არქიმანდრიტი ანთიმოზი: "ღვთის წინაშე ვამბობ, არ შემიგინია" - კვირის პალიტრა

არქიმანდრიტი ანთიმოზი: "ღვთის წინაშე ვამბობ, არ შემიგინია"

"ვთხოვე, ქალბატონი ნინო შემოუშვით, რადგან პატრიარქის სტუმარია-მეთქი"

"პატრიარქთან შევედი, ვუთხარი ეს ამბავი და უწმინდესს ძალიან ეწყინა... მეორე კარიდან შემოვიყვანე ქალბატონი ნინო და სათანადო ადგილიც მოვუძებნე, როგორც პატრიარქმა მაკურთხა.."

ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია ინციდენტი, რომელიც სააღდგომო წირვისას სამების საკათედრო ტაძარში მოღვაწე არქიმანდრიტ მამა ანთიმოზსა (ბიჩინაშვილი) და სამთავრობო დაცვის წევრს შორის მოხდა. ჩვენ დავუკავშირდით მამა ანთიმოზს და კომენტარი ვთხოვეთ:

- ეს ფაქტი მართლაც მოხდა და აქ არაფერია დასამალი. ქალბატონი ნინო ბურჯანაძე იყო მოსული, რომელსაც კარგად ვიცნობ. იმ კარში, საიდანაც მხოლოდ მთავრობის წევრები შედიოდნენ, იდგა სამთავრობო დაცვა (მეორე კარიც ღია იყო, რიგითი მოქალაქეებისთვის, მაგრამ იქ ისეთი ჭედვა იყო, ფაქტობრივად ვერ შევიდოდა ადამიანი) და ვთხოვე, ქალბატონი ნინო შემოუშვით, რადგან პატრიარქის სტუმარია-მეთქი, მაგრამ მიპასუხეს, ჩვენ უბრალო მოქალაქეებს არ ვუშვებთო და ამაზე გავბრაზდი. ქალბატონი ნინო ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პარლამენტის თავმჯდომარე და როგორაა უბრალო მოქალაქე-მეთქი, ვუთხარი. სწორედ ამას მოჰყვა ინციდენტი. მერე პატრიარქთან შევედი, ვუთხარი ეს ამბავი და უწმინდესს ძალიან ეწყინა. ბოლოს მეორე კარიდან შემოვიყვანე ქალბატონი ნინო და სათანადო ადგილიც მოვუძებნე, როგორც პატრიარქმა მაკურთხა.. ეს იყო და ეს. ისე გაავრცელეს ეს ვიდეო, თითქოს ვჩხუბობ, მაგრამ არავითარი ჩხუბი იქ არ ყოფილა. გასაგებია, რომ წესრიგს იცავ, მაგრამ ცოტა უნდა ერკეოდე, რა გევალება, ვინ შეუშვა და ვინ არა.

- კადრებში ისმის, რომ თქვენ ამბობთ - "ეს ჩემი ტაძარია..."

- დაცვამ მითხრა, აქ წესრიგს ვამყარებო და მეც საპასუხოდ ვუთხარი, რომ ეს ტაძარი ჩემია, ჩემი სახლია-მეთქი. საკუთრივ ჩემი კი არა, უბრალოდ ამ ტაძარში მე ვმსახურობ-მეთქი, თორემ ტაძარი უფლისაა. გაავრცელეს, თითქოს ვიგინები კიდეც, მაგრამ ღვთის წინაშე ვამბობ, არ შემიგინია, სიმართლე გითხრათ, ძალიან გავნერვიულდი, მაგრამ ქალბატონმა ნინომ დამამშვიდა.

- ნინო ბურჯანაძის ადგილას, რომ სხვა რიგითი მოქალაქე ყოფილიყო, მაინც მოსთხოვდით დაცვას მის შეშვებას?

- ცოტა რთული კითხვაა, მაგრამ რა არის, იცით? მე მგონი, ნინო ბურჯანაძე არ არის ჩვეულებრივი ადამიანი.

- რა თქმა უნდა, მაგრამ უფლის წინაშე ხომ ყველა ადამიანი თანასწორია...

- ეგ მე კი არა, დაცვის წევრებს უნდა უთხრათ, მე აქ არაფერ შუაში ვარ.

- მამა ანთიმოზ, ბრძანებთ, რომ თქვენი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ნინო ბურჯანაძე, რომელიც ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ტაძარში არ შეუშვეს. მის ადგილას სააკაშვილი რომ ყოფილიყო, რომელიც არათუ მოვალეობის შემსრულებელი, არამედ პრეზიდენტი იყო ორჯერ, იგივეს მოიმოქმედებდით?

- მიშა სააკაშვილს შეუშვებდნენ, მგონია, რომ მას წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ.

იხ. ვიდეო პალიტრა PalitraTV-ზე

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)