“ფრანგებმა მას ქართველი მარლონ ბრანდო უწოდეს, რაზეც ლევანი სიცილით კვდებოდა... " - კვირის პალიტრა

“ფრანგებმა მას ქართველი მარლონ ბრანდო უწოდეს, რაზეც ლევანი სიცილით კვდებოდა... "

"მარლონ ბრანდოს ამსგავსებდნენ ფრანგები და ამაზე ლევანი სიცილით კვდებოდა"

ფოტოგალერეა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა მეხსიერებას  მარადიულ ჭაბუკად შემორჩა ლევან აბაშიძე - 29 წლის ულამაზესი ქართველი ვაჟკაცი, ქართული კინოსა და ქალაქის მშვენება. “ფრანგებმა მას ქართველი მარლონ ბრანდო უწოდეს, რაზეც ლევანი სიცილით კვდებოდა... "სულ ეჩქარებოდა, თითქოს სიცოცხლე უნდა მოესწრო", - იტყვის მერე ლევანის დედა.

გადასაღები მოედანი მიატოვა, აფხაზეთში მყოფ მეგობრებთან ჩავიდა და ზემო ეშერაში დაასრულა ერთი სიცოცხლე, მეორეს კი დღემდე აგრძელებს... ლევან აბაშიძის დედა, ქალბატონი მანანა ხიდაშელი იხსენებს:

- ძალიან ცელქი იყო, ამავდროულად თბილი და მოსიყვარულე. ცუდად სწავლობდა, თუმცა ბევრს კითხულობდა. სულ შატალოებზე დარბოდა, მაგრამ მაინც საოცრად უყვარდათ მასწავლებლებს. ლევანი 1-ელ საშუალო სკოლაში სწავლობდა, დამრიგებელი მათემატიკის მასწავლებელი ჰყავდა. გამოცდამდე მისულა მასთან, მარო მასწავლებელო, უნდა გაკოცოთ, გამოგეთხოვოთო. გამოცდის მერე მნახე, ლევანო, უთქვამს. ამას კი უპასუხია, ვაითუ ცუდად ჩაგაბაროთ და ჩემთან გამომშვიდობება აღარ მოგინდეთო... ძალიან გულიანი იყო, ამავე დროს - ხიფათიანი. სულ ტრავმატოლოგიურში დავდიოდით - ხან ხელს იტეხდა, ხან - ფეხს. ერთხელ, ფეხი თაბაშირში ჰქონდა, ყავარჯნებით დადიოდა. ფანჯრიდან გავიხედე და რას ვხედავ - ბიჭები ეზოში ფეხბურთს თამაშობენ და ლევანი კარში დგას ყავარჯნებით. ერთხელ მანქანა იქირავა, ბიჭებს დანაძლევებია, ორმოს გადავახტებიო და მანქანით შიგ ჩავარდა. ისიც დაამტვრია და ფეხიც მოიტეხა, ვინ იცის, მერამდენედ...

როცა გადაწყვიტა, სამსახიობოზე ჩაებარებინა, მიშა თუმანიშვილთან დაიწყო სიარული მოსამზადებელ კურსებზე, გატაცებით მუშაობდა... სკოლა რომ დაამთავრა, ბანკეტი ქალაქგარეთ გადაიხადეს. იქ მანქანა დაგორებულა, ლევანი გადამხტარა, ვიღაცები რომ გაერიდებინა მისთვის და ხელი მოიტეხა. დავურეკე მიშა თუმანიშვილს და ვუთხარი, გაგიჟდა - ძალიან უყვარდა ლევანი. თაბაშირით წავიდა გამოცდაზე. არ ვიცი, რა დაწერა, ეტიუდებიც გააკეთა მოტეხილი ხელით. მერე ლექსიც წაიკითხა. სხვათა შორის, არ უყვარდა ლექსის კითხვა. რატომღაც, მუხრან მაჭავარიანის“"შენ, სისხლო ჩემო" აირჩია... წაიკითხა რეზო ინანიშვილის პატარა მოთხრობაც, რომელსაც წინა დღეებში ერთად ვარჩევდით... მესამე კურსზე იყო, როცა მიშა თუმანიშვილმა მისცა პატარა როლი“"დონ ჟუანში". მეოთხე კურსზე არაჩვეულებრივად ითამაშა“სპექტაკლში "ჩვენი პატარა ქალაქი", თუმცა, მერე თუმანიშვილმა გამოაგდო და მართალიც იყო. ლევანს უცნაური ხასიათი ჰქონდა - ერთი და იმავე საქმის დიდხანს კეთება არ უყვარდა და ერთ დღესაც მიშას სპექტაკლი გაუცდინა, ის კი აბა, რას იზამდა? გული კი ძალიან დამწყდა...

