გიორგი შენგელაია: "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს ეპისტოლე პატრიარქის დაწერილი არ არის!" - კვირის პალიტრა

გიორგი შენგელაია: "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს ეპისტოლე პატრიარქის დაწერილი არ არის!"

"ეს ლაფსუსებით სავსე წერილი სინოდის, პატრიარქის გარემოცვის დაწერილია"

"ეკლესიაში იარონ, ილოცონ და ბავშვი დაიბადებაო?! მუსკომედიის თეატრის დონეზე ჩამოვედით?"

"ჩვენი ეკლესია მეცნიერებას უპირისპირდება"

"ამ გამოხდომებმა ჩიხში შეიყვანა ჩვენი ეკლესია, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ!"

"ეპისტოლეში გაჟღერებულმა ფრაზებმა სრულიად სამართლიანად გამოიწვია ხალხის აღშფოთება."

"ეკლესიაში იარონ, ილოცონ და ბავშვი დაიბადებაო?! მუსკომედიის თეატრის დონეზე ჩამოვედით? ჩემი ეს სიტყვები აუცილებლად დაწერეთ! როცა ასე ამბობენ, ეს მუსკომედიის დონეა და მეტი არაფერი!.. ამბობს ცნობილი რეჟისორი - გიორგი შენგელაია, რომელიც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს მკაცრად გამოეხმაურა.

- როდესაც ეპისტოლეს ვისმენდი, გამიკვირდა, თუ რატომ არ ახმოვანებდა თავად პატრიარქი, მაგრამ მერე ჩავთვალე, რომ შეუძლოდ იყო. გაზეთში გამოქვეყნებული ეპისტოლე რომ წავიკითხე, მაშინ კი მივხვდი, რომ ეპისტოლესთან პატრიარქს არანაირი საერთო არ აქვს. ეპისტოლეში გაჟღერებულმა ფრაზებმა სრულიად სამართლიანად გამოიწვია ხალხის აღშფოთება. თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს ეპისტოლე პატრიარქს არ ეკუთვნოდა. არ ვიც,ი რა მიზეზი იყო, რა მოხდა, მაგრამ პატრიარქის სტილი და ხელწერა ნამდვილად არ არის ის, რამაც ასე გაგვაოგნა. ლაფსუსებით სავსეა ეს წერილი და ვინც გულდასმით წაიკითხავს, დამეთანხმება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სინოდის, პატრიარქის გარემოცვას რასაც ეძახიან, სწორედ მათი დაწერილია ეს ეპისტოლე. მე დიდი ხანია მათ ქცევას ვხედავ და ყველაფერი ვიცი, მაგრამ ახლა უკიდურესად და საყოველთაოდ გამოამჟღავნეს თავი. ადრეც ერეოდნენ ისეთ საკითხებში, რაც მათი საქმე არ იყო. მოინდომეს სახელმწიფო სახელმწიფოში... ებრაელები ქალაქის ცენტრში რომ ხანუკას დღესასწაულს აღნიშნავდნენ (ცოტა ხნით იყვნენ თავისუფლების მოედანზე, იქ სინაგოგას ხომ არ აშენებდნენ?!) იქ ხალხი მიცვივდა და ერთი ამბავი ატეხეს. ის ხალხი ზუსტად იმათ ჭკუაზე მავალია, ვინც ეს ეპისტოლე დაწერა. სულ დაავიწყდათ, რომ ქრისტე ხმარობს ებრაელთა ციტატებს, ქრისტე თავადაც რომ ებრაელი იყო და ასე შემდეგ... იდენტურია საპატრიარქოს მაშინდელი გამოხდომები და დღევანდელი ტექსტი, რასაც მე და თქვენ განვიხილავთ.. სწორედ ამ გამოხდომებმა ჩიხში მიიყვანა ჩვენი ეკლესია და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ!

- თქვენ ამბობთ, რომ ეპისტოლეში კიდევ უარესი ლაფსუსები აღმოაჩინეთ...

- დიახ! ეპისტოლეში ერთგან არის ასეთი პასაჟი, ევროკავშირში რომ შევიდეთ, ეს ძალიან კარგიაო. აბსოლუტურად ანგარებით ჩაწერილი სიტყვებია. თუ საქართველოში ხელოვნური განაყოფიერება უნდა აიკრძალოს, გამოდის, სწორედ ევროპის, ტექნიკისა და პროგრესის წინააღმდეგ ილაშქრებენ და მაშინ არ უნდა შევიდნენ ევროკავშირშიც. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში მიღებულია კანონი ხელოვნური განაყოფიერების შესახებ.

- ერთ-ერთმა საეკლესიო პირმა ბრძანა, უშვილო წყვილებმა ეკლესიაში უნდა იარონ, ილოცონ, არსებობს სასწაულთმოქმედი ხატი და აუცილებლად დაეხმარებათო..

- აჰა, ეკლესიაში იარონ, ილოცონ და ბავშვი დაიბადებაო?! მუსკომედიის თეატრის დონეზე ჩამოვედით? ჩემი ეს სიტყვები აუცილებლად დაწერეთ! როცა ასე ამბობენ, ეს მუსკომედიის დონეა და მეტი არაფერი!... აი რას წერენ ეპისტოლეში - პრობლემატურები იქნებიან ის ბავშვები, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერების გზით დაიბადნენ. მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდაო... ეს არის აბსოლუტური არაკომპეტუნტურობა. ამაზე უპასუხა მათ პროფესორმა ხომასურიძემ, რომ არანაირი ემბრიონი არ ნადგურდობა. ამიტომ აბსურდზე აღარ დავიწყებ საუბარს! ჩვენი ეკლესია მეცნიერებას უპირისპირდება. ამას ხაზგასმით ვამბობ. და რატომ? როცა სულ სხვაგვარადაა ბევრ ქვეყნებში ვითარება. სრულებით არ იცვლება რელიგიის შინაარსი. რელიგია მოდის ქრისტედან. მე სახარება განგებ გადავიკითხე კიდევ (მართალია, მაშინ მედიცინაში ხელოვნური განაყოფიერება არ არსებობდა) მაგრამ იქ წერია გარკვევით - არა ადამიანი შაბათისთვის, არამედ შაბათი ადამიანისთვის... შაბათს ქრისტე და მისი მოწაფეები ყანაში მუშაობდნენ, კრეფდნენ მარცვლებს, რომ ეჭამათ. მშივრები იყვნენ და იმიტომ. გამოიარეს ებრაელმა მღვდლებმა და უთხრეს, არ იცით შაბათს რომ მუშაობა არ შეიძლებაო?! ვიღაც მდაბიომ და ათეისტმა კი არა, თვით ქრისტემ უპასუხა ის სიტყვები, რაც ზემოთ მოგახსენეთ შაბათზე. თუ წყვილს შვილი არ ჰყავთ და უბედურები არიან, მათ მეცნიერება დაეხმარათ და წყვილმა ამით "დაარღვიეს შაბათი", რა არის ამაში ცუდი?! ქრისტეს ეს სიტყვები შაბათზე სხვას კი არაფერს ნიშნავს! ეპისტოლეს დამწერებს მოვუწოდებ ჩაიწერონ თავიანთ გულებში! მე კი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეპისტოლე პატრიარქის დაწერილი არ არის!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)