”არაფერი ეტყობოდა, რომ თავის მოკვლას ფიქრობდა!” - 19 წლის ხელაღებით განწირული სიცოცხლე... - კვირის პალიტრა

”არაფერი ეტყობოდა, რომ თავის მოკვლას ფიქრობდა!” - 19 წლის ხელაღებით განწირული სიცოცხლე...

” ქმარი 17 წლით უფროსი იყო გოგოზე”

”ეს ცხოვრება თავად აირჩია - ამბობდა, სულ არ მაინტერესებს, ადრე ცოლი ჰყავდა, თუ - არაო”

”მობილური ტელეფონიც და პირადობის მოწმობაც მდინარეში გადახტომის წინ ხიდზე დატოვა”

ჩვენ ხომ ყველაფერი გვაკლია, უბედურებების გარდა! - საჩხერეში მდინარე ყვირილას ხიდიდან გადამხტარი გოგონას ტრაგედია ამ უბედურებებიდან ერთ-ერთია. 17 აპრილს, დაახლოებით საღამოს ათის ნახევარზე, ყვირილას ხიდზე კაფანდარა გოგონა ავიდა, მოაჯირზე დადგა და წყალში გადაეშვა. მდინარე ისე ადიდებულიყო, ხეებიც კი მიჰქონდა...

ამ ფაქტს შემთხვევით გამვლელი შეესწრო და თავზარდაცემულმა პოლიციას შეატყობინა. საუბედუროდ, გვიანი იყო - გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. თუმცა მის გვამს პოლიციამ სწრაფად მიაგნო, - არავინ იცის რატომ, მაგრამ თვითმკვლელს მობილური ტელეფონიც და პირადობის მოწმობაც  ხიდზე დაეტოვებინა. როცა პოლიცია სოფელ საირხეში თვითმკვლელის სახლში მივიდა, იქ არავინ დახვდა. ქალის მეუღლე მეორე დღესვე დაბრუნდა სოფელში, თუმცა არავის ელაპარაკება...

ლ.დ, სოფელ საირხის მცხოვრები:

- იმ ღამეს ამ ამბავმა მთელ სოფელს ძილი დაუფრთხო. რას ვიფიქრებდით, რომ ეს გოგო თავს მოიკლავდა? სიცოცხლით იყო სავსე, წინ მთელი ცხოვრება ჰქონდა, არაფერი ეტყობოდა, რომ თავის მოკვლაზე ფიქრობდა!

- იქნებ გოგონა მძიმე ოჯახურმა პირობებმა მიიყვანა თვითმკვლელობამდე?

- ოჯახში რა ხდება, ვინ გაიგებს, მაგრამ ამბობდა, შემიყვარდა ჩემი ქმარი და იმიტომ გავყევიო... ოთხიოდე თვის გათხოვილი იყო. ქმარი 17 წლით უფროსი იყო მასზე.

- 19 წლის გოგონას ბებია ამბობს, ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობდაო... იქნებ ასეთი ასაკობრივი სხვაობაც იყო ჩხუბის მიზეზი...

- ვინ გაავრცელა ეგ ინფორმაცია, არ ვიცით, არც ის ვიცით, მაგ ბავშვს ბებია საერთოდ თუ ჰყავდა. ეგ გოგო საჩხერელი არ იყო; თბილისში ცხოვრობდნენ ეგ, მისი ქმარი და ქმრის მთელი ოჯახიც, - ძმები და დედ-მამა. ჩვენს სოფელში ქმარს მამაპაპისეული სახლი აქვს და  ცოლი სააღდგომოდ ჩამოიყვანა. საწყალი ამბობდა, - ადრე ჩამოვედით, მაგრამ მალე ჩვენი ოჯახის წევრებიც ჩამოვლენო, - ქმრის ოჯახზე ამბობდა, თორემ რამდენადაც ვიცით, მამაც არ ჰყავდა, ადრე მიუტოვებია თურმე. უბედური დედამისი კი საზღვარგარეთ იყო წასული სამუშაოდ. ეტყობა იფიქრა, ცოტა ფულს ვიშოვი და შვილს მივეხმარებიო, მაგრამ ბავშვი ამასობაში გათხოვდა... ისე, ჩვენი სოფელი ძალიან მოსწონდა. ამბობდა, - აქ სიმოვნებით ვიცხოვრებდი, დიდი სივრცეაო...

- თბილისში ვიწროდ ცხოვრობდნენ?

- მგონი, დედამთილ-მამამთილთან და 2 ცოლ-შვილიან მაზლთან ერთად ცხოვრობდა კორპუსის ბინაში...

- შეიძლება ესეც იყო ამ გოგონას სტრესის მიზეზი?

- რა გითხრათ... ჩვენ ვიცით, რომ თავისი ნებით წაჰყვა ქმარს. გვეუბნებოდა, - შემიყვარდა და  იმიტომ გავყევი, სულ არ მაინტერესებს , ადრე ცოლი ჰყავდა, თუ - არაო.

- ანუ ეს გოგონა მეორე ცოლი იყო მისი მეუღლისთვის?

- ჰო. მაგის ქმრის პირველი ცოლი საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ და ამის მერე მოიყვანა ეს გოგო ცოლად.

- პირველ ცოლთან ოფიციალურად გაყრილი იყო?

- ეგ არ ვიცით, მაგრამ მაგ უბედურმა მთელი სოფელი კი დაგვხოცა. საირხიდან საჩხერემდე თავის მოსაკლავად 3 კილომეტრი რომ იარა, ნეტა ერთხელ მაინც ეფიქრა, ჩემი საწყალი დედა ცოდოა, ჩემს მეტი არვინ ჰყავს, ისიც მოკვდებაო... დედისერთა იყო... თუ ქმარი არ უნდოდა, გაცლოდა, ამით რა, ქვეყანა დაინგრეოდა? რატომ ტრიალებს ამდენი ცოდვა ქვეყანაზე, რა სჭირთ ახალგაზრდებს ისეთი, რომ სიცოცხლე აღარ უნდათ?!

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)