ამის შემდეგ კინოში გადაინაცვლა. გიორგი შენგელაია“"ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობას"”იღებდა და მიიწვია. ლევანი უკმაყოფილო იყო, ამბობდა, "ნაიგრიშები" მქონდა, ბუნებრივი არ ვარო. ფილმის გადაღება ძალიან თუ გაიჭიმებოდა, ბეზრდებოდა, თითქოს ეჩქარებოდა სიცოცხლე...

ჯერ ექიმობა უნდოდა, შემდეგ - მეხანძრეობა. ჩაიკოვსკის ქუჩაზე ვცხოვრობდით. იქვე იყო სახანძრო რაზმი და მათ რომ უყურებდა, ალბათ, მოსწონდა. უყვარდა ცხენით და მოტოციკლეტით სიარული. ჩვენს სახლში სულ მუსიკა იყო ჩართული. ლევანს "ბიტლზი", "ლედ ზეპელინი" და ჯო კოკერი უყვარდა განსაკუთრებით... სკოლას რომ ამთავრებდა, შინაურებს ჩამოგვიარა და გვკითხა, სკოლას რომ დავამთავრებ, კაპიკებს მომცემთო? რა თქმა უნდა, მოგცემთო, - ვუთხარით ყველამ... იყიდა ძველი "ზაპოროჟეცი". ისეთი ხმაურით შემოდიოდა ეზოში, ყველას ეღვიძებოდა და იყო ერთი ამბავი.

პირველი როლი 14 წლისამ ითამაშა ლანა ღოღობერიძის ფილმში“"რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე". ლანას ქალიშვილი ნუცა და ლევანი მეგობრობდნენ და გოგონას უთქვამს დედისთვის, ამ ფილმში ლევანს თუ არ გადაიღებ, მეც არ ვითამაშებო. სინჯებზე რომ მიდიოდა, ღამე გამეღვიძა და ვხედავ, ლევანი ფანჯარაში იყურება. რატომ არ გძინავს-მეთქი. ვნერვიულობ, ნეტავ ხვალ როგორი ამინდი იქნებაო. ვფიქრობ, ამ როლმა განაპირობა მისი არჩევანიც. ძალიან კრიტიკული იყო, როლებს ადვილად არ თანხმდებოდა. ამის გამო ბევრი გაუნაწყენდა. სცენარს ყოველთვის მე მაკითხებდა. თავისუფალი და თანამედროვე ტიპაჟები იზიდავდა. ყველაზე დიდი გატაცებით ფილმ "ანემიაზე" მუშაობდა. განსაკუთრებით ახლოს იყო ტატო კოტეტიშვილთან. მისი გარდაცვალების შემდეგ ტატოს დედას ჩანაწერები უნახავს, სადაც ტატო წერდა,“ლევანი იყო ჩემი ალტერ ეგოო.

ერთადერთი სცენარი, რომელიც ლევანმა არ წამაკითხა, იყო "არა, მეგობარო!" როცა ცოცხალი აღარ იყო, სცენარს ვათვალიერებდი და ვნახე, სადღაც ბოლოში ეწერა: "იქნებ უკან დაბრუნება ცუდის ნიშანია..."ომში რომ მიდიოდა, უკან შემობრუნდა. მივაძახე, არ მობრუნდე-მეთქი და ხელი ჩაიქნია. წავიდა და წავიდა... 5 სექტემბერს წავიდა, 6-ში იქ იყო, 7-ში მოკლეს და 8-ში ჩამოასვენეს...

