"საშინელი ფორმით დაუმყარებია კავშირი გოგონასთან" - სოფელი ექიმბაშის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვს - კვირის პალიტრა

"საშინელი ფორმით დაუმყარებია კავშირი გოგონასთან" - სოფელი ექიმბაშის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვს

”რძალს კაცი რომ დაბანის დროს უჭვრიტინებს, ის კაცი უნდა ჩამოახრჩო!”

ხელვაჩაურის სოფელ მახოში 49 წლის დომენტი ქორიძე საკუთარმა ბიძაშვილმა, თემურ ქორიძემ დანით დაჭრა. დაჭრილი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს და საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. შემთხვევის ადგილიდან თემურს გაქცევა არ უცდია. ეგონა, ბიძაშვილი სიცოცხლეს გამოასალმა და ბრალის აღიარებით პოლიციაში მივიდა. თითქოს ერთი ჩვეულებრივი დანაშაულია, მაგრამ გაირკვა, რომ ამ ფაქტის მიღმა სხვა, უმძიმესი ბოროტმოქმედება დგას. დაჭრილი დომენტი ქორიძე გარყვნილ ქმედებაშია მხილებული და ბიძაშვილის განრისხების მიზეზიც სწორედ მისი უმსგავსი საქციელი გამხდარა.

სოფელ მახოს მოსახლეობა ამ ამბით აღშფოთებულია და ექიმბაშის სოფლიდან გასახლებას ითხოვს. პოლიცია დომენტი ქორიძის ოჯახს რამდენიმე დღე იცავდა. ხალხი ამბობს: თუ დაჭრილი ექიმბაში სოფელში დაბრუნდება, ლინჩის წესით გაასამართლებენო. მოსახლეობა ასევე ითხოვს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან ბრალდებული თემურ ქორიძე.

რამიზ თურმანიძე, სოფელ მახოს მცხოვრები:

-  ის სახლში არ უნდა დაბრუნდეს - ასეთია ხალხის მოთხოვნა. ურევდა წამალში რაღაცას, ქალებს აბრუებდა, მერე ამყარებდა კავშირს და თურმე ვიდეოსაც იღებდა. ეს ვიდეო ახლა პროკურატურაში დევს. როგორც გვითხრეს, 15-20 ქალი გაუუპატიურებია ასე. დაზარალებულთა შორის ერთი არასრულწლოვანიცაა. საშინელი ფორმით დაუმყარებია კავშირი მასთან. რძალიც ახალი მოყვანილი ჰყავს. თურმე რძალი სააბაზანოში რომ იბანდა, მამამთილი მას უჭვრიტინებდა და რძლისთვისაც გადაუღია სურათი.

- ეს ამბავი როგორ გამჟღავნდა?

- მისმა შვილმა ნახა ვიდეო მამის ტელეფონში. გაგიჟებულა ბიჭი, აუღია ტელეფონი და ბიძამისთან ანუ დომენტის ბიძაშვილთან მიუტანია სახლში და მისთვის უჩვენებია. უთქვამს, - ნახე, თურმე ამას აკეთებს მამაჩემი, დამეხმარეო. თემური მოსულა დომენტის სახლში და უთქვამს, - რა საშინელებას აკეთებ, ჩუმად წაეთრიე სოფლიდან, გადაიხვეწეო. დომენტიმ იმის ნაცვლად, რომ თავი დაეხარა, თურმე სკამით გაიწია თემურისკენ და დარტყმა დაუპირა. თემურს სკამი წაურთმევია, ის კი გასულა მეორე ოთახში, დანა აუღია და დარტყმას აპირებდა. თემური ფიზიკურად ძლიერია, კარგი ვაჟკაცი, ის რას მოერეოდა?! თურმე ხელში წვდა დომენტის, წაართვა დანა და აღელვებულმა დაარტყა. ეგონა, რომ მოკლა და თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში. თუ თემურს არ გამოუშვებენ, მთელი სოფელი დიდი და პატარა, ფეხზე დადგება და თურქეთის გზასაც გადავკეტავთ.ხალხი მათ პასუხამდე გავაჩერე, ჯერჯერობით აქციები არ იმართება. ძალოვანებმა რამდენიმე დღე ითხოვეს.

- სოფელში ეჭვები არსებობდა მასზე?

- სოფელი წესიერ კაცად იცნობდა, მაგრამ... ბიძაშვილებს 4-ჯერ გაულახავთ, რაღაც ცუდი საქციელის გამო, მაგრამ ეს მაშინ არ გახმაურებულა. თემურმა რომ დაჭრა, ამის მერე გაცხადდა ყველაფერი. იქნებ დაგვეხმაროთ, რომ უდანაშაულო ბიჭი გარეთ გამოვიდეს. სიმართლე - სიმართლეა, რომელი კაცი მოითმენს ასეთ უნამუსობას?! დომენტია დასასჯელი და არა - თემური.

ანალოგიური პოზიცია აქვს მთელ სოფელს. თითქმის ყველა გვთხოვდა დახმარებას, რომ ხმა ძალოვანებისთვის პრესითაც მიგვეწვდინა.

ერთ-ერთმა ქალბატონმა მითხრა, ძალიან ბევრი ადამიანი დადიოდა მასთანო:

- ბევრი გვინახავს მის კართან ატუზული. რას წარმოვიდგენდით, ასეთი გარეწარი თუ იყო და ასეთ რამეს აკეთებდა?! მათი ამბები რომ არ გამჟღავნებულიყო, ამისთვის იქით მიჰქონდათ მასთან ქალებს ფული. საწყლები, თურქეთში დადიოდნენ და იქ მომვლელებად მუშაობდნენ, რომ დომენტისთვის ფული მიეტანათ და ნამუსი ასე შეენახათ. წამლებით აბრუებდა და დაძინებულებთან კავშირს ამყარებდა. მერე სურათებს დაულაგებდა წინ და ეტყოდა, - ფული მოიტანე, თორემ შენს ქმარს ვაჩვენებო. მისი ცოლიც თურქეთში იყო წასული. იქ გაიგო, მისი ქმარი რომ დაჭრეს და უთქვამს, - რატომ არ მოკლესო?!. რძალს კაცი რომ დაბანის დროს უჭვრიტინებს, ის კაცი უნდა ჩამოახრჩო!

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ ”გზის” ხუთშაბათის ნომერში.