მელორ სტურუა: კარგად ვიცნობდი ჯონ ლენონს, რომელსაც ნიუ-იორკში ხშირად ვხვდებოდი ხოლმე (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

მელორ სტურუა: კარგად ვიცნობდი ჯონ ლენონს, რომელსაც ნიუ-იორკში ხშირად ვხვდებოდი ხოლმე (ექსკლუზივი)

კვირის პალიტრის არქივიდან, 2001 წლის თებერვალი. ამონარიდი მელორ სტურუასთან ექსკლუზიური ინტერვიუდან:

- გთხოვთ, გაიხსენოთ იმ პიროვნებების ნაწილი მაინც, რომელთაც უშუალოდ იცნობდით, გინახავთ, თქვენი რესპონდენტები ყოფილან: ვთქვათ, უინსტონ ჩერჩილი, კერენსკი, ვივიენ ლი, როკი მარჩიანო, ჯონ ლენონი, მუჰამედ ალი, ედვარდ კენედი და ა.შ.

მელორ სტურუა, ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი:

- მართლაც ბევრისმნახველი ვარ. ჩემი რესპონდენტები ყოფილან სახელმწიფო მოღვაწეები, მეფეები, დედოფლები, კინოვარსკვლავები, მწერლები და მათ შორის სილამაზის ნამდვილი კონკურსის დედოფლებიც აშშ-ში... ჩერჩილი მისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს ვნახე რამდენჯერმე, როცა ის უკვე მძიმე ავადმყოფი გახლდათ და თავისი ლონდონის ბინის ფანჯრიდან ესალმებოდა ხოლმე საგანგებოდ მის სანახავად მისულ უამრავ ხალხს. მე გახლდით იმ ჟურნალისტთა შორის, რომლებსაც ჩერჩილის პირადმა ექიმმა იმავე ბინასთან ოფიციალურად გვამცნო ამ დიდი პოლიტიკური მოღვაწის გარდაცვალების შესახებ. ასევე დავესწარი ჩერჩილის გრანდიოზულ პანაშვიდს ვესტმინსტერ-ჰოლში... ვიცნობდი და ჩემი რესპონდენტები ყოფილან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ვილსონი, ვივიენ ლი, ლოურენს ოლივიე... არ დამავიწყდება ვივიენ ლის გარდაცვალებაც, როცა მასთან ხუთი წლის წინ გაყრილი და იმჟამად საავადმყოფოში მწოლიარე ლოურენს ოლივიე მივიდა მის ბინაში და რამდენიმე საათის განმავლობაში ღებულობდა სამძიმარს! 1917 წლის რუსეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარეს, კერენსკის კი უკვე აშშ-ში შევხვდი და დიდხანს ვესაუბრე. ინტერვიუ არ ამიღია, რადგან ვინ გაბედავდა "იზვესტიაში" მის დაბეჭდვას 1969 წელს?! კერენსკი უკვე 84 წლის იყო. საინტერესოა, რომ ჩემთან საუბარში ლენინს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა, მაშინ როცა, სტალინს აქებდა, როგორც ჰიტლერთან ომის მომგებს, თუმცა აცხადებდა, რომ საბჭოთა კავშირი უეჭველად დაიშლებაო. ამ ხნის კაცი ისე გარდაიცვალა, არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ მიუღია. იმედი ჰქონდა, რომ ოდესღაც აუცილებლად დაბრუნდებოდა რუსეთში. ასევე კარგად ვიცნობდი ჯონ ლენონს, რომელსაც ნიუ-იორკში ხშირად ვხვდებოდი ხოლმე სხვადასხვა წვეულებაზე. დავსწრებივარ ლეგენდარულ ბრძოლებს მუჰამედ ალის, ფრეზერის, ფორმენის მონაწილეობით. სწორედ ამ ბრძოლებისას გავიცანი როკი მარჩიანოც, რომელიც საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა მატჩებს კრივში და, რომელი ერთი გითხრათ კიდევ...

***

- საქართველოში უკანასკნელ პერიოდამდე იმედი ჰქონდათ ე.წ. დემოკრატიული რუსეთისა, ბევრი დღესაც ამ ილუზიით იკვებება... გჯერათ ამ ე.წ. რუსი დემოკრატების პოზიციის შეცვლისა საქართველოსთან მიმართებაში?

- დავიწყოთ იმით, რომ ამ ხალხს სძულდა სტალინი და მათ მიერვე ამ ქართველ კაცთან ასოცირებული საქართველოც!

საქართველო მოჩანდა, როგორც რუსეთის ყველაზე ერთგული მოჯამაგირე, ანუ როგორც ქართველი გენერლები ემსახურებოდნენ რუსეთის მეფეებს, ასევე ქართველი კომუნისტებიც ემსახურებოდნენ კრემლს. სტალინის და ბერიას ქართველობაც დამატებით ამწვავებდა ვითარებას. გავიხსენოთ ქართველი მწერლებიც, რომლებსაც შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ რუსეთის მწერლებთან და ეს ვერ გამოიყენეს საქართველოს სასიკეთოდ. ეს იმიტომ მოხდა, რომ არაკრიტიკულად ვუდგებოდით ამ ურთიერთობებს და ველაქუცებოდით მათ. ჩამოვიდოდა თბილისში ვიღაცა და გაუთავებელ ბანკეტებს, საჩუქრებს არ ვიშურებდით. ვეუბნებოდი რუს მწერლებს: არა გრცხვენიათ? თქვენი წიგნები მილიონობით ტირაჟით გამოდის, ქართველები კი, რომელთა წიგნები მცირე ტირაჟით გამოიცემა, იმ ჰონორარსაც თქვენ გახარჯავენ. მეტიც, ჩამოდიან მოსკოვში საკუთარი პურმარილით, აქაც გმასპინძლობენ და რესტორნებშიც თვითონ იხდიან ფულს! ნამუსი არა გაქვთ? ერთხელ მაინც გაიკარით ჯიბეზე ხელი-მეთქი!

- ვის ეუბნებოდით, ევტუშენკოს, ვოზნესენსკის, ახმადულინას?

- ევტუშენკოსაც, ვოზნესენსკისაც და სხვებსაც. ისინი კი, გაიძახოდნენ... მერე გადავიხდითო (!), მაგრამ ფულის გადახდა კი არ იყო მთავარი, არამედ პრინციპი: როგორ შეიძლებოდა თბილისშიც და მოსკოვშიც ქართველები ყოფილიყვნენ მასპინძლები! ასე გრძელდებოდა ათწლეულობით და რუსებიც შეეჩვივნენ ჩვენს მოჯამაგირეობას. შედეგად რაც მივიღეთ, ცნობილია...

ზურაბ მჭედლიშვილი