საოცარი ინტუიცია მაქვს. ომი რომ დაიწყო, შეშლილივით ვიყავი, მეგონა, რომ ლევანი ფრონტზე წავიდა. მივედი კინოსტუდიაში, გავიგე, რომ ნამდვილად გადაღებებზე იყო ბათუმში და დავმშვიდდი. იმხანად სამ ფილმში იღებდნენ ერთდროულად, მაგრამ ვიცოდი, შინ არ გაჩერდებოდა. 4 სექტემბერს ბათუმიდან ჩამოვიდა და გამომიცხადა: "დედა, მე მივდივარ სოხუმში!" გავშეშდი... იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? - მკითხა. ვერაფერი ვუპასუხე, ვიცოდი, ჩემი პროტესტი უშედეგო და უადგილო იქნებოდა. ჯერ მისი მეგობრები - გია ნადირაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე და სულხან სულხანიშვილი (სუხია) წავიდნენ სოხუმში, მერე - ლევანიც... ოთხი მეგობრიდან მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე გადარჩა. ახლაც არ ვიცი, რა მოხდა ზემო ეშერაში. მგონი, ნაღმი აფეთქდა.

ლევანი გულმხურვალე ქართველი იყო, სჯეროდა, რომ სამშობლოსთვის იბრძოდა, მაგრამ ავანტიურას შეეწირა... გიო მგელაძემ იმ წელს დაასრულა ფილმი“"არა, მეგობარო!" ეს ლევანის ბოლო ფილმია...

ლევანის დაღუპვის შემდეგ მამამისმა აგიმ მეტყველება დაკარგა, ხელ-ფეხიც წაერთვა და ეტლით გადაადგილდებოდა. მე საწოლიდან კარგა ხანს ვერ ვდგებოდი. მერე ელენე, ჩემი შვილიშვილი (უფროსი ვაჟის - ერეკლეს შვილი)  მომიყვანეს და იმან გამომიყვანა მდგომარეობიდან. ლევანის ორმოცამდე ხილვა მქონდა: ვარდისფერი ცა, მრგვალი მიწა. ვდგავარ, უცებ ლევანი მომიახლოვდა ფეხშიშველი, იმავე ტანსაცმლით, რითაც ომში წავიდა და მეუბნება: "დედა, კარგად, კარგად..." მე შიშველი ფეხები და ყელი დავუკოცნე ჩემს შვილს და ის სიმხურვალე, მისი სითბო გამომყვა. მერე ლევანი ზევით წავიდა... უბედნიერესი ვიყავი... მას შემდეგ აღარც კი დამსიზმრებია შვილი... ჩაიკოვსკის ქუჩაზე გადავწყვიტეთ პანაშვიდების გადახდა. უამრავი ხალხი მოდიოდა, მთელი თბილისი.

ცუდი დრო იყო - 1992 წელი, პურიც კი არ იშოვებოდა. მაღაზიაში ვიღაც ქალი მინახავდა ერთ პურს და საღამოს ჩემთან მოჰქონდა, რომ მეჭამა. ისტორიის ინსტიტუტში ვმუშაობდი... იქ სიარულზეც უარი ვთქვი... ერთი წლის შემდეგ თანამშრომლებმა და მეგობრებმა ძალით წამიყვანეს სამსახურში.

ლევანს უამრავი რომანტიკული თავგადასავალი ჰქონდა. ბევრ გოგონას უყვარდა, მაგრამ ყოველთვის ისე ლამაზად გამოდიოდა სიტუაციიდან, გულნატკენი არავინ რჩებოდა. იცოდა, ვისთან როგორ მოქცეულიყო. ერთი გოგონა უყვარდა და იმ პერიოდში სულ ყვავილებით დადიოდა... შეყვარებული გოგონები ხშირად უწერდნენ ტროტუარზე - "მიყვარხარ!" ხან ყვავილებს უყრიდნენ ფანჯარაში...

