ბაღაშვილი, დათო ცინცაძე და გიორგი დონაძე, ჩემთვის სამივე, უპირველეს ყოვლისა, ღირსეული ქართველი ახალგაზრდები არიან, თანაც ამ საქმის კარგი მცოდნე პროფესიონალები. სხვათა შორის, წაქცეულს არ ურტყამენო ნათქვამია, მაგრამ ამ ახალგაზრდებთან მიმართებაში ერთი რამ გამახსენდა. იკითხეთ ერთი, უშიკიშვილმა და მისმა გუნდმა რამდენ ახალგაზრდას გადაუღობა გზა, რამდენის ექსპედიცია ჩაშალა, მაგათ ძალისხმევით რამდენს შეუწყვიტეს დაფინანსება კერძო სექტორიდან… ახლა, მინდა, ვისარგებლო შემთხევევით და იმათ, ვინც დასახელებულები იყვნენ კანდიდატებად, მადლობა ვუთხრა მათი უანგარო თავდადებული საქმეებისთვის. გია ბაღაშვილი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორია, 4 უცხოურ ენაზე გამართულად საუბრობს, ძალიან გამოცდილია სამენეჯერო სფეროშიც და რაც მთავარია, ღირსეული ქართველი კაცია. აღსანიშნავია, რომ სამების საკათედრო გუნდში გალობენ გიორგი დონაძეც და დათო ცინცაძეც. გიორგიმ თავისი შრომით მიაღწია იმას, რომ ანსამბლი "ბასიანი" რამდენიმე თვის წინ დამსახურებულად სახელმწიფო ანსამბლი გახდა. არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ არაერთ უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. თუმცა მათ საქმიანობას ფოლკლორის ცენტრიდან არანაირი ყურადღება არ ჰქონია. ამაყი ვარ, რომ ასევე არსებობს ანსამბლი "შავნაბადა", რომელსაც დათო ცინცაძე ხელმძღვანელობს. ისიც ერთ-ერთია დასახელებულ კანდიდატურათაგან და მე მივიჩნევ, რომ სრულიად ღირსეულადაც!

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)

პ.ს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სამშაბათს ფოლკლორიც ცენტრის ახალი დირექტორის ვინაობა ყველასთვის ცნობილი გახდება, დიდი ალბათობით, ეს ანსამბლ "ბასიანის" ხელმძღვანელი გიორგი დონაძე იქნება, რომელაც საპატრიარქო უჭერს მხარს, თუმცა კარგი იქნებოდა, თუ ამგვარ საკითხებს სპეციალისტები გადაწყვეტდნენ.