"სასახლე თუ მზად არ გაქვთ, ,,კარდონის” ყუთში ჩაგიდებთო!" - რას ყვება ჟვანიას კლინიკაში გარდაცვლილი პატარა ნიკუშას მამა
"ჩემი ბავშვი დაბმული ჰყავდათ..."
"შვილი რომ ვნახე, თავზარი დამეცა - საშინლად დასიებული იყო და ტანზე სისხლჩაქცევები ჰქონდა"
"უკმეხად მპასუხობდნენ, ნუ გვაცდენთ, არ გვცალიაო"
”ბავშვების სასაკლაო”, - ასე იწყება პატარა ნიკუშას მამის მიმართვა, რომელიც მან სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე გამოაქვეყნა. გიორგი კეთილაძე ყველა მშობელს მიმართავს, - ”თუ თქვენი პატარის ბედი გაღელვებთ, მოერიდეთ ჟვანიას სახელობის პედიატრიის კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში ბავშვების მოთავსებას, სადაც პატარების ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მძიმდება და შესაძლოა, ყველაფერი ფატალურადაც დამთავრდეს”. როგორც გიორგი კეთილაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ამ განყოფილებაში პერსონალის დიდ ნაწილს პატარა პაციენტების ბედი არ ანაღვლებს...
- განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ,,ექიმი”'დოდო გველესიანი და დღის ექთანი ლამარა მინაძე... სადაზღვევო კომპანიებიდან ფულის გამოძალვის მიზნით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელოვნურად მძიმდება, პაციენტს არასაჭიროებისამებრ აერთებენ მართვითი სუნთქვის აპარატზე, რითაც ბავშვების მდგომარეობა უარესდება.
- უფრო დეტალურად გვიამბეთ...
- ჩემი შვილი, 2 წლისა და 4 თვის ნიკუშა, გაცივდა და სიცხე მისცა, 38,5. იმ ღამეს სიცხის დამწევი დავალევინეთ, მაგრამ მეორე დღესაც რომ აუწია, სასწრაფო გამოვიძახეთ და ჟვანიას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადავიყვანეთ, სადაც მარჯვენა ფილტვის ანთება დაუდგინდა. მკურნალ ექიმს, დოდო გველესიანს ავუხსენი, ძალიან მგრძნობიარე ბავშვია, დედის გარეშე ვერ გაძლებს და იქნებ, დედასთან ხშირად ურთერთობის საშუალება მისცეთ-მეთქი.
- ბავშვს თანდაყოლილი ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, არა?..
- დიახ, დაუნის სინდრომი ჰქონდა, მაგრამ ეს მის დაღუპვასთან არაფერ შუაშია...
- რა გითხრათ ექიმმა?..
- შეგვპირდა, რომ მდგომარეობას გაითვალისწინებდა, მაგრამ, დაპირება დაპირებად დარჩა: - 24 საათის განმავლობაში, ბავშვს მხოლოდ ერთხელ, 2 – 3 წუთით ვნახულობდით... ექიმისგან შვილის მდგომარეობის გაგებასაც 24 საათის განმავლობაში ერთხელ ვახერხებდით. ვთხოვე, ტელეფონის ნომერი მაინც მოეცა, მაგრამ ცივი უარი მივიღე, უფლება არ მაქვსო... რომ შევეცდებოდით ბავშვის მდგომარეობის გაგებას, - უკმეხად მპასუხობდნენ, ნუ გვაცდენთ, არ გვცალიაო... მეორე დღეს, როდესაც ბავშვთან შევედით, ტიროდა და წრიალებდა. მოუსვენრად ყოფნის გამო, კათეტერი რომ არ გამოეძრო, დაბმული ჰყავდათ... ექთანმა თქვა, მთელი ღამე ვერ დავაწყნარეთ და ხომ არ ჯობია, პალატაში დედასთან ერთად გადავიყვანოთო... მაგრამ საღამოს, დოდო გველესიანი მოვიდა ჩვენთან და აგვიხსნა, ბავშვი აპარატზე უნდა შევაერთოთო... აპარატზე შეერთების შემთხვევაში ბავშვებს ფსიქოტროპული წამლებით თიშავენ და მისი ტირილით არ წუხდებიან... მესამე დღეს ბავშვს კისერზე ნაწოლი გაუჩნდა. როცა ექიმს მიზეზი ვკითხე, ისიც ვუთხარი, საკმარისი იყო, ბავშვისთვის გვერდი შეგენაცვლებინათ და ნაწოლი აღარ გაუჩნდებოდა, ან ხელით მასაჟი გაეკეთებინათ, რათა სისხლი ამოძრავებულიყო-მეთქი, აგდებულად მიპასუხა, - ამდენი დრო სად გვაქვსო... მეოთხე დღეს შვილი რომ ვნახე, თავზარი დამეცა, - საშინლად დასიებული იყო და ტანზე სისხლჩაქცევები ჰქონდა. მორიგე ექიმს (სახელად ნინოს, სამწუხაროდ გვარი არ ვიცით) ვკითხე, ეს რა არის-მეთქი, - ასეთი გადმომაბარეს და არაფერი ვიციო... მეხუთე დღეს ბავშვი იგივე მდგომარეობაში იყო, მაგრამ სისხლჩაქცევები არ მანახეს, - ზეწრის გადახდა ექიმმა დოდო გველესიანმა ამიკრძალა, რამე ვირუსი არ გადასდოო. ნიკუშას ტუჩები დახეთქილი და დასისხლიანებული ჰქონდა, ენა გამომშრალი. ექთან ლამარა მინაძეს მორიდებით ვთხოვე, იქნებ წყლით ან რამით დაუსველოთ-მეთქი, - რაც საჭიროა, ყველაფერი უკეთდებაო, მიპასუხა... დოდო გველესიანს არაერთხელ ვუთხარით, ნიკუშას გასიება და სისხლჩაქცევების შესახებ, - ეს მეოთხეხარისხოვანია, მთავარია, ფილტვების ანთება დალაგდესო, - მიპასუხა...
ერთი სიტყვით, მეექვსე დღეს, ბავშვი ”მეოთხეხარისხოვანი” სეფსისით დაიღუპა. როდესაც ბავშვის დაღუპვის შესახებ მაცნობეს, დასძინეს, სასახლე თუ მზად არ გაქვთ ,,კარდონის”'ყუთში ჩაგიდებთო! – შოკში ჩავვარდი, ანუ ბავშვი კლინიკაში რომ მიმყავდა, ამავდროულად სასახლეზეც უნდა მეზრუნა?.. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, სანამ მის ცხედარს გამომატანდნენ, მკითხეს, გაკვეთა ხომ არ გინდათო. უარი ვუთხარი. რის შემდეგაც მითხრეს, ფურცელზე ხელი მომიწერეთო... მხოლოდ ხელის მოწერის შემდეგ შევნიშნე, რომ გაკვეთაზე უარის გარდა, ხელი იმაზეც მომაწერინეს, რომ მედპერსონალის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გამაჩნდა.
ჩვენ შევეცადეთ, ექიმ-რეანიმატოლოგ დოდო გველესიანის პოზიცია მოგვისმინა, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, მან ახლახან, გულის ოპერაცია გაიკეთა და ჩვენთან საუბარს ვერ შეძლებდა...
პ.ს. გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის კლინიკის დირექტორის, ლია ძიძიგურის თქმით, მან თავადაც წაიკითხა გიორგი კეთილაძის მიმართვა, მაგრამ პატარა ნიკოლოზის საქმეს პროფესიული განვითარების საბჭო სწავლობს და ვიდრე მისი დასკვნა ცნობილი არ გახდება, კომენტარის მიცემისგან თავს იკავებს.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)