ახალ წლებზე ვირის ხორცს მივირთმევდით?.. - კვირის პალიტრა

ახალ წლებზე ვირის ხორცს მივირთმევდით?..

ვირის შაურმა, შესაძლოა, თქვენც გაგისინჯავთ

ჩვენ არ ვართ მონღოლები, ცხენის ხორცი ჩვენთან დელიკატესად არ ითვლება!

"ცოცხალი პირუტყვი იყო თუ მკვდარი, მის ხორცს მაინც იყენებდნენ"

სოფელ კუმისთან მონადირეებმა ვირების სასაკლაოები აღმოაჩინეს. მათივე თქმით, ვირის ჩლიქებთან ერთად, ნაპოვნია ცხენის ნარჩენებიც... როგორც მონადირეები ამბობენ, აქ ცხოველებს ფარულად ხოცავენ, ხორცი კი სარეალიზაციოდ თბილისში მიაქვთ. ხორცი ისე იჭრება, რომ მისი იდენტიფიცირება არ მოხდეს და ასეთ ხორცს საშაურმეებსა და სახინკლეებში აბარებენ. ვირები ძირითადად კახეთიდან მიჰყავთ, რის გამოც, გლეხების თქმით, ბოლო პერიოდში ვირების ფასიც გაიზარდა.

ცნობისთვის, ვირის ხორცი ისეთი ფერმენტებს შეიცავს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის მავნებელია. თერმული გადამუშავების შემთხვევაშიც კი, აქტიური კომპონენტები უცვლელი რჩება, რის გამოც, ვირის ხორცს მსოფლიოში საკვებად არსად იყენებენ, ისტორიულადაც კი, სამხედრო ალყების დროს ვირი დასაკვლელ ცხოველთა რიგში ბოლოს იდგა და არა იმიტომ, რომ პატრონებს ძალიან უყვარდათ - მისი ხორცის მაწყინარობის შესახებ, მაგალითად, ბერძნებმა ანტიკურ ხანაშიც კი იცოდნენ.

მომხმარებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე არ გამორიცხავს, რომ ასეთი ხორცი ბაზარსა და სხვა გარემოვაჭრეებთანაც იყიდებოდეს.

მადონა კოიძე:

- დავიწყოთ იქიდან, რომ ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ეს ხორცი ერთი ხელის მოსმით სულ სახინკლეებსა და საშაურმეებში მიდიოდა. ამას შესაბამისი ორგანოების ჩართვა და მოკვლევა სჭირდება... თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, რომ კუმისის ტერიტორიაზე ნამდვილად არსებობდა არალაგელარული სასაკლაო, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ვერ აკონტროლებდა. აქ კანონის დარღვევით ხდებოდა პირუტყვის დაკვლა, ცოცხალი პირუტყვი იყო თუ მკვდარი, მაინც მიჰყავდათ. ხორცი კი ან ბაზრებში მიდიოდა, ან გადასამუშავებლად. ამას აუცილებლად მოიკვლევს შესაბამისი ორგანო და დამნაშავე დაისჯება.

- მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის რამდენად საზიანოა ვირის ხორცი?

- რა თქმა უნდა, ვირის ხორცი საზიანოა, მისი გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია საკვებად გამოყენებისთვის და ზუსტად შემიძლია თქმა, რომ ჯანმრთელობისთვის ერთობ საზიანოა... იცით ალბათ, რომ იქ ცხენის ჩლიქებიც იყო აღმოჩენილი. ზოგადად, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პროდუქტს შეიძენს და თავად უნდა გააკეთოს არჩევანი. არის ისეთი ქვეყნები, სადაც ცხენის ხორცი დელიკატესად მიიჩნევა, მაგალითად მონღოლეთი, მაგრამ ჩვენ არ ვართ მონღოლები, არ ვართ ის საზოგადოება, რომელიც ცხენის ხორცს მასიურად მოიხმარს. კიდევაც რომ მოვიხმარდეთ, ცხენი ლეგალურ სასაკლაოზე უნდა იყოს დაკლული და ვეტერინარმა უნდა დაათვალიეროს ცოცხალი პირუტყვი, ასევე, დაკლული საქონლის ხორციც უნდა შეამოწმოს.

- რატომ გახშირდა ბოლო დროს ასე მძაფრად მსგავსი ფაქტები?

- ბოლო დროს გახშირდა, რადგან წინასაახალწლოდ, მერიის განკარგულებით, დაშვებულ იქნა გარევაჭრობა. არ შეიძლება ქუჩაში, ანტისანიტარულ პირობებში ხდებოდეს ხორცის რეალიზაცია. ასეთ პირობებში შეუძლებელია გამყიდველის იდენტიფიცირება და ფორმა #2 მოთხოვნა. სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, გაიცა განკარგულება და ყველა მათგანი ბაზრობებსა და მარკეტებში გადაიყვანეს. მაგრამ ამაში ისევ ჩაერია მერია და განაცხადეს, რომ მათი განკარგულებით, 10 იანვრამდე ხორცის ქუჩაში რეალიზაცია ნებადართული იყო, რის გამოც ჩვენც უძლურნი აღმოვჩნდით... არადა, კანონში გასაგებად წერია, რომ მალფუჭებადი პროდუქტის ასეთი პირობებში რეალიზაცია აკრძალულია. კანონში არც წინასაახალწლო პერიოდში დაშვებულ შეღავათებზეა საუბარი, მაგრამ მერიამ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. ძალიან მაინტერესებს ვინ იყო ამ ცვლილების ინიციატორი მერიაში...

- ახალი წლის წინ და შემდგომ პერიოდში, რამდენიმედღიანი გარევაჭრობა წინა წლებშიც დაშვებული იყო...

- დიახ, მაგრამ რატომ უნდა დავაყენოთ მოსახლეობის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ, როდესაც გარევაჭრობასა და ბაზრობებზე გაყიდული ხორცის ფასი ერთნაირია?..

- კონტროლის მექანიზმი როგორია ამ შემთხვევაში?

- საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს და არ უნდა დაუშვას გულგრილობის ფაქტები. ჩვენ კი ვეცდებით, ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებს მივმართოთ, რათა სასწრაფოდ მოხდეს პრევენცია.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)