ნინელი ჭანკვეტაძე: "შვილი 18 წელი არ მყავდა და ღვთის ნებას ვიყავი მინდობილი" - კვირის პალიტრა

ნინელი ჭანკვეტაძე: "შვილი 18 წელი არ მყავდა და ღვთის ნებას ვიყავი მინდობილი"

"ყველას შევახსენებ, რომ ეს ეპისტოლე ეხება იმ ადამიანებს, ვინც თავის თავს თვლის იმ დიდი მრევლის ნაწილად, რომლის სულიერი მამაც არის ჩვენი უწმიდესი და უნეტარესი. სხვები ნუ ღელავენ. ეს სიტყვები მნიშვნელოვანია იმ ხალხისთვის, რომლებსაც სურთ პატრიარქის სიტყვები გაიხადონ თავიანთი ცხოვრების წესად. ვინც ღელავს, მათთვის არც არის ეს სიტყვები დაწერილი" - ამბობს ცნობილი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, რომელიც უშვილო წყვილებს მოთმინებას ურჩევს.

- ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ, რადგან დღევანდელმა ვითარებამ საჭიროდ მოიტანა, გეტყვით, რომ 18 წელი არ მყავდა შვილი. მე და ჩემი მეუღლე ღმერთის ნებას ვიყავით მინდობილი, თუ იქნებოდა ღვთის ნება, შვილი მოგვეცემოდა, თუ არადა არა... როცა ანა გამიჩნდა, ბევრი მოარული ჭორები იყო. მაშინ რაღაც ჯანდარა იყო მოდაში და ამბობდნენ, რომ ამის შედეგი იყო, შვილი რომ შემეძინა. ყველას ვეუნებოდი, ჯანდარა და ჯანდაბა რომ მდომოდა უფრო ადრე მივმართავდი და 18 წელი არ დავიცდიდი-მეთქი. ჩემი მოკრძალებული მოსაზრება მაქვს უშვილო ქალებთან დაკავშირებით და მსურს მკითხველსაც გავანდო. მე ვიცი ყველა ქალს რომ სურს შვილი, სხვანაირად ქალი სრულფასოვნად ვერ გრძნობს თავს, მაგრამ ყველას მოკრძალებით ვურჩევდი, ღვთის ნებას მიენდონ. თუ შვილი მიეცემათ ხომ კარგი, თუ არადა უშვილობის ტკივილი უნდა ატარონ. შეუძლიათ, დაეხმარონ იმ ბავშვებს, ვინც უკვე გაჩნდნენ, მაგრამ მზრუნველობა აკლიათ. შეუძლიათ, ასეთი ბავშვები იშვილონ... სხვა ბევრი გამოსავალიც არსებობს.

- საშობაო ეპისტოლემ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია..

- მსურს მოკლედ შევეხო პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს... მე ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად ვუყურებ. ეს არის გარკვეულ ადამიანთა ჯგუფის ამბიცია, რომლებმაც პატრიარქის ავტორიტეტი წლების მანძილზე ვერ მოინელეს. სხვანაირად ჩემთვის ეჭვს ბადებს, როგორ შეიძლებოდა გამთენიისას წაკითხულ ეპისტოლეს რამდენიმე საათში ამხელა ამბავი მოჰყოლოდა... ყველას შევახსენებ, რომ ეს ეპისტოლე ეხება იმ ადამიანებს, ვინც თავის თავს თვლის იმ დიდი მრევლის ნაწილად, რომლის სულიერი მამაც არის ჩვენი უწმიდესი და უნეტარესი. სხვები ნუ ღელავენ. ეს სიტყვები განკუთვნილია იმ ხალხისთვის, რომლებსაც სურთ პატრიარქის სიტყვები გაიხადონ თავიანთი ცხოვრების წესად. ვინც ღელავს, მათთვის არც არის ეს სიტყვები დაწერილი. ასეთი ადამიანების განცხადებები იმ შემთხვევას მაგონებს, როდესაც არამომარხულე ადამიანები განიცდიან, შობას ან ახალ წელს რომ მომარხულეები საცივს და მწვადს რომ ვერ ვჭამთ. თვითონ კი ამ დროს გემრიელად მიირთმევენ... არჩევანის უფლება ყველას გვაქვს. ვიმეორებ, პატრიარქი კი მოუწოდებს და ქადაგებს მათთვის, ვისთვისაც მისი სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც ვფიქრობ, აღელვების მიზეზი ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვაქვს.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)