"მამა გაბრიელის ნაწილების მოლოცვიდან მეორე დღეს ექიმმა მითხრა, ჯანმრთელი ხარო" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"მამა გაბრიელის ნაწილების მოლოცვიდან მეორე დღეს ექიმმა მითხრა, ჯანმრთელი ხარო" (ექსკლუზივი)

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჭანტურიშვილების ოჯახი ქობულეთიდან მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მოლოცვის შემდეგ მომხდარ სასწაულზე გვიამბობს. გოგონები ყვებიან, რომ მათი მამა, ნუგზარ ჭანტურიშვილი სიმსივნით მძიმედ იყო ავად. ანა ჭანტურიშვილის თქმით, თბილისში, ონკოლოგთან ჩამოვიდნენ და იმავე ღამეს, სამების საკათედრო ტაძარში, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მოლოცვიდან მეორე დღესვე, ექიმმა განაცხადა, რომ მამაკაცი სავსებით განიკურნა.

ანა ჭანტურიშვილი, 25 წლის:

- დაახლოებით 6 თვეა, რაც მამას ქვედა ტუჩზე სიმსივნური წარმონაქმნის დიაგნოზი დაუსვეს და ტკივილებისგან იტანჯებოდა... ქობულეთში ონკოლოგიური ცენტრი არ არის და ბათუმში დაუსვეს დიაგნოზი, - სიმსივნის საწყისი სტადია იყო, მაგრამ ძალიან აწუხებდა და ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს. მკურნალობის მიუხედავად, შედეგი არ ჰქონდა. საქმე მორჩენისკენ კი არ მიდიოდა, პირიქით, ფართოვდებოდა და გვეშინოდა, კისერზეც არ გადასულიყო. ამავდროულად ძალიან ტკიოდა. როდესაც ქიმიოთერაპიამაც არ უშველა, თბილისში წასვლა გადავწყვიტეთ. იქ უფრო გამოცდილი ექიმების იმედი გვქონდა. ეს მამის გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო. მგონი, ჩვენი თბილისში ჩამოსვლა იმ დღეს დაემთხვა, როდესაც მამა გაბრიელის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში გადმოაბრძანეს. მამა საჭესთან თავად იჯდა და მთელი გზა ტკიოდა ტუჩი. სისხლიც სდიოდა... მეორე დღეს ვაპირებდით ონკოლოგიურ ცენტრში ასვლას. თუმცა, მანამდე, გვიან ღამით, 3-4 საათი იქნებოოდა, სამებაში რომ ავედით. ბევრი ხალხი იყო, მაგრამ მაინც შევძელით მოლოცვა. ყველაზე დიდი რწმენით მამა იყო, - მუდმივად იმეორებდა, აუცილებლად გამოვჯანმრთელდებიო... მეორე დღეს ონკოლოგიურში რომ მივედით, ექიმმა უთხრა, რისთვის მოხვედი, აქ არავითარი სიმსივნური წარმონაქმნის კვალსაც ვერ ვხედავ, ჯანმრთელი ხარო...

- ტკივილიც არ აწუხებდა?

- "სხივებისგან" ტუჩის კანი მქონდა დამწვარი და ეგ სტკიოდა, ანთება მისცა და ახლა იმას მკურნალობს. მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუ ასეთი დაინტერესება მოჰყვებოდა ამ ვიდეოს... ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, ზოგმა ისიც დაწერა, ტყუილიაო. მგონი, ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი ასეთ რამეს არ მოიგონებს. რაში უნდა დამჭირვებოდა?.. უბრალოდ, იმედი მქონდა, რომ ამით ადამიანები უფრო მეტად გაძლიერდებიდნენ რწმენით. გულსატკენია ისეთი აგდებული და ცინიკური კომენტარები, მაგრამ რას ვიზამთ, ასეც ხდება...

- მამა მორწმუნე ადამიანია?

- დიახ, მამა ჯერ კიდევ მაშინ დადიოდა ეკლესიაში, როდესაც თითქმის აღარავინ ლოცულობდა. ის ახლა 62 წლის არის. მეც მოძღვარი მყავს, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებ, ისე ეკლესიურად ვიცხოვრო, როგორც იგი...

ნუგზარ ჭანტურიშვილი:

- როგორ გითხრათ, თვალებში გამოვიხედე. ნახევარ წელზე მეტი, ყოველდღე სიკვდილზე ვფიქრობდი... ტუჩი მთლიანად გაშავებული მქონდა. ვერ ვჭამდი, წყალს ვერ ვსვამდი, ღამე არ მეძინა, ტკივილი არ მაძინებდა. ვერც ვალაპარაკობდი, როგორც კი პირს გავაღებდი, სისხლი თქრიალით მომდიოდა... იმ ღამეს ქობულეთიდან რომ მივდიოდით, რადიოში მოვისმინეთ... მეც მინდოდა ასვლა მოსალოცად და შვილებმაც მირჩიეს, წავიდეთო. საოცარი ის იყო, რომ სამებამდე მისასვლელი გზები გადაკეტილი იყო, თბილისი საკმაოდ კარგად ვიცი და ვიფიქრე, თუ ძალიან დიდი საცობი იქნა, შემოვლითი გზებით ავალ-მეთქი, ასეც მოვიქეცი. თითქოს უფალი მეხმარებოდა, ისე თავისუფლად ავედი, ზედ ტაძართან გავაჩერე მანქანა. პატრულსაც არ გავუჩერებივართ... ნამგზავრი და დაღლილი ვიყავი. უამრავი ხალხი რომ ვნახე, კი ვიფიქრე, დიდხანს მოგვიწევს დგომა-მეთქი, მაგრამ 15 წუთში შევედით. გულში ვლოცულობდი, მთელი გულითა და სულით... ძნელია ის ემოცია გადმოგცეთ... ერთ დღეში შეიცვალა ჩემი ცხოვრება. საღამოს საუბარიც შემეძლო, მეძინა კიდეც და რაც მთავარია, საჭმელიც ვჭამე და წყალიც დავლიე. ახლა მივხვდი და გავაცნობიერე, შვებით ამოსუნთქვა რას ნიშნავს... აქამდეც ეკლესიური ვიყავი, მაგრამ ახლა სრულიად სხვა ადამიანი გავხდი. ეს უფლის ხილული სასწაულია, მადლობა უფალს და მადლობა მამა გაბრიელს, რომ სიცოცხლე მაჩუქა...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)