ჟამი ნაგვის ზეობისა!!! - კვირის პალიტრა

ჟამი ნაგვის ზეობისა!!!

ალბათ, ვერ ხვდებიან, რას სჩადიან ამის ჩამდენნი

"სანამ ჯვრის მონასტერს მიადგებით, უთუოდ შეამჩნევთ ჯვარზე გაკრულ ბუნებას..."

ზღაპრებიდან გემახსოვრებათ, როდესაც პერსონაჟები უსიერ ტყეში მიდიოდნენ, გზადაგზა, ხეებზე ნიშანს ჰკიდებდნენ, რომ მეგობარს თუ მაშველს მათი პოვნა გაიოლებოდა. მცხეთასთან, წიწამურისა და ჯვრის მონასტრის გზაგასაყარზე, უძველესი ტაძრისკენ მიმავალ გზას რომ დავადექი, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს საამაყო ძეგლის სანახავად კი არა, მოჯადოებულ, უსიერ ტყეში მივდიოდი, სადაც ჩემამდე მოსულებმა მეტისმეტად თვალში საცემი კვალი დატოვეს. ყველგან ყრია პოლიეთილენის პარკები, ბოთლები, საჭმლის ნარჩენები. ცელოფანებს ქარი აფრიალებს და ჯარად ჩამწკრივებული ხეების ტოტები "შემკულია" ათასფერი "სამშვენისით".

"გუშინ სტუმრები ავიყვანე ჯვარზე, მაგრამ ამიერიდან \მათი იქ წამყვანი არ ვარ! საღორე, საღორე ირგვლივ!.. ნაგვის გროვა, პარკები, ქაღალდები, ბოთლები, ნაცოხნ-ნაქეიფარ-გამომწვარი ბუჩქის ძირები! კულმინაცია ტუალეტი იყო... ხალხო, რა გვჭირს, რას ვგავართ? რა უნდა მოხდეს, რომ სისუფთავე ვისწავლოთ?! ნუთუ მხოლოდ მათრახის და ჯარიმების ენა გვესმის?" - წერდა სოციალურ ქსელში ცნობილი ქირურგი ირაკლი თოდუა...

სამწუხაროდ, სანამ ჯვრის მონასტერს მიადგებით, უთუოდ შეამჩნევთ ჯვარზე გაკრულ ბუნებას... ჩვენ სამშობლო არ გვიყვარს! დღემდე ვერ მივხვდით, რომ ამ საგანძურს, ან უბრალოდ, ტყესა და მინდორს მოვლა სჭირდება... განა მარტო ჯვრისკენ სავალი გზა მიაქვს ნაგავს, ასეთი სურათია თითქმის ყველა კულტურული ძეგლის ახლოს.

ადამიანთა უკულტურობას, უპასუხისმგებლობას სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის გულგრილობა ემატება, რომლებიც თავს იმით კი არ უნდა იმართლებდნენ, მე ამ საქმისთვის თანხა არ მაქვს და სხვამ მიხედოსო, ხელებდაკაპიწებული თითოეული ბუჩქის, ხის, ყოველი მტკაველი მიწის სისუფთავეზე უნდა ზრუნავდნენ!

უცნაური რამ ხდება - გარემოს დაცვის სამინისტრო ხელს მუნიციპალიტეტებისკენ იშვერს, მათ უნდა მიხედონო; მუნიციპალიტეტები საგზაო დეპარტამენტს ამუნათებენ - გზების პრობლემა მათ უნდა მოაგვარონო; გზების დეპარტამენტი კი მხრებს იჩეჩს - მე რა შუაში ვარ, მხოლოდ გზის ტექნიკური მოწესრიგება მევალებაო...

ვფიქრობ, ყველაფერი მაინც კულტურის სამინისტრომ უნდა მოაგვაროს. უნდა დაიწყოს ხალხის აღზრდა და რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ - შსს-თან ერთად! დიახ!

სამარცხვინოა, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ მკაცრი სასჯელის შიშით თუ გადაეჩვევა ქართველი საკუთარი სამშობლოს იავარქმნას!

და კიდევ, რა გახდა, რომ აიკრძალოს პოლიეთილენის პარკების გამოყენება?

სავარაუდოდ, ნაგვით დაბინძურებული გარემო არ ჩანს ხელისუფალთა მაღალი გადმოსახედიდან, თორემ მართლაც და რა გახდა ერთი ხეირიანი "დამლაგებელი"?

თბილისი-სენაკი-ბათუმის მაგისტრალზე ერთხელაც თუ გაივლი, შეუძლებელია ვტომობილიდან ვერ შენიშნო ნაგვით აოხრებული მიმდებარე ტერიტორია. დავიჯერო თბილისი-ქუთაისის გზაზე მუდმივად მოსიარულე პარლამენტარები ცალ თვალს მაინც არ აპარებენ სამთავრობო ავტომობილებიდან?

ვერ ამჩნევენ, რას ვახვედრებთ უცხოელ ტურისტებს? ისე, მთავრობის წარმომადგენლების რა უნდა გამიკვირდეს, როდესაც საგურამოს გადასახვევთან წამოჭიმული უზარმაზარი სასახლეების წინ "სახელდახელო" ნაგავსაყრელი მოუწყვიათ. ეზოებზე შემოვლებულ უზარმაზარ გალავნებს მიღმა ხევები ნაგვით არის სავსე - სამშენებლო ნარჩენები, ნასუფრალი, პოლიეთილენის პარკები ხევს სულ მცირე 100-წლიანი გაუდაბურებით ემუქრება. ალბათ, ვერ ხვდებიან, რას სჩადიან ამის ჩამდენნი. აქვე ილიას წყაროა წარწერით: "ნეტა ვინც კარგის საქმით აღნიშნავს თავის დროსა! ის აქავ ეწაფება უკვდავების წყაროსა!..". თუმცა იქ ახლა წყალიც დამშრალა და მასთან ერთად ქართველთა სინდისიც - დგას ჟამი ნაგვის ზეობისა...

P.S. გარემოს დაცვის სამინისტროში დაპირებით "დამამშვიდეს", აქამდე კანონი ნარჩენების შესახებ არ არსებობდა, ახლა მომზადდა პროექტი, რომელსაც დღე-დღეზე განიხილავენო. კანონს როდისღა მიიღებენ? ალბათ, ერთი წლის შემდეგ და მერეც რა იქნება, არავინ უწყის... დღეს კი ნაგვის  მორევში ვართ ჩაძირული.