"მივიდა ქალი და უთხრა, ნაყოფი გოგოა და აბორტი გამიკეთეთო?" - კვირის პალიტრა

"მივიდა ქალი და უთხრა, ნაყოფი გოგოა და აბორტი გამიკეთეთო?"

"სელექციური აბორტის თემა ფულის გასაკეთებლად აგორდა... უნდათ, სქესის დადგენა აკრძალონ"

"ვინც ამ საქმეს ანგარებით აკეთებს, მარჯვენაც უნდა გაუხმეს და ამაში აღებული ფულიც არმად შეერგოს!"

ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ სავალალო ინფორმაცია გაავრცელა: 2012 წლის განმავლობაში სელექციური აბორტების შედეგად, 1151-ით ნაკლები გოგო დაიბადა. თემა ნამდვილად მოითხოვს კომპეტენციური და კვალიფიციური სპეციალისტების მიერ განხილვას.

საინტერესოა, რას ფიქრობს ცნობილი ექიმ-ექოსკოპისტი ლადო კახაძე:

- ვინც ამბობს, რომ 2012 წლის განმავლობაში სელექციური აბორტის შედეგად, 1151-ით ნაკლები გოგო დაიბადა, მითხრას, როდის და სად დადასტურდა სელექციური აბორტის ფაქტი? მივიდა ქალი და უთხრა, რომ ნაყოფი გოგოა და აბორტი გამიკეთეთო? ექოსკოპიით არ შეიძლება სქესის დადგენა იმ ასაკის ნაყოფისთვის, რა ასაკშიც დაშვებულია აბორტის გაკეთება.

იმ უხეიროს, ვინც ამ საქმეს ანგარებით აკეთებს, მარჯვენაც უნდა გაუხმეს და ამ საქმეში აღებული ფულიც არმად უნდა შეერგოს! როგორც ჩანს, ეს თემა ვიღაცამ ახლა იმისთვის ააგორა, რომ მერე კანონი შემოიღონ. უნდათ, რომ აიკრძალოს ექიმის მიერ სქესის დადგენა და მერე ამ აკრძალვისას კიდევ მეტი ფული გააკეთონ.

- რა ასაკის ნაყოფისთვის არის შესაძლებელი სქესის დადგენა?

- 12 კვირამდე სქესის დადგენა არ შეიძლება, რადგანაც ნაყოფს 12-კვირაზე ჯერ კიდევ სათესლე ჯირკვალი არ აქვს ჩამოყალიბებული. სათესლე ჯირკვლებს ვერ დაინახავ და შეცდომა შეიძლება დაუშვა.

- რატომ მიდის ქალი აბორტის გასაკეთებლად?

- 35 წელიწადია ვიბრძვი და აბორტის დაუძინებელი მტერი ვარ. რა სელექციური აბორტი, ეს გვაკლდა კიდევ? ეს არის გაუნათლებლობა, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ "ტლუ" საზოგადოებაში ვცხოვრობთ.

- მაინც რა მნიშვნელობა აქვს სქესის დადგენას?

- ნამდვილად არ ვიცი, თუ ლაპარაკია იმაზე, რომ გენდერული თანასწორობაა და XXI საუკუნეში ქალი პრეზიდენტიც გახდა, შტანგაც ასწია და კოსმოსში დაფრინავს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ნაყოფის სქესის განსაზღვრას?

თუ იმ "სიბნელეზეა" ლაპარაკი, რომ ბიჭი იმის განმსაზღვრელია, რომ გვარს აგრძელებს, გეტყვით, რომ კონსტიტუციის მიხედვით, გვარისა და სახელის არჩევის უფლება 16 წლის ადამიანს აქვს. გამოდის, გვარსაც არანაირი მნიშვნელობა ჰქონია. თუ სამეფო დინასტიას მივყვებით, იქაც არაკანონიერი შვილების დინასტია გვაქვს ქვეყანაში, ამის შემდეგ კიდევ სელექციურ აბორტზე რომ ლაპარაკობენ, გული მტკივა. იცით, მალე საქმე როგორ იქნება? ცოტა ხანში იტყვიან, საქართველოში ხომ არაფერი ვარგა, როგორც ამბობენ ხოლმე და იტყვიან, ქალიც არ ვარგა და მოდი, სხვა ქვეყნის ქალები მოიყვანეთო. მერე კაცები არ ვარგა და სხვა ქვეყნის კაცებს გაჰყევითო. აქეთკენ მიდის ყველაფერი.

ორი გოგოს მამა ვეუბნები ქალბატონებს: მამაკაცთან დაწოლა ბლის ჭამა ხომ არ არის? ეს ხომ ძალით არ ხდება? ეს ნებაყოფლობითი საქციელია. მინდა, მთელმა ქვეყანამ გაიგოს, რომ არსებობს მინიმუმ 7 გზა, რომ ქალი არ დაორსულდეს. ახლა ქალს თუ მაინცდამაინც უნდა, რომ შანტაჟი მოუწყოს, ოჯახი აურიოს, ვიღაცას ქონება წართვას, ეს სხვა თემაა.

თუ სელექციური აბორტების შედეგად მართლაც 1151-ით ნაკლები გოგო დაიბადა საქართველოში, კითხვას ვსვამ – რის საფუძველზე. როგორ დაადგინეს? პათოლოგიურ-ანატომიურად გასინჯეს? ხომ ვამბობ, ალბათ ვიღაცას კანონში უნდა ჩაწეროს, რომ სქესი არ თქვან. მე სქესს ისედაც არ ვეუბნები და განსაზღვრულ ვადამდე ადრე არც მითქვამს, როდესაც ამას ისინი ითხოვენ. მეორე, როდესაც კანონში დაიწერება: სქესი არ უნდა ითქვას, ვიღაც იტყვის, აკრძალული კი მაქვს, მაგრამ მაინც გეტყვი და უფრო მეტ ფულს აიღებს ამაში. დამიჯერეთ, აქეთკენ მიდის ეს ყველაფერი. ამ აკრძალვით ფულს კარგად გააკეთებენ და ერთი წლის შემდეგ იტყვიან, კანონი გავაუქმოთო. პასუხს ვაგებ ამ სიტყვებზე! ეს არის ერთი გამოცდილი კაცის სიტყვები.

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)