"ეს ქართული სუფრის დაცინვა და მასხრად აგდებაა..." - გივი სიხარულიძე ”განსხვავებულისტების” წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"ეს ქართული სუფრის დაცინვა და მასხრად აგდებაა..." - გივი სიხარულიძე ”განსხვავებულისტების” წინააღმდეგ

"ამათ ჰგონიათ ,რაღაც იდიოტობებს რომ ამბობენ, მამაპაპურია"

"გული მერევა. რაღაც საშინელი ცხოველური გადმონაშთია, კანიბალიზმია"

ქართული სუფრა რომ გამორჩეული რამ არის, ამის შეხსენება მგონი, არ არის საჭირო. სამწუხარო ის არის, რომ ამ სუფრასთან ადამიანები ხშირად ყველანაირ ზღვარს გადადიან და მათი ქცევა სასაცილო თუ არა, სატირალი ნამდვილად ხდება!

საქმე განსხვავებულ სასმისებს ეხება, ანუ მოქეიფე, თანამედროვე, ღიპიანი ქართველების ზღვარგადასულ ქმედებას... რას არ მოიგონებს ქართველის მახვილი გონება, რით აღარ სვამს სადღეგრძელოს:საფერფლე, კეცი, ქალის მოდური ფეხსაცმელი, ბოტი, კრამიტი, ძაბრი, არყის სახდელი ქვაბი, გამოშიგნული საზამთრო და თქვენ წარმოიდგინეთ, დაკლული ღორის თავის ყურში ჩასხმული ღვინით შესმული წინაპრების შესანდობარიც... როგორია?

ამ ყველაფრის შესახებ აზრი გივი სიხარულიძეს ვკითხეთ. ბატონი გივის ხომ ხშირად უწევს სუფრებზე ყოფნა და თამადობაც.

- განსხვავებული სასმისით სადღეგრძელოს შესმა შეიძლება, მაგრამ გააჩნია როგორი იქნება ის განსხვავებული. მაგალითად, რაიმე ლამაზი ლარნაკი შეიძლება. იქედან სიამოვნებით შევსვამ სადღეგრძელოს. დანარჩენი სრული იდიოტიზმია. ღორის თავი, ლამპის შუშა რა უბედურებაა?

- ბოლო დროს ახალი ტენდენციაა, - ფეხსაცმელია განსხვავებულ სასმისად გამოყენებული... ფეხსაცმელს იხდიან და იმით საყვარელი ადამიანის სადღეგრძელოს სვამენ...

- ეს ქართული სუფრის დაცინვა და მასხრად აგდებაა... ქართულ სუფრასთან დიდი-დიდი, როგორც ვთქვი, ლამაზი ლარნაკი ან ყანწი შემოიტანონ, დანარჩენი იდიოტიზმია...

- პირადად თქვენ სუფრასთან რა განსხვავებული სასმისი გინახავთ, რითაც გაოცებულხართ?

- მე ისეთ ოჯახებში არ დავდივარ, სადაც ასეთი კრეტინები იკრიბებიან... ხანდახან სადღეგრძელოები განსხვავებული სასმისითაც უნდა დაილიოს, ამაში არაფერია ცუდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, კაცი გაღორდე და სისულეები აკეთო...

- მუმიფიცირებაზე, ანუ მთლიანად შემწვარი ცხოველების: ციკანი, თხა, ბატკანი... სუფრაზე რომ მოაქვთ...

- მაგაზე გული მერევა. რაღაც საშინელი ცხოველური გადმონაშთია, კანიბალიზმია და მაგიჟებს...

- როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ქართული სუფრა?

- ქართული სუფრა რაინდული სულისკვეთებით უნდა იყოს განმსჭვალული, იუმორით, სიყვარულით და სითბოთი სავსე, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ისმოდეს ერთმანეთის ქება-დიდება და ცაში აყვანა. ზომიერებაა მთავარი. ამათ ჰგონიათ, რაღაც იდიოტობებს რომ ამბობენ, მამაპაპურია. არადა, გვყავდა ისეთი დიდი თამადები, როგორებიც იყვნენ: გულბაათ ჭავჭავაძე, ზაზა კახიანი, თემო ჩირგაძე და კიდევ ბევრი ნიჭიერი თამადა და მათ მიბაძონ!

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)