,,ირაკლიმ ენის სწავლა დაიწყო, თავს ძალიან კარგად გრძნობს და ჩამოსვლას არ აპირებს... ხალხის დაჭერა მისთვის განვლილი ეტაპია" - კვირის პალიტრა

,,ირაკლიმ ენის სწავლა დაიწყო, თავს ძალიან კარგად გრძნობს და ჩამოსვლას არ აპირებს... ხალხის დაჭერა მისთვის განვლილი ეტაპია"

,,ირაკლიმ ენის სწავლა დაიწყო, თავს ძალიან კარგად გრძნობს და ჩამოსვლას არ აპირებს... ხალხის დაჭერა მისთვის განვლილი ეტაპია"

,,ირაკლი კოდუამ საქართველო პოლიტიკური რეალობის, ,,ქართუს" ვალის და გაღიზიანებული ხალხის გამო დატოვა"

საქართველოში მთავრობის შეცვლისთანავე ბევრმა მაღალჩინოსანმა დატოვა ქვეყანა. ყოფილი სოდ-ის უფროსი ირაკლი კოდუა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავი საზღვარგარეთს შეაფარა და როგორც ცნობილია, პრაღაში ცხოვრობს. ბოლო დროს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში, სადაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი თავის ხელქვეითებს გვამების მოტანას თხოვს, კოდუაც ფიგურირებდა. ამ კადრების გავრცელებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანი კახი კალაძეს შეხვდა და როგორც ამბობენ, სწორედ ირაკლი კოდუასთან დაკავშირებით ესაუბრა.

,,კვირის პალიტრა" ნანუკა ჟორჟოლიანს დაუკავშირდა:

- კახი კალაძესთან მქონდა შეხვედრა, იმიტომ რომ მის ჩაწერას ვაპირებ და როგორც რესპონდენტს, ისე შევხვდი. სასტუმრო ,,მერიოტში", დღისით-მზისით შევხვდით და როგორც ყველა რესპოდენტთან, პუნქტები შევათანხმე.

- როგორც ვიცი, დიდხანს არ გთანხმდებოდათ ინტერვიუზე…

- როგორ გეკადრებათ, პირიქით, გვთანხმდებოდა და მისი მეუღლეც იყო ჩემთან გადაცემაში. უბრალოდ, პოლიტიკურად იყო მისთვის მოუცლელი პერიოდი, დროს ვერ ნახულობდა ამისთვის. გადაცემაში მონაწილეობა ასევე შევთავაზე ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მომწერა, რომ თუ სადმე მიიღებს მსგავსი ტიპის გადაცემაში მონაწილეობას, ეს ჩემი გადაცემა იქნება. ასევე მოვიწვიე ირაკლი ალასანია, რომელიც დამთანხმდა.

- როგორც ამბობენ, კალაძეს ირაკლი კოდუასთან დაკავშირებითაც ესაუბრეთ...

- კახი კალაძესთან ირაკლი კოდუაზე რა დამალაპარაკებდა, რაზე უნდა მქონოდა საუბარი, ხალხო, ნუ გადამრევთ! მე ვარ ჟურნალისტი და მე რომ ხვალ ღარიბაშვილს შევხვდე, რა, კოდუაზე დაველაპარაკები? კოდუაზე სალაპარაკოდ რომ მივდიოდე მაღალჩინოსანთან, ,,მერიოტში" კი არ დავიბარებ. სადმე ისეთ ადგილას წავალ, რომ ვერავინ გაიგოს.

- ირაკლისთან დაკავშირებით რამე პრობლემაა, თუ აპირებს ჩამოსვლას ან რატომ არ ჩამოდის საქართველოში?

- ირაკლის უბრალოდ არ უნდა ჩამოსვლა. რეალობას და ამ სიტუაციას გაერიდა. აქ რომ დარჩენილიყო, ვიღაცეები მეტ კითხვას დასვამდნენ. აპირებს თუ არა ჩამოსვლას, არ ვიცი, რადგან შეიძლება, ისე კარგად ააწყოს საქმე, რომ იქ ერჩივნოს ყოფნა. ჩემი შვილი იქ სწავლობს, ირაკლის შვილმაც იქ დაიწყო სწავლა. სტუმრად ჩამოსვლა კიდევ, მისი განწყობა ისეთია, რომ არ მგონია, რომ ამ ქვეყანაში სტუმრობა უნდოდეს. იქ კარგად გრძნობს თავს. ენას სწავლობს და არ სურს, აქ ჩამოვიდეს, პოლიციაში დაიწყოს მუშაობა და ხალხი დაიჭიროს. მისთვის ეს განვლილი ეტაპია.

- ხელისუფლებას არიდებს თავს, ახალი მთავრობა არ მოსწონს პოლიტიკურად თუ პროფესიიდან გამომდინარე, ბევრი მტერი ყავს და ამიტომ ვერ ბედავს?

- მტერი მეც შეიძლება მყავდეს და თქვენც. მაგინებელი მე იმდენი მყავს, დღევანდელ შს მინისტრ ჭიკაიძეს არ დაესიზმრება, ან კახა თარგამაძეს. მის ოჯახს ,,ქართუს" ძალიან დიდი ვალი ქონდა, რომელიც თავიდან ბოლომდე დაიფარა. თუნდაც ეს პრობლემაც ხომ არსებობდა. მილიონი მიზეზია, სიტუაციას გაერიდა, მაგრამ ამასობაში იქ ისე ჩამოყალიბდა, რომ არ უნდა ჩამოსვლა. სწავლობს და მგონია, რომ მეტი შანსი მიეცემა, სხვანაირი ცხოვრება დაიწყოს და ცხოვრებას სხვა კუთხით შეხედოს.

ზაზა გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)