"ფესვებში" თამაში მაინცდამაინც არ უნდოდა, მაგრამ როცა შეიტყო, რომ გადაღებებზე პარიზში მიდიოდა, სიხარულით დათანხმდა. ფილმის რეჟისორი გუგული მგელაძე მეუბნებოდა, ყველანი მაღაზიებში დარბოდნენ, ლევანმა კი ფრანგ ქალთან გააბა რომანიო. გუგულიმ როცა უთხრა, ბიჭო, რა მიგაქვს ამ პარიზიდანო, უპასუხია - კარგი გოგოს სიყვარული, გუგული ბიძიაო. საოცარი ფინალი აქვს ამ ფილმს...

მოლდაველი გოგონა მიკა თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნო - მოლდავეთიდან ჯგუფი იყო ჩამოსული. ჯერ ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ ლევანმა შესთავაზა და ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად. სამი წელი გაგრძელდა მათი თანაცხოვრება, თუმცა ცოლად მოყვანაზე არაფერი უთქვამს. ეს მისი ყველაზე ხანგრძლივი რომანი იყო. მიკამ ინსტიტუტი დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა. დღემდე არ გათხოვილა. გვირეკავს, ჩამოდის, უყურადღებოდ არ მტოვებს.

ლევანს ყველა უყვარდა, მაგრამ დედაჩემის ძმა, მხატვარი სოლიკო ვირსალაძე - არანორმალურად. ერთხელ სოლიკო ავად გახდა. მოსკოვში, "კრემლიოვკაში" იწვა. მაშინ იოლი იყო მოსკოვში ჩასვლა. სოლიკოს სიმსივნე ჰქონდა, მე და ლევანი 4-4 დღით, მონაცვლეობით მივფრინავდით მასთან. თავზე ვადექი ავადმყოფს. მერე თბილისში ჩამოვიყვანეთ და "ლეჩკომბინატში" დავაწვინეთ. ერთ ღამეს გამეღვიძა, ვხედავ - ბიძაჩემი ცუდად სუნთქავს და გაუაზრებლად ღამის 4 საათზე ლევანს დავურეკე - სხვა ვისთვის უნდა დამერეკა. თბილისში მეგონა, არადა, არ გასულა 15 წუთი და პალატაში აივნიდან ლევანი შემოდის. დაბადების დღეზე ვიყავი და ვიფიქრე, დავხედავო. მომეფერა, მითხრა, დედა, შენ დაიძინეო და დილამდე თავთან ეჯდა სოლიკოს.

მარლონ ბრანდოს ამსგავსებდნენ ფრანგები და ამაზე ლევანი სიცილით კვდებოდა. სულ ჩქარობდა, ყველაფერი უნდოდა მოესწრო. 29 წლის წავიდა, რა ვიცი, რა მოასწრო... დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, ალბათ, არაჩვეულებრივი მამა იქნებოდა. ძალიან უცნაური იყო... ამბობდა, შვილი არასდროს მეყოლებაო. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, როცა მითხრა, დედა, თმა არასდროს შეიღებო, სიტყვა მომეციო. რადგან გავიოცე და გავაპროტესტე, მომიგო - მე ისე მოვიქცევი, შენ თმა არასდროს შეიღებოო... აასრულა კიდეც...

ლევანი ერეკლე მეორის შთამომავალია - თეკლა ბატონიშვილი ლევანის მამის ბებია იყო. მიუხედავად ამისა, ძალიან უბრალო და თავმდაბალი, დახვეწილი არისტოკრატი იყო. სადაც წავიდა - ამერიკაშიც და გერმანიაშიც - დარჩენას ეხვეწებოდნენ. ელდარ შენგელაიას დაჰყავდა თან, ძალიან უყვარდა. გერმანიაში ყოფნისას ვიღაცასთან რომანი გაუბამს. ის ქალი ეხვეწებოდა თურმე, დარჩიო. სულ ვფიქრობდი, ღმერთო, რომ დარჩეს, რა მეშველება-მეთქი. ახლა კი ვამბობ: ნეტავ, დარჩენილიყო...

იხილეთ ფოტოგალერეა ნანა ფიცხელაური

თითქოს ეჩქარებოდა სიცოცხლე...