"გიორგი სპიტაკის დროსაც ჩვენთან იყო"- რას ჰყვებიან აბრამიანები ექსპრეზიდენტ შვილობილზე (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"გიორგი სპიტაკის დროსაც ჩვენთან იყო"- რას ჰყვებიან აბრამიანები ექსპრეზიდენტ შვილობილზე (ექსკლუზივი)

"კვირის პალიტრის" არქივი, გამოქვეყნდა 2014 წელს.

"ეს პრეზიდენტისთვისაც არ მითქვამს, გევედრებით, კიდევ ერთი ქართველი მაპოვნინეთ... ჰგონია, რომ მე დავასმინე"

"გიორგი მეცა, ჰასმიგ, ფული, ძვირფასეულობა და საბუთები მაინც წამოიღე, ღია ცის ქვეშ რომ დარჩე, რა უნდა ქნათო..."

"მეთაურობასთან საქმე ჩავაწყვე, რომ გიორგი ზოგჯერ ისე გამოეშვათ, რომ ღამეც დარჩენილიყო..."

გასულ კვირას, საქართველოს პრეზიდენტმა, სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ეჩმიაძინში აბრამიანების ოჯახი მოინახულა, რომლებმაც მისივე თქმით, 80-იან წლებში, ის საკუთარი შვილივით მიიღეს. "კვირის პალიტრა" აბრამიანების ოჯახს ეჩმიაძინში დაუკავშირდა.

რობერტ აბრამიანი:

- სომეხი ვარ, მაგრამ საქართველოში დავიბადე. გიორგის ვიზიტის შემდეგ, ყურადღების ცენტრში ვარ. ყველა მეკითხება, როგორ და სად გაიცანი საქართველოს პრეზიდენტიო... გიორგიზე ბევრად უფროსი ვარ, მალე სამოცი წლის გავხდები... ჩვენ ერთმანეთი დედამისის, ქალბატონი მზიას მეშვეობით გავიცანით, სატელეფონო ჯიხურის რიგში. მისგან შევიტყვე, რომ შვილთან იყო ჩამოსული, რომელიც ეჩმიაძინში სამხედრო ნაწილში მსახურობდა. სასტუმროებში თავისუფალი ადგილი არ იყო და მე და ჩემმა მეუღლემ სახლში მოვიპატიჟეთ. შემდეგ გიორგიც გაგვაცნო... მუსიკოსი ვარ და ჩემს ქალაქში მაშინაც მიცნობდნენ. მის მეთაურობასთან, რომ იტყვიან, საქმე ჩავაწყვე, რომ გიორგი ზოგჯერ ისე გამოეშვათ, რომ ღამეც დარჩენილიყო... გიორგი ყოველთვის ძალიან მოწესრიგებული და წინდახედული იყო. საბჭოთა დროს, სხვადასხვა რესპუბლიკის წარმომადგენლები, თავს საბჭოთა კავშირის შვილებად მიიჩნევდნენ, გიორგი კი ყოველთვის ამბობდა, რომ საქართველოს შვილი იყო.

ჰასმიგი, რობერტის მეუღლე:

- გიორგი მალევე დაგვიახლოვდა და თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში. ერთი პატარა ოთახი დავუთმეთ, სადაც უამრავი წიგნი ჰქონდა. მაშინ ქართული ფილმები მთელი საბჭოთა კავშირში განხილვის საგანი იყო. მახსოვს, მისი ემოცია "მონანიებასთან" დაკავშირებით. მას გვიან უჩვენებდნენ და სულ მთხოვდა, ბოლომდე მეყურებინა, მეორე დღეს აუცილებლად მკითხავდა, - უყურეო?.. როდესაც სომხეთში დიდი მიწისძვრა მოხდა, 1988 წლის სპიტაკის ტრაგედიას ვგულისხმობ, დედამისი და ჩემი მეუღლე ქუჩაში იყვნენ, გიორგის ნაწილთან იცდიდნენ. მეთაურობისთვის, უნდა ეთხოვათ, რომ ცოტა ხნით გაეთავისუფლებინათ. გიორგის გამოსვლამდე, მიწისძვრაც მოხდა... არც გაზი გვქონდა, არც შუქი, არც წყალი... დახოცილი ადამიანები პირდაპირ ქუჩაში ეყარნენ. ეს ყველაფერი მათ თვალწინ მოხდა და ჩვენსავით განიცადეს. გვერდში გვედგნენ, როგორც შეეძლოთ... ორი-სამი დღის შემდეგ, რყევები განმეორდა. გიორგიც სახლში იყო. იმდენად ვიყავით შიშისგან დაბნეულები, რომ გიჟებივით გავცვივდით ქუჩაში. გიორგი მეცა, ჰასმიგ, ფული, ძვირფასეულობა და საბუთები მაინც წამოიღე, ღია ცის ქვეშ რომ დარჩე, რა უნდა ქნათო...

