ნინო სუხიშვილი: "გრძნობს უკრაინელი ხალხი, უმძიმეს წუთებში რომ მათ გვერდით ვდგავართ..." (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ნინო სუხიშვილი: "გრძნობს უკრაინელი ხალხი, უმძიმეს წუთებში რომ მათ გვერდით ვდგავართ..." (ექსკლუზივი)

”რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის და რაც საქართველოში ჩაიდინა, სწორედ ამას ვაპროტესტებთ...”

"როდესაც უკრაინულ ცეკვას ვასრულებთ. ამ დროს მთელი დარბაზი ფეხზე დგას და ტაშს გვიკრავს."

”ჩვენ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ყველგან ვაფიქსირებთ. კონცერტზე მხოლოდ ცეკვებს კი არ ვასრულებთ, არამედ სიტყვითაც გამოვდივართ. გრძნობს უკრაინელი ხალხი, უმძიმეს წუთებში რომ მათ გვერდით ვდგავართ... სახელმწიფოს სახელით ვდგავართ მათ გვერდით, აქ მხოლოდ სუხიშვილების ანსამბლის სახელით კი არ ვართ” - ამბობს ნინო სუხიშვილი, რომელიც უკრაინიდან გვესაუბრა...

- უკვე ერთ თვეზე მეტია უკრაინაში ვიმყოფებით, 30 კონცერტი გავმართეთ და დღეს 31-ეს ვმართავთ.. წარმოუდგენელი წარმატებები ახლავს კონცერტებს, რომელსაც სიტყვით ვერ გადმოგცემთ. უკვე მეცხრე წელია თებერვალსა და მარტში უკრაინაში კონცერტებს ვმართავთ და ამჯერად ჩვენი საგასტროლო ტური ქვეყანაში არეულობას დაემთხვა. ძალიან ხშირად ვიყავით ისეთ გაურკვევლობაში, რომ არც ვიცოდით კონცერტი ჩატარდებოდა თუ არა... მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, წარმოუდგენელი მოლოდინია კოცერტების მიმართ და ყოველდღე ანშლაგები გვაქვს. ბევრ ქალაქში დღეში ორ-ორ კონცერტს ვატარებთ... ხვალ კიევში გვაქვს დაგეგმილი ოთხი კონცერტი... უცნაური დამთხვევაა, მაგრამ სადაც კი კონცერტს გავმართავთ და ქალაქს დავტოვებთ, მაშინვე არეულობა იწყება. ყირიმში ჩავატარეთ და თან დაიწყო არეულობა, დასავლეთ უკრაინაშიც ასე მოხდა... კიევისკენ ხვალ დავიძვრებით და უკვე გვითხრეს, რომ ოთხივე კონცერტის ბილეთები გაყიდულია. ეს ანშლაგები, გულწრფელად გითხრათ, ძალიან მაკვირვებს. წარმატება არ მიკვირს, რადგან ყოველთვის გვქონდა, მაგრამ ასეთ ვითარებაში რომ ხალხს კონცერტზე მოსვლის სურვილი აქვთ, ძალიან მახარებს. ეს კონცერტები მათთვის გამახალისებელია, მხარდაჭერას გრძნობენ და ამიტომ მოდიან. განსაკუთრებით ამაღელვებელია, როდესაც უკრაინულ ცეკვას ვასრულებთ. ამ დროს მთელი დარბაზი ფეხზე დგას და ტაშს გვიკრავს. ეს იმდენად ემოციური მომენტია, ძნელია, ცრემლის გარეშე უყურო.

- მთელი მსოფლიო გამოხატავს თავის უარყოფით განწყობას რუსეთის მიმართ და შეჩერებას თხოვს... თქვენც თუ აჟღერებთ სცენიდან იგივეს?

- რა თქმა უნდა, უკრაინის მიმართ ჩვენ მხარდაჭერას ყველგან ვაფიქსირებთ. კონცერტზე მხოლოდ ცეკვებს კი არ ვასრულებთ, არამედ სიტყვითაც გამოვდივართ. გრძნობს უკრაინელი ხალხი, უმძიმეს წუთებში რომ მათ გვერდით ვდგავართ. სახელმწიფოს სახელით ვდგავართ მათ გვერდით, აქ მხოლოდ სუხიშვილების ანსამბლის სახელით კი არ ვართ... რასაც რუსეთი სჩადის უკრაინაში და რაც საქართველოში ჩაიდინა, ამაზე რაღა კომენტარი უნდა გაკეთდეს, ისედაც დღესავით ნათელია... სწორედ ამას ვაპროტესტებთ კონცერტებით... მოლდავეთშიც ვიყავით, იქაც გავმართეთ კონცერტი უკრაინის მხარდასაჭერად. მთელი კონცერტი დიდი ოვაციებით მიდიოდა, მაგრამ უკრაინული ცეკვა პოლიტიკურად ძალიან კარგი ჟესტი იყო. უკრაინის ელჩი ესწრებოდა ამ კონცერტს და ბუნებრივია, მისთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)