გაბრიელაშვილების ტრაგედია - ლეიკემიით დავადებულ 22 წლის მამას 3 წლის ქალიშვილი ჰყავს დონორად - კვირის პალიტრა

გაბრიელაშვილების ტრაგედია - ლეიკემიით დავადებულ 22 წლის მამას 3 წლის ქალიშვილი ჰყავს დონორად

ბავშვობიდან ერთი მოგონება ჩამრჩა, - მამა გარდაცვლილ დედას იგონებდა და უეცრად თვალები ცრემლით აევსო. ეს რომ დავინახე, მამას გიჟივით მივვარდი, - არ იტირო-მეთქი. რადგან მეგონა, თუ მამა ატირდებოდა, დაინგრეოდა ყველაფერი, რაშიც ძალას და იმედს ვხედავდი.

როცა ამ მასალას ვამზადებდი, ჩემს წინ უბედური მამა ერთი საათი ტიროდა. შევყურებდი და ხელები მიცახცახებდა, წერას ვერ ვახერხებდი. თუმცა ამ უბედურებას რა ჩაწერა უნდოდა, საუბედუროდ ასეთი ტრაგედიები გონებაში სამარადისოდ რჩება. ვუთხარი, - ასე ცუდად რომ ხართ, იქნებ სხვა დროს მოსულიყავით, ანდა ინტერვიუ ტელეფონით ჩაგვეწერა-მეთქი და, - რას ამბობთ, დრო არ მიცდის და ვერც ბინიდან დაგელაპარაკებით, რადგან მთელი ოჯახი ”ხრუშოვკის” ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობთ და ჩემს შვილთან ავტირდებოდიო. მერე ჯიბიდან ლეიკემიით მძიმედ დაავადებული შვილისა და სამი წლის შვილიშვილის ფოტო ამოიღო: - აი ჩემი ერთადერთი შვილია, მომიკვდება, თუ ოპერაცია არ გავუკეთე; ჩემი სამი წლის შვილიშვილი, ანასტასია, მამის დონორია ძვლის ტვინის გადანერგვაშიო. მერე გააგრძელა. ახლა ჩემი ავთო 22 წლის არის, მე ამ ასაკში მამაჩემი დავმარხე, ის კიო... და... გაჩუმდა, - წინადადების დამთავრების შეეშინდა. ამის მეც შემეშინდა. თუმცა შეუძლებელია ადამიანთან მხოლოდ შიში იყოს, ვახტანგ გაბრიელაშვილს იმედიც დარჩა, - თუ საკმარისი თანხა მოაგროვა, მისი შვილი იცოცხლებს...

ვახტანგ გაბრიელაშვილი:

- რა ვთქვა, მას შემდეგ ვარ მკვდარი, რაც ექიმმა შვილის დიაგნოზი გამომიტანა - ლეიკემია აქვსო. ვის ავუხსნი, - ბედმა ერთი შვილი მაღირსა, ისიც შვიდი წლის ლოდინის შემდეგ და ახლა საკუთარი თვალით შევყურებ, როგორ ილევა. რატომ დამსაჯა ბედმა? ცხოვრებამ ბევრი სიმწარე მარგუნა, მაგრამ ვივიწყებდი, რადგან კარგი შვილი მყავდა, - ძლიერი და ნიჭიერი, შვილის ქება გამომდის, მაგრამ კაცმა რომ 5 ენა საკუთარი ენასავით იცის, როგორ არ ვთქვა, ნიჭიერია-მეთქი! ბოლოს იმის იმედიც გაგვიჩნდა, ადამიანური ჭერი გვეღირსებოდა, ჩემი მეუღლე გადაიხვეწა იტალიაში, -  ნასესხები ფულით წავიდა და ისევ ნასესხები ფულით ჩამოვიყვანე ის უბედური. სიმართლესაც ვერ ვეუბნებოდი, - 22 წლის ბიჭი რომ იმას გეტყვის, მამა მიშველე, ფეხზე ვეღარ ვდგებიო, რა ჭკუაზე უნდა ვყოფილიყავი, მარტო იმას გავიძახოდი, - აქ აუცილებლად ჩამოდი, გვჭირდები-მეთქი. გულმა უგრძნო და, - აბა, ჩემი შვილი დამალაპარაკეო. ავთომ რომ უთხრა, - დე, მჭირდებიო, მეორე დღესვე ჩამოვიდა. უბედურება დავახვედრე, - ავთოს სისხლის საღი უჯრედების 86 პროცენტი მკვდარი ჰქონდა. ეს შარშან იყო. მას შემდეგ ქვეყანა შევძარი და თურქეთში წავიყვანე სამკურნალოდ. ახალგაზრდა ორგანიზმი სწრაფად წამოვიდა უკეთესობისაკენ. ისე, რომ ექიმებს ეგონათ, ოპერაცია აღარც დაჭირდება, გამოჯანმრთელდაო. ძალიან უხაროდათ. ახლა ჩაგვიკვდა ეს იმედი... როცა დავბრუნდით, დაავადება იმდენად გართულდა, ოპერაციის გარდა აღარაფერი უშველის. მაგრამ ფული საიდან უნდა მოვიტანო, რა სახსრებით? სადაც მივედი და ვისაც ვთხოვე, არ გვაქვს, არ გვაქვსო, გაიძახიან... მოვდივარ სახლში, მომაქვს ეს საშინელი ტვირთი, მხვდება ჩემი შვილის მომლოდინე თვალები და სიკვდილი მინდა. დაცარიელდა ჩემთვის სამყარო, გამწარდა. არ ვიცი, როგორ დამემართა,მაგრამ მორიგ უარზე იმ ბიზნესმენიდან გამოსულმა, რომელთანაც ერთად ვჭიდაობდი და რომელმაც დახმარებაზე უარი მითხრა, ლექსი დავწერე, - დაე, თქვენ მოგისაჯოთ ღმერთმა იმის ყურება, როგორ ამოსდის თქვენს ცოლ-შვილს სული-მეთქი... მერე ცუდად გავხდი და ის ფურცელი დავხიე, ეს რამ მომაფიქრა?!

- სანამ ამ ფულს შეაგროვებთ, რას აკეთებთ, როგორ ცხოვრობთ, რა ძალები გაძლებინებთ?

- როგორ ვძლებთ? სულ ახლახან გამოვედით ონკოლოგიური სავადმყოფოს პალეატიური განყოფილებიდან, სადაც დღეში 3-4 კაცი კვდება. ამდენ სიკვდილს ვერ გავუძელით და წამოვედით. არადა, ავთოს ისეთი ტკივილები აქვს, საავადმყოფოში წოლა სჭირდება. წამოიღო იქედან ჩემმა შვილმა ბოლო ანალიზები და მკითხა - მამა, ახლა რაღა ვქნათო? მე ვერაფერი ვუპასუხე. იმდენი რამ იცის თავის ავადმყოფობაზე, ექიმებიც ვეღარ ატყუებენ. ბოლო ანალიზებზე სისხლში ერითროციტები ჰქონდა დავარდნილი. მიხვდა, - ახლა ბლასტები მექნება გაზრდილიო. ეს ბლასტები სისხლს ჭამს.

- არ ეუბნებით, რომ აუცილებლდ იმედი უნდა შეინარჩუნო, რომ ოპერაციამდე მიხვიდეო?.

- აქეთ მეუბნება ამას. როცა თვალებს მარიდებს, მაშინ ვხვდები, რომ ეს იმედი ეკარგება და არ უნდა, ეს დამანახვოს. სანამ ავად გახდებოდა, სულ მეჭიდავებოდა ხოლმე და ბეჭებზე მდებდა. ახლაც შევუძახებ ხოლმე, - თუ ბიჭი ხარ, დამეჭიდე-მეთქი. აქამდე იმას მაინც მეუბნეოდა, - კარგიო. ამ ბოლოს კი მითხრა, - კარგი, რა მამა, ეგ სიტყვები ისე მითხარი, თვალებში მიყურეო... ვერ ვუყურებ თვალებში. რა ვქნა... რა გავაკეთო? ჩვენი ერთადერთი იმედი ის არის, რომ ქვეყნად რომ არავინ გვყავდა, თურქეთიდან მოგვწერეს, დონორად შეგიძლიათ პაციენტის სამი წლის ქალიშვილი იყოსო. მაშინ ვიფიქრეთ, იქნებ ღმერთს სულ გაწირული არ ვყავართ-მეთქი.

- ანასტასიას არაფერი ევნება?

- ეს ტრაგედიაა, არა? ვიცით, რომ ტრაგედიაა, მაგრამ სასწაულიც ხომ არის, - ერთი წამით რომ ეჭვი გვეპარებოდეს, ამ დონორობით ანასტასიას რაიმე დაუშავდება, თავს მოვიკლავ, მაგრამ ამის 0 პროცენტი არ არსებობს. გვითხრეს, ბავშვის ტვინი ძალიან სწრაფად აღდგებაო. მაგრამ იქამდე თუ ვერ მივედით...

... უბედურ მამას ვერაფერი ვუპასუხე. თუმცა ავადმყოფი შვილის ანგარიში გამოვართვი, - ჩვენ ხომ ყოველთვის ვარ სასწაულის მოწმენი და ჩამდენნი, თუმცა ზოგჯერ ვერც ვხვდებით რომ სასწაულს ჩავდივართ. ჩემთვის სასწაული ის არის რომ ჩვენმა მკითხველმა უამრავი ადამიანი გამოგლიჯა სიკვდილს. ახლაც ამის იმედი მაქვს და ამ იმედის არ მრცხვენია, - მრავალჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, - იმქვეყნად არაფერი არ მიგვაქვს, გარდა ჩვენი სიკეთისა და არც ჩვენს შვილებს გააჩნია უფრო უკეთესი საგზური ცხოვრების გზაზე.

რედაქცია: ანგარიშის ნომერი გასწორდა!

Account With Institution: Bank of Georgia, SWIft: BAGAGE22; 29a Gagarin street, Tbilisi 0160, Georgia

Intermediary Bank: Citibank N. A; Nev York, Usa; SWIFT: CITIUS33

Beneficiary: GABRIELASHVILI  AVTANDIL

Account GE96BG0000000327325000

Tel(995) 2444 444

ვახტანგ გაბრიელაშვილის საკონტაქტო ნომერია: 577464699

ეთერ ერაძე