ძალიან ნიჭიერი, ამავდროულად, ძალიან გახსნილი, თავისუფალი და საინტერესო მოსაუბრე ადამიანი იყო. ძალიან ბევრს კითხულობდა. მახსოვს, ბულგაკოვი უყვარდა ძალიან. რეგულარულად ეცნობოდა ფილოსოფიურ ლიტერატურას.

რობერტი:

- საერთოდ არის არის შეცვლილი, ისევ ისეთი უბრალო და თავისუფალია ურთიერთობაში. არადა, პოლიტიკა და თანამდებობა, მით უმეტეს, პრეზიდენტობა, ცვლის ადამიანებს, ისინი ძველ მეგობრებს ნაკლებას ეკონტაქტებიან. სანამ გიორგი ჩვენთან მოვიდოდა, ვფიქრობდი, როგორ უნდა მივმართო მას, ჩემი მეგობარია, მაგრამ მაინც ამხელა ქვეყნის პრეზიდენტია-მეთქი, თუმცა, ისე გადამეხვია, მივხვდი, რომ ტყუილად ვნერვიულობდი.

ჰასმიგი:

- ისევ ისეთი უბრალო დარჩენილა, როგორც ყმაწვილკაცობაში იყო, როდესაც ჩემი მომზადებული კერძი განსაკუთრებით მოეწონებოდა, აუცილებლად მეტყოდა, - რა გემრიელიაო... ძალიან უყვარდა ტოლმა და შემწვარი კარტოფილი. ისე კი, პრეტენზიული არასდროს ყოფილა.

რობერტი:

ჩვენ უბრალო ხალხი ვართ, მაგრამ ჩემი ქართველი მეგობრის დამსახურებით, მთელ ქვეყანაში პოპულარული გავხდით. ისე კი, უამრავი ქართველი მეგობარი მყავდა... თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს, შეიძლება?..

- რა თქმა უნდა...

- საბჭოთა ჯარში (უკრაინაში), ჩემთან ერთად ქართველი ბიჭი მსახურობდა, გურამ არდაშელია (აპოლონის ძე), ბათუმელი მეგრელი იყო. მას ვეძებ. ერთ-ერთ საავადმყოფოზე ვიყავით მიმაგრებული და წესდებით, ყოველი მეოთხე დღეს, მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში თავისუფალი ვიყავით. მე და გურამმა გადავწყვიტეთ, ჩვენი შემცვლელი დაგვეტოვებინა და რვა დღით გავიპარეთ. ვიღაცამ დაგვაბეზღა და დაგვიჭირეს. ნაწილში დაბრუნების შემდეგ, ჯერ ჰაუპტვახტში გვიკრეს თავი, შემდეგ კი სადამსჯელო ნაწილებში გადაგვანაწილეს. იქ გაიყარა ჩვენი გზები და მას შემდეგ გურამი არ მინახავს, მაგრამ გურამს ჰგონია, რომ მე დავასმინე და ეს დღემდე მტანჯავს, არადა, მართალი ვარ. ეს პრეზიდენტისთვისაც არ მითხოვია, გევედრებით, იქნებ მაპოვნინოთ ეს ადამიანი...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)