"12 წლის, ან თუნდაც 15 წლის ბავშვზე როცა ვსაუბრობთ, თუ მისი ტოლი სულელი პარტნიორის ნაცვლად მის გვერდში ზრდასრული ადამიანია, ეს სხვა არაფერია, თუ არა პედოფილია და ამის ჩამდენი აუცილებლად უნდა დაისაჯოს!"ქუთაისში გაუჩინარებული 12 წლის გოგონა მარიამ სულაბერიძე პოლიციამ სახლში დააბრუნა. არასრულწლოვან გოგონას ოჯახის წევრები და პოლიცია დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ. წინასწარი ვერსიით, 12 წლის მარიამის გაუჩინარების ერთ-ერთ მიზეზად გათხოვება სახელდებოდა... ამ ფაქტს ძალიან მკაცრად გამოეხმაურა სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინა, რომელიც დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს...ლალი მოროშკინა:- მე მიმაჩნია, რომ 16-17 წლამდე ქორწინება სისხლის სამართლის დანაშაულია. თუ ბიჭი სრულწლოვანია, აუცილებლად უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი და მკაცრად დაისაჯოს... მე კარგად მახსოვს, როგორ მომიტაცეს 15 წლის ასაკში. მაშინ ჩემებს განაცხადი რომ გაეკეთებინათ, ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა ჩემი მეუღლის ოჯახს. თუმცა მაშინ სხვა დრო იყო, ყველაფერი სხვანაირად დამთავრდა და მოტაცება ერთგვარი თბილისური მოდაც იყო... ახლა კი მიმაჩნია, რომ 12 წლის, ან თუნდაც 15 წლის ბავშვზე როცა ვსაუბრობთ, თუ მისი ტოლი სულელი პარტნიორის ნაცვლად მის გვერდში ზრდასრული ადამიანია, ეს სხვა არაფერია, თუ არა პედოფილია და ამის ჩამდენი აუცილებლად უნდა დაისაჯოს! როგორ შეიძლება, ამ ასაკის ბავშვის ქორწინების დადებით მხარეებზე ვისაუბროთ, როდესაც ფიზიოლოგიურად მოუმწიფებელია გოგონა და მორალურ სტრესსაც ისეთს მიიღებს, რომ აღარასოდეს აღარაფერი ეშველება. ჩვენ მივიღებთ დამახინჯებულ სულს, სხეულთან ერთად. 16 წლის ზემოთ კიდევ შეიძლება ქორწინების დადებით მხარეებზე ვისაუბროთ. თუმცა ადრე შექმნილი ოჯახები უმეტესად ინგრევა, ამ ასაკში შეუძლებელია ჩამოყალიბებული აზრი გქონდეს იმაზე, თუ რა არის ოჯახური ცხოვრება... რა არის თუნდაც მამაკაცთან ცხოვრება. საუბარია ორ ბავშვზე, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა იზრდებოდნენ მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ. მე გამიმართლა, რადგან ჩემს მეუღლეს არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავდა. ვიდრე 16 წლის არ გავხდი, ჩემი დედამთილი უფლებას არ აძლევდა ჩემს მეუღლეს, ერთად გვეცხოვრა... ჩვენ დღემდე ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ასეთი შემთხვევები ერთეულია.- უნდა ატყდეს თუ არა ქვეყანაში განგაში, როდესაც 12 წლის ბავშვი თხოვდება?- რა თქმა უნდა! არ გამოვრიცხავ, ამ ასაკში ბავშვს ვინმე შეუყვარდეს, მაგრამ ქორწინება არაფრით არ შეიძლება! ჯერ ერთი, ძალიან ცუდი პრეცედენტია ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებისთვის. ისედაც თავში უქრით და სულ გადავლენ ჭკუაზე... 11-12 წლის ბავშვი თავის იდენტობის აღქმას იწყებს, ვინ მომწონს, როგორები და ეს უკვე არ ნიშნავს, რომ ვიღაც უკვე უყვარს. რა თქმა უნდა, განგაშია ასატეხი, როდესაც თხოვდება ბავშვი. ჩვენ თუ ევროპულ ფასეულობებზე გვინდა ავაგოთ ჩვენი ქვეყანა, გადახედეთ ნებისმიერ კონვენციას. 17 წლამდე ჯერ კიდევ ბავშვი გქვიათ...ეს თორმეტი წლის გოგონა აუცილებლად სახლში უნდა დააბრუნონ, ძალიან თბილად უნდა მოექცენ, ქვეყნის ყველაზე საუკეთესო ფსიქოლოგთან უნდა მიიყვანონ. ბიჭი კი თუ სრულწლოვანია, უნდა იცოდეს, რომ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი დასჯადია, მკაცრად უნდა დაისაჯოს და იყოს მაგალითი, რომ მსგავსი რამ ვეღარავინ გაბედოს საქართველოში! არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ უგზო-უკვლოდ ჩაიაროს ამხელა დანაშაულმა! თუ ბიჭიც ასეთივე პატარა ასაკისაა, მაშინაც ძალიან სერიოზული სამუშაოა და იგივე ფსიქოლოგების დახმარებაა საჭირო...მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)