"ჯერ ჩემს საკუთარ მანქანას დავწვავ და მერე მე დავიწვავ თავს..."
"როდესაც ბენზინი გადავისხი, არ მომცეს უფლება, სანთებელა ამენთო"
"ძაღლად არავინ გვაგდებს... არ მინდა დაჩაგრულად ვიგრძნო თავი ჩემს ქვეყანაში... არ მიღირს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მონა ვიქნები."
"ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე, რუსთავი-თბილისის სამარშუტო ტაქსის მძღოლმა თავის დაწვა სცადა. 42 წლის ალექსანდრე მიქელაძე, სხვა დანარჩენი მძღოლების მსგავსად, "ქართული ოცნების" გენერალურ მდივან კახი კალაძესთან ითხოვდა შემხვედრას, თუმცა ყურადღება რომ არავინ მიაქცია, ბენზინი გადაისხა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, როდესაც მიქელაძემ სანთებელა მოიმარჯვა, საპატრულო პოლიციამ დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც მისი დაკითხვა მიმდინარეობდა. განყოფილებიდან გამოსულ სამარშუტო ტაქსის მძღოლს, "კვირის პალიტრა" ესაუბრა.
ალექსანდრე მიქელაძე:
"უკვე ორი თვეა მიმდინარეობს მშვიდობიანი აქციები, გამოსვლები და ყურადღებას არავინ არ გვაქცევს. დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ "ქართული ოცნების" ოფისთან რუსთავი-თბილისის მძღოლები, რომლებსაც ჩვენი შექმნილი სამსახურის დაკარგვა გვემუქრება და გავაპროტესტეთ. ძაღლად არავინ გვაგდებს... არ მინდა დაჩაგრულად ვიგრძნო თავი ჩემს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ბენზინი გადამესხა და თავი დამეწვა. არ მიღირს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მონა ვიქნები. სამი შვილი მყავს, ერთი სტუდენტია, მისი სწავლის გადასახადს, რომ თავი დავანებოთ, ბანკის ვალიც მაქვს. ამხელა ოჯახს შენახვა არ უნდა?! ეს ხაზი და სამარშუტო ტაქსი, ჩემი ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყაროა. ეს არის 30 ადამიანის შექმნილი სამსახური, რომელიც საჯარო რეესტრში გვაქვს დარეგისტრირებული. ამ 30 ადამიანიდან, ყველას წილი გაგვაჩნია. თუ ჩვენს ხაზზე სხვა კომპანიას დასვამენ, ეს ავტომატურად ჩვენს უმუშევრად დარჩენას ნიშნავს. სახელმწიფოს შემოთავაზება არის უაზრო.
- რას გთავაზობენ?
- თუ დავჯდებით მათ შემოყვანილ ყვითელ სამარშუტო ტაქსებზე, ყოველდღიური გეგმა გვექნება შესასრულებელი, რომელიც თავის ხარჯებიანად 200 ლარი გამოდის. 200 ლარი, დღის განმავლობაში თუ გვექნება შესაგროვებელი, რაღა უნდა დაგვრჩეს, ოჯახი რით ვარჩინო? მართლა მონები ხომ არ ვართ, რომელი საუკუნეა?
- მას შემდეგ რაც თავის დაწვა სცადეთ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაკითხვაზე წაგვიყვანეს. რაიმე ზეწოლას ხომ არ ჰქონდა ადგილი?
- როდესაც ბენზინი გადავისხი, არ მომცეს უფლება, სანთებელა ამენთო, მაშინვე განყოფილებაში წამიყვანეს. დამკითხეს რატომ მივედი ამ ზომამდე. არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი, განყოფილებიდან წამოსული, ისევ აქციას შევუერთდი. ახლაც აქ ვარ.
- ამ ფაქტის შემდეგ, სამთავრობო უწყებიდან არავინ გამოგეხმაურათ?
- სამწუხაროდ არა. როგორც გითხარით ახლაც აქ ვართ და ძაღლადაც არავინ გვაგდებს.
- რას აპირებთ, თუ თქვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება?
- უარეს გავაკეთებთ. ყვითელ სამარშუტო ტაქსებს შემოიყვანენ თუ არა, ჯერ ჩემს საკუთარ მანქანას დავწვავ და მერე მე დავიწვავ თავს. ზუსტად ვიცი, რომ ბევრი ჩემისთანა, ვისაც "რუსთავი-თბილისის სამარშუტო ხაზი აქვს და ოჯახში ყოველდღიური ფული შეაქვს, ანალოგიურად მოიქცევა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ყვითელი ავტობუსების დანიშვნა რუსთავი-თბილისის მარშუტზე, მინიმუმ ორი წლით გადაიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც უკვე გითხარით, უკიდურეს ზომებს მივმართავთ. ანალოგიური სიტუაცია იყო 2000 წელს, გამოცხადდა კონკურსი, რომელიც ავთო ენუქიძემ მოიგო. იმ ადამინმა გვითხრა, მყავს ჩემი ავტომობილებიო, მაგრამ იმ დათმობაზე წამოვიდა, რომ ჩვენი მანქანებით გვემუშავა. მაშინ ასე მშვიდობიანად მოგვარდა ეს საქმე.
"ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილი რუსთავი-თბილისის სამარშუტო ტაქსები ძირითადი მოთხოვნაა, გაუქმდეს მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები, რადგან გამარჯვებული კომპანია მგზავრებს საკუთარი სამარშუტო ტაქსებით უნდა მოემსახუროს.
თორნიკე ყაჯრიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)