ვანო ჯავახიშვილი ბაკურ სვანიძეს: "როცა კაცი გქვია, დგახარ და ქალივით ჭორაობ, უხერხულია" - კვირის პალიტრა

ვანო ჯავახიშვილი ბაკურ სვანიძეს: "როცა კაცი გქვია, დგახარ და ქალივით ჭორაობ, უხერხულია"

"ბაკურას ჩვენს მიმართ აგრესია აქვს, რადგან ჩვენთან აღარ მუშაობს"

"ბაკურ სვანიძის ბოროტულ ბლოგებს ჩვენ პასუხებს არ ვცემთ"

"აბა მითხარით, რა საამაყოა "რუსთავი2"-ში მუშაობა? ის ხალხი უფრო არ ამაყობს, "მეცხრე არხი" რომ დაუხურეს? დღმდე ამაყად დაიარებიან ქუჩაში უმუშევრად",- ვანო ჯავახიშვილის ამ ხუმრობამ იუმორისტი ბაკურ სვანიძე მწყობრიდან გამოიყვანა და ჯავახიშვილს ვრცელი, კრიტიკული და არაკორექტული მიმართვა მიუძღვნა, სადაც შოუმენი, სხვა "ლამაზ სიტყვებთან" ერთად, ნაგვადაც მოიხსენია:

"საბედნიეროდ ამ ქვეყანაში ყველა შენნაირი და თქვენნაირი ნაგავი არ არის და ადამიანებისთვის სიტყვა "სიამაყე" მაღალანაზღაურებად სამსახურთან არ ასოცირდება!

დებილი რომ იყავი ყოველთვის ვიცოდი პრინციპში…

ჩა****ი სამსახურშიც, მაღალ ანაზღაურებაშიც და პრემიაშიც, შე მართლა ნაგავო კაცო შენ!

ტფუ!!!",- წერს სვანიძე.

ბაკურ სვანიძის და ვანო ჯავახიშვილის და მისი გუნდის დაპირისპირება უკვე წლებია გრძელდება. "კომედი შოუდან" წლების წინ წამოსული იუმორისტი, შარშან, ”პალიტრატივის” ეთერში კვლავ ამ გუნდის ამორალურ საქციელზე ყვებოდა. მისი თქმით, კომედი შოუს გუნდი მხარს უჭერდა ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტს და სხვა ამგვარ ქმედებებს.

ვანო ჯავახიშვილი:

- მისი ჩემდამი მოძღვნილი წერილი არ წამიკითხავს და ბაკურ სვანიძის ბლოგებს ზოგადად არც ვეცნობი ხოლმე. ჩვენ ვერ შევარჩევთ იმ ხუმრობას, რომელიც მაინცდამაინც ბაკურას მოეწონება. ზოგადად, ბაკურ სვანიძის ბოროტულ ბლოგებს ჩვენ პასუხებს არ ვცემთ. განა იმიტომ, რომ ჩვენს ტოლად არ მიგვაჩნია, უბრალოდ ჯობია, რაღაც სხვა საქმით დაკავდეს. თვითონაც ხომ იუმორისტი იყო? აკეთოს თვითონაც კარგი იუმორი, ეს ჩემი რჩევა იქნება.

- ბაკური თქვენს გუნდს უკვე დიდი ხანია უპირისპირდება, რა მოხდა, რატომ აქვს ასეთი აგრესია?

-ნაწყენია, რადგან ჩვენთან აღარ მუშაობს. მე პირადად მასთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია, არ ვიცი, მაინცდამაინც ჩემზე რატომ არის გაბრაზებული. არადა, ბაკურას წასვლა ჩვენი ბრალი არ ყოფილა, თვითონ ჰქონდა რაღაც თავისი პრობლემები. ბევრ სხვა სისულელეს დაწერს მომავალშიც და რამდენ სისულელესაც დაწერს, იმდენ კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებთ, არ ვართ ასეთი მოცლილი ხალხი.

- ის თქვენ გადანაშაულებთ, რომ ხალხის ჩახოცვის აქტიური მხარდამჭერები იყავით...

- კარგით რა, გეხვეწებით, რა ხალხის ჩახოცვა, რა მხარდამჭერები.. ასეთ რაღაცებს ნუ დაიჯერებთ, ადამიანურად გთხოვთ, რადგან ერთი კაცი ლაპარაკობს ამას და არა ათი.

- პირადად არ გეკონტაქტებათ?

- არა, პირადი კონტაქტი არ გვაქვს. შეუძლია, დაგვირეკოს ხოლმე პირდაპირ და ჩვენც პასუხს გავცემთ. როცა ჭორაობის დონეზე დადიხარ ამხელა კაცი, ძალიან უხერხულია. ეს ადამიანის ძალიან ცუდი მანერაა, განსაკუთრებით როცა კაცი გქვია. დგახარ და ქალივით ჭორაობ. ეს არასწორია.

ეკა ჩიკვაიძე (სპეციალურად საიტისთვის)