ოთარ კობერიძე: ”ახალგაზრდებს ჰგონიათ, კაცი რაც უფრო გააქნევ კურტუმოს, დაიჯღანები, ჩაიხდი და საყურით ივლი, მით უფრო კარგია...” - კვირის პალიტრა

ოთარ კობერიძე: ”ახალგაზრდებს ჰგონიათ, კაცი რაც უფრო გააქნევ კურტუმოს, დაიჯღანები, ჩაიხდი და საყურით ივლი, მით უფრო კარგია...”

"სულ გადავგვარდით!!! სულ აღარ გვანაღვლებს, მართლმადიდებლები რომ ვართ!"

"ნამდვილ ვაჟკაცს არ მოუნდება ქალივით გამოიყურებოდეს... კარგი საქმის მკეთებელი ქართველი ვაჟკაცი არის ევროპელი და არა ის უკანალს რომ აქნევს და რაღაც გაუგებარი პერანგით და ჩულქებით დადის."

"ჩვენ გვინდა გადაგვარება და ევროპას ვაბრალებთ. ვერავინ დამაჯერებს, რომ ევროპა ყვიროდეს, საქართველოში კაცები ერთმანეთზე დააქორწინეთო"

"თბილისის მოდის კვირეული 2014" დასრულდა. ქვეყნის მთავარი მოდური და ბომონდური ღონისძიება 6-10 მაისს გაიმართა... პოდიუმზე არანაკლებ საინტერესო იყო მოდის კვირეულის სტუმრების ჩაცმულობაც... მოდის კვირეულზე მისულმა მამაკაცებმა განსაკუთრებული ყურადღებით არა მხოლოდ სამოსზე, არამედ ფეხსაცმელზეც იზრუნეს: მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ყურადღებას არა მხოლოდ ჩაცმულობით, არამედ ზოგადად, არასტანდარტული ვიზუალით იქცევდნენ...

ამ ფაქტს უკვე მოჰყვა განსხვავებული მოსაზრებები, განსაკუთრებით უკმაყოფილონი კი, ბუნებრივია, უფროსი თაობის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ...

ოთარ კობერიძე:

- საშინლად არ მომწონს ეს ყველაფერი! ძალიან ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, რომ სულ გადავგვარდით. დაგვავიწყდა ჩვენი რჯული და კანონები. სულ აღარ გვანაღვლებს, მართლმადიდებლები რომ ვართ. სუსტი ნებისყოფის ბიჭია გადაგვარებული და ქალად ქცეული, აბა, ნამდვილ ვაჟკაცს არ მოუნდება ქალივით გამოიყურებოდეს... ძალიან ხშირად გვაჩვენებენ განსხვავებული ორიენტაციის ხალხს. ჩვენთვის ისინი მიუღებელნი არიან, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მათ რამეს ვერჩით. ჩემს ახალგაზრდობაშიც იყვნენ ეგენი, მაგრამ ახალგაზრდობას არ აფუჭებდნენ.. ახლა სულ თვალწინ გვიტრიალებენ მათ კეკლუცობას... ახალგაზრდობა კიდევ ფიქრობს, რომ ეს არის ნამდვილი ევროპული კულტურა. ყმაწვილ ბიჭებს ახლა ჰგონიათ, კაცი რაც მეტად გააქნევ კურტუმოს, დაიჯღანები, მარჯვენა მხარეს გაიპარსავ თავს და მარცხნივ თმებს ჩამოუშვებ, მით უკეთესია... არა ბატონო, ევროპა ჩვენ დიდი ხნის წინ გავიცანით და ევროპული კულტურა სულ სხვა რამეა. ყადრიანი კარგი ქართველი ვაჟკაცი არის ნამდვილი ევროპელი. ევროპელობა ჩვენმა ჯიშმა და ჯილაგმა უკვე საუკუნეების წინ გაითავისა და ეს რაღაც ზერელე დამოკიდებულებაა, რასაც ახლა ვხედავთ. ვერავინ დამაჯერებს, რომ ევროპა ყვიროდეს, საქართველოში კაცები ერთმანეთზე დააქორწინეთო. ჩვენ გვინდა გადაგვარება და ევროპას ვაბრალებთ.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- ვიმეორებ, რომ ჩვენს ახალგაზრდობაშიც იყვნენ განსხვავებული ორიენტაციის ხალხი, მაგრამ ჩვენ ვთვლიდით, რომ სუსტები იყვნენ და ყველანაირად ვცდილობდით, ისინი კაცობისკენ შემოგვეტრიალებინა. თუმცა, თუ შევნიშნავდით, რომ ისინი სხვის გარყვნასაც ცდილობდნენ, მაშინ სასტიკად ვუსწოდებოდით. ახალგაზრდებს წარამარა საყურიან და მოკლეკაბიან ბიჭებს ნუ ვუჩვენებთ, თორემ უკვე ჰგონიათ, რომ საჭიროა ყველა ასე იყოს. ქართული ჯიში ძლიერი რომ არ ყოფილიყო, ამდენს ვერ გაუძლებდა... კარგი საქმის მკეთებელი ქართველი ვაჟკაცი არის ევროპელი და არა ის უკანალს რომ აქნევს და რაღაც გაუგებარი პერანგით და ჩულქებით დადის.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)