"ამის გამო ბევრს მასხრად ავუგდივარ" - რატომ დასცინოდნენ 7 შვილის დედას
7 შვილის დედა - 42 წლის ლალი ლოხიშვილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლი, სადაც 5 შვილს ზრდის, მის საკუთრებაში არ გახლავთ და შესაძლოა, ერთ დღეს ქუჩაშიც აღმოჩნდნენ. მას შვილების გამოკვებაც კი უჭირს...
- 17 წლის ასაკში დავოჯახდი. ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მეუღლე გარდამეცვალა და დავრჩი მარტო, 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. მეორედ ოჯახი 19 წლის ასაკში შევქმენი. ვიფიქრე, თუ ოჯახს შევქმნიდი, მეუღლე შვილების აღზრდაში დამეხმარებოდა, მაგრამ შევცდი: ოჯახის შექმნიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, მეორე მეუღლესაც დავშორდი.
- ამის მიზეზი რა გახდა?
- ვერ ეგუებოდა ჩემს შვილებს, რომლებიც პირველი ქორწინებიდან მყავდა. ჰოდა, გადავწყვიტე, 7 შვილი მარტოს გამეზარდა. მან არჩევანის წინაშე დამაყენა, მე კი შვილების დაკარგვას მეუღლისგან შორს ყოფნა ვარჩიე.
- თავს როგორ ირჩენთ? რა არის თქვენი ოჯახის შემოსავალი?
- ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელსაც სახელმწიფო გვაძლევს და კიდევ, მრავალშვილიანობის დახმარებაც, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ჩვენ რომ ვცხოვრობთ, ნუთუ ამას, ცხოვრება ჰქვია? - ჩემი შვილები ყველაფერს მოკლებული და დანატრებულები არიან. ჩემთვის თითოეული დილის გათენება სიკვდილის ტოლფასია; მანადგურებს ფიქრი იმაზე, თუ რა ვაჭამო ბავშვებს...
***
- საქართველოში ბევრი შვილის გაჩენა რატომღაც, სირცხვილად მიიჩნევა. 7 შვილი იმ შეგრძნებით გავზარდე, რომ მეგონა, საშინელ დანაშაულს ჩავდიოდი.
- რატომ?
- ამის გამო ბევრს მასხრად ავუგდივარ. ვოცნებობ, საქართველოში ბევრი შვილის გაჩენის აღარ ეშინოდეთ და ამის გამო ერთმანეთს არ დასცინოდნენ.
პ.ს. თუ ქალბატონი ლალის და მისი შვილების დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 5(98) 79.74.91.