ამბავი, რომელიც გულს გაგითბობთ - მეეზოვე ბებია და შვილიშვილი - კვირის პალიტრა

ამბავი, რომელიც გულს გაგითბობთ - მეეზოვე ბებია და შვილიშვილი

"მითხრა - წამიყვანე, ბებო, რა იქნება, მეც წამიყვანე, შენთან მინდაო."

"დილას 6-სთზე ვდგებით და ერთად გავდივართ სამუშაოდ. ახლო-ახლოს ვდგავართ ერთმანეთთან, თან ზღაპრებსაც ვუყვები და ასე გაგვყავს დრო..."

"ანდრი სანამ ბაღში წავა, დიდი კაცივით მუშაობს, რამდენიმე ქუჩის დასუფთავებას ვასწრებთ."

რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელში ყურადღების ცენტრშია ზუგდიდელი მეეზოვისა და მისი შვილიშვილის ფოტო, სადაც ორივე უნიფორმაშია გამოწყობილი... კომენტარებში წერდნენ, რომ ოჯახს ძალიან უჭირდა და დახმარება სჭირდებოდა.

”კვირის პალიტრა” ზუგდიდელ მეეზოვეს, 60 წლის დენიზა გოგიასა და მის პატარა შვილიშვილს, ანდრის დაუკავშირდა...

- ანდრი (თოდუა) 3,5 წლის არის. დილას 6-სთზე ვდგებით და ერთად გავდივართ სამუშაოდ. რამდენიმე ქუჩას ვასუფთავებთ, ანდრის ძალიან უხარია ჩემთან ერთად ყოფნა.. ახლო-ახლოს ვდგავართ ერთმანეთთან, თან ზღაპრებსაც ვუყვები და ასე გაგვყავს დრო. ძალიან აქტიური, დაუზარელი და ცოცხალი ბავშვია. მისი თანატოლებისგან განსხვავებით, ზარმაცი არ არის. თუ ცუდი ამინდია, მეცოდება და მეშინია, არ გამიცივდეს და არ მიმყავს. არც კარგ ამინდებში დამყავს ყოველდღე, როