"მართლმადიდებლობას კბილებით რომ იცავთ, იცით დიდი წმინდანი, მოსე შავკანიანი რომ იყო?!" - კვირის პალიტრა

"მართლმადიდებლობას კბილებით რომ იცავთ, იცით დიდი წმინდანი, მოსე შავკანიანი რომ იყო?!"

ნიგერიელი ჯავე ანდეირუ უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს, როგორც თვითონ ამბობს, მის ოჯახს იმდენი საშუალება არ ჰქონდა, რომ ევროპაში წასულიყო განათლების მისაღებად და სასწავლებლად აქ ჩამოვიდა. ჯავემ ჩვენთან სხვა რასის წარმომადგენლების მიმართ არსებულ სტერეოტიპებზე ისაუბრა:

ჯავე ანდეირუ:

- ერთი წელია საქართველოში ვცხოვრობ. როდესაც მოვდიოდი, საქართველოზე ინფორმაციას გავეცანი და თითქმის ყველგან ეწერა, რომ თქვენი ქვეყანა განსაკუთრებულ პატივს სცემს სტუმრებს, ამიტომ შიში, რომ აქ ვინმესგან შეურაცხყოფას მივიღებდი არა მქონია, საუბედუროდ, შევცდი, ასევე შეცდნენ ჩემი მეგობრები.

- შეცდომაში კონკრეტულად რას გულისხმობ?

- ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი დამცირების გადატანა მოგვიწია.

- იქნებ კონკრეტული ფაქტები მოგვიყვე?

- შარშან ჩემი მეგობარი ქუთაისში 4 ახალგაზრდამ ისე სცემა, რომ სასიკვდილოდ გაიმეტა. საბედნიეროდ, გადარჩა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას დეტალური ჩვენება მისცა, არავინ დააკავეს, მეტიც, ცემის ფაქტს შეესწრო სასწავლებლის დაცვა, რომელსაც არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობარი გოგონა, სილამაზის სალონში წავიდა და მომსახურებაზე უარი უთხრეს, არადა, სულ იქ დადის, როდესაც უარის მიზეზით დაინტერესდა მენეჯერმა უთხრა, რომ სხვა მომხმარებლები მის გამო სალონში აღარ შემოდიოდნენ. იცით, რა მიკვირს, როდესაც ევროპელობაზე დებთ თავს და გწყინთ, რომ ევროპა არ გაღიარებთ, იმაზე არ ფიქრობთ, ასეთი ფაქტებით ევროპას უფრო და უფრო, რომ შორდებით?!

- რასიზმი არც ევროპისთვისაა უცხო...

- დიახ, მაგრამ იქ რომ სალონში ასეთი ფაქტი მომხდარიყო მეორე დღეს ან უფლებადამცველი საზოგადოება უჩივლებდა, ან საზოგადოება პროტესტის ნიშნად აღარც შევიდოდა და საერთოდ დაიკეტებოდა.

- შენმა მეგობარმა რატომ არ მიმართა ვინმეს უფლებების დასაცავად?!

-თქვენ გჯერათ, რომ ვინმე შავკანიანს გაამართლებდა?! ეს წარმოუდგენელია. ამიტომ დავდივართ ისე, რომ არავის მოვხვდეთ თვალში, თორემ თუ ჩვენი უფლებები დაირღვა, ვიცით, რომ გვერდში არავინ დაგვიდგება. რამდენიმე დღის წინ მეტროში ვიჯექი, პატარა ბავშვი მეთამაშებოდა და დედამისმა ზიზღით უთხრა ჩემზე: დაანებე შვილო თავი ბინძურიაო.

-არავის მოვხვდეთ თვალშიო, ამბობ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც შავკანიანი გოგონა ქართველ მანდილოსანს აგინებს...

- არ ვიცი ეს ვიდეო და ვერ გეტყვით, რატომ მოხდა ასე. ეს ერთეული შემთხვევებია. ცოტა ხნის წინ რესტორანში ვიყავით და როცა ჩვენი შეკვეთა მოიტანეს, გვერდით მჯდომმა ნასვამმა მამაკაცებმა მიმტანს ჩხუბი დაუწყეს. ჯერ ზანგებს რატომ მიუტანეთ და ჩვენ არაო. თქვენ. ქართველებს არ გინდათ იმის აღიარება, რომ უმეტესობა თქვენგანი რასისტია. ზოგი მხოლოდ იმიტომ არ გამოხატავს ამას, რომ შინაგანი კულტურა არ აძლევს უფლებას, თორემ გულზე არავის არ ვეხატებით. მინდა გითხრათ. რომ არაფერს არც გართმევთ (ვინც გართმევთ. იმის მხარდასაჭერად კინო დარბაზებს ქირაობთ) და არც გთხოვთ. 3 წელი დამრჩა სწავლის დასრულებამდე და მერე აუცილებლად წავალ, მაგრამ თქვენ ეს რასიზმი კარგს არაფერს მოგიტანთ. მართლმადიდებლობას კბილებით იცავთ და სადმე გიწერიათ, შავკანიანი ადამიანი არააო?! ან ის იცით, რომ თქვენი ერთ-ერთი დიდი წმინდანი, მოსე, შავი, შავკანიანი რომ იყო?! მგონი, ჩვენთან ბრძოლას და ჩვენ შეზიზღებას აჯობებს, საკუთარ პრობლემებს მიხედოთ, თორემ ჩვენ არასოდეს შეგიქმნით პრობლემებს. ნამდვილად არ ვართ საშიშები.

- 1 წელია აქ ხარ და არაფერი კარგი არ გახსენდება?!

- საბედნიეროდ, გამიმართლა და უმეტესად ისეთ ხალხთან მიწევს ცხოვრება, ვინც არც რასისტია და არც ზემოდან მიყურებს. უამრავი კარგი თვისება გაქვთ, მაგრამ არაფრისგან "საფრთხეების" გაჩენა გიყვართ და ეს ამ თვისებებს ჩრდილავს. ჩვენ, როგორც თქვენს თანასწორებს, ისე შეგვხედეთ, ეს თქვენც ძალიან გაგიიოლებთ ცხოვრებას. ნუ გგონიათ, რომ რადგან შავკანიანი ვარ, რომელიმე ქართველი ვაჟკაცობაში მაჯობებს, თუ რა თქმა უნდა, დალევა და ღრიალი არ გგონიათ ვაჟკაცობა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)