"კარტი ცოდვაა, ამიტომ გავაუქმეთ" - jok.ge-მ ფუნქციონირება შეწყვიტა - კვირის პალიტრა

"კარტი ცოდვაა, ამიტომ გავაუქმეთ" - jok.ge-მ ფუნქციონირება შეწყვიტა

"ახლა რაცაა პორტალზე, ის ცოდვა არ არის, ჩვეულებრივი თამაშებია"

"ბანქოს ჯვრის შედარება რელიგიურ ჯვართან სრული სიბნელე და უმეცრებაა"

"ეს ირანიზაციისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია"

ცოტა ხნის წინ ინტერნეტ გვერდმა jok.ge -მ (სადაც მსურველს შეეძლო ,უფასოდ ეთამაშა ჯოკერი და სხვა თამაშები), ფუნქციონირება შეწყვიტა. საიტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით, ამის მიზეზი რელიგიური მოტივაცია გახდა, რადგან ბანქოს სიმბოლოები რელიგიას აყენებს შეურაცხყოფას. ამ თემაზე კომენტარი jok.ge- ს ერთ-ერთ ადმინისტრატორს ეზიკ ზიბზიბაძეს ვთხოვეთ:

- კარტი ცოდვაა, ამიტომ გავაუქმეთ ჯოკერი და სხვა თამაშები. თვითონ საიტი არ გაუქმებულა, ახალ მისამართზე გადავიდა - jok.io.

- ეს თქვენი გადაწყვეტილება იყო, თუ ვინმემ გირჩიათ?

- თავს შევიკავებ ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარისგან. პორტალი განაგრძობს განვითარებას, კარტის გარეშე. ეს გადაწყვეტილება ჩვენგან მოდიოდა, ინიციატორი ვინმე სხვა არ ყოფილა.

- ამ გადაწყვეტილებით ალბათ, დაკარგეთ ბევრი მომხმარებელი და გიღირდათ ეს ყველაფერი ამად?

-მომხმარებლების დაკარგვას რაც შეეხება, მზად ვიყავით ამისთვის, თუმცა ვფიქრობთ, რომ დროთა განმავლობაში ისევ დაგვიბრუნდება ძველი მომხმარებელი და ახლებსაც შემოვიმატებთ.

- თუ რელიგიური კუთხით მივუდგებით, ის თამაშებიც ცოდვაა, რომელიც ახლა თქვენს საიტზეა, რადგან ისიც გასართობია...

-ახლა რაცაა პორტალზე, ის ცოდვა არ არის, ჩვეულებრივი თამაშებია.

მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, მისგან მეტი ინფორმაციის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა.

ამ თემაზე საკუთარი მოსაზრების გამოთქმა მოაზროვენთა ელიტარული კლუბის წევრმა, ირაკლი ბაკურიძემ ისურვა. (ბატონი ირაკლი "რა? სად? როდის?" ბევრ მოთამაშეთა მსგავსად პოკერის თამაშის მოყვარულია) :

- თუ საიტის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება ვინმეს ზეწოლით მიიღო, ეს არის ძალიან უხეში ჩარევა პიროვნულ თავისუფლებაში. ცივილიზებულ სამყაროში ყველგან თამაშობენ ბანქოს და ამის ფონზე, საიტის ადმინისტრაციის მხრიდან რელიგიური მოსაზრებების გამო თამაშის გაუქმება სრული სიბნელეა. ასეთი საიტების არსებობა არავის არაფერს უშავებს. ჩემი აზრით, ეს ქმედება ირანიზაციისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია, ამით ჩვენ ვშორდებით იმ ყველა მონაპოვარს, რაც მოგვცა უახლოესმა ისტორიამ. მგონი დამთავრდა შუა საუკუნეები და აღარ უნდა ვიყოთ იმ ბნელი აზროვნების ქვეშ მოქცეული, როცა ვიღაცეები ყოვლად უწყინარ საქმიანობაში არარსებულ საფრთხეებს ხედავდნენ.

- ერთიცაა: ეს იყო სრულიად უფასო საიტი, ვინც ამ საიტს სტუმრობდა, ხომ არ გახდება ფასიანი საიტების მომხმარებელი? ხომ არ გვაქვს საქმე ერთგვარ მაქინაციასთან და არასასურველი კონკურენტის ჩამოშორებასთან ფასიანი საიტების მხრიდან?

- უმეტეს შემთხვევაში სწორედ ასე ხდება. შეიძლება ამ საიტის ზოგმა მომხმარებელმა საერთოდ დაანებოს თამაშს თავი, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს (სხვა თამაშებთან დამოკიდებულებაშიც), რომ თუ უფასო თამაში არ იქნება, მომხარებელი ფასიან თამაშს არჩევს. ეს კი ადამიანების ჯიბესაც დაეტყობა და გაცილებით ცუდ შედეგს მოიტანს რელიგიის კუთხითაც. ბევრი, ვისაც უბრალოდ დრო გაყავს და გასართობად სტუმრობს ასეთ უფასო საიტებს, როცა ასეთი აღარ იარსებებს, უკვე ალტერნატივის დაიწყებს და შეიძლება ბევრად ცუდი შედეგი მივიღოთ.

- გარდა ჯოკ.ჯი-სა, ბევრი სხვა, ფასიანი საიტი არსებობს, სადაც ბანქოს უამრავი ნაირსახეობის თამაშია შესაძლებელი, რატომ არავის მოსდის თავში ამ საიტების გაუქმება...

- მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვიღაც ლობირებს ფასიან საიტებს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს იყო დაუფიქრებელი ნაბიჯი იმათი მხრიდანაც, ვინც ამ საიტზე ჯოკრის თამაში გაუქმება მოითხოვა და აგრეთვე საიტის ადმინისტრაციის მხრიდანაც

- ამ მოსაზრების მომხრეები აცხადებენ, რომ ბანქოს ნიშნები დაკავშირებულია რელიგიურ სიმბოლოებთან...

- ჯვარს ამ სიმბოლოს ვეძახით მხოლოდ ქართულ ენაში, თორემ მაგ. ინგლისურად ამ სიმბოლოს "club" (კვერთხი) ჰქვია. სიმბოლოებს რელიგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს, იმიტომ რომ იმ ეპოქაში, როდესაც ჩამოყალიბდა ბანქო, მისი ნიშნები დაკავშირებული იყო არა რელიგიასთან, არამედ რეგალიებთან და აღნიშნავდა ადამიანების კონკრეტულ ჯგუფს (ძირითადად მაღალი იერარქიის პირებს). ბანქოს ჯვრის შედარება რელიგიურ ჯვართან სრული სიბნელე და უმეცრებაა. მარტო ქართველები როდი ვართ ის ხალხი, ვინც აქცევს სიმბოლოებს ყურადღებას და ვინც იცავს თავის რწმენას. სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც არსებობს ბანქო და ძალიან უწყინარ გასართობად მიიჩნევა. მე პირადად, ვცდილობ ვიყო მორწმუნე ადამიანი, მაგრამ არ შემიძლია სერიოზულ არგუმენტად მივიღო, რომ თურმე ბანქოს თამაშით ჩვენ რელიგიას ვაყენებთ შეურაცხყოფას.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)