დავით ქაცარავა: "როგორმე ავიტანთ, თუ ერთსქესიანი ქორწინების არდაშვების გამო მსოფლიო დაგვცინებს" - კვირის პალიტრა

დავით ქაცარავა: "როგორმე ავიტანთ, თუ ერთსქესიანი ქორწინების არდაშვების გამო მსოფლიო დაგვცინებს"

"არასამთავროებს ავალებენ, ხელი შეუწყონ ერთსქესიანთა ქორწინების საკანონმდებლო დონემდე მიყვანას და დაკანონებას"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. "გამოვდივარ ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ასე მოიქცა ლატვია, შარშან კი - ხორვატია, ევროკავშირში შესვლის წინ." - განაცხადა მან.

"მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს" - აცხადებს მსახიობი დავით ქაცარავა, რომელიც ინიციატივის მიმართ უარყოფითად განწყობილ მხარეს უპირისპირდება...

დავით ქაცარავა:

- ჩემთვის უცნაური და მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხა საზოგადოების პატარა, აჟიტირებულმა ჯგუფმა. ეს ინიციატივა ემყარება ქართული საზოგადოების საუკუნოვან ხედვას ოჯახის დეფინიციასთან დაკავშირებით. ეს კანონი ეხება ოჯახის შექმნას, ქორწინებას და იმას, რომ დასაშვებია,, ქორწინება მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის. არის ამაში რამე ნეგატივი?

- იყო ცინიზმიც...

- ცინიზმი და ნეგატივი ვისი მხრიდან? - გულისხმობთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ფინანსდებიან 100 პროცენტით ასეთი რამეების გასაპროტესტებლად? მათი დავალებაა, შექმნან ნეგატივი და დაძაბულობა საზოგადოებაში. ხელი შეუწყონ ერთსქესიანთა ქორწინების საკანონმდებლო დონემდე მიყვანას და დაკანონებას. ამ ხალხს გულისმობთ? - მათ გადაეცით, რამე სხვა უფრო კეთილშობილური მიზნები დაისახონ ცხოვრებაში, ვიდრე იმ უმცირესობათა დაცვაა, რომლებსაც სინამდვილეში დაცვა არ ჭირდებათ. ნუ დაუშვებენ იმის დაკანონებას, რასაც ქართული საზოგადოება არ მიიღებს და არ დაუშვებს არასოდეს. დაიცვან მარტოხელა დედების უფლებები, დაეხმარონ სოციალურად დაუცველ ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს, მათ კი, ვისაც არავითარი დაცვა არ ჭირდებათ, თავი დაანებონ.

- ანუ თქვენ გამორიცხავთ, რომ ეს არ არის წინასაარჩევნო პოპულიზმი და ამის აუცილებლობა იდგა?.. ითქვა ისიც, რომ მსოფლიო დაგვცინებს...

- ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ნებისმიერი გადაწყვეტილება, აზრი, ინიციატივა ჩასაფრებულმა ჯგუფმა შეიძლება მიიღოს და გამოაცხადოს პოპულისტურ ნაბიჯად. და თუ იმის გამო, რომ ჩვენ ერთსქესიანთა ქორწინებას არ დავუშვებთ, მსოფლიო დაგვცინებს, ამას როგორმე ავიტანთ.

- იმასაც ხომ ხშირად გვახსენებენ, რომ 17 მაისს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვაზარალა?

- რა, მსოფლიოს თვალში შეუწყნარებლები და ბარბაროსები გამოვჩნდებით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმას, რაც აქამდეც ჩვენი არჩევანი იყო? ამერიკაში რიგ შტატებში ჰომოსექსუალური კავშირები კანონით ისჯება, ერთსქესიანთა ქორწინებაზე რომ არაფერი ვთქვათ. რა ვქნათ ახლა, ყველამ ერთად დავცინოთ ამერიკას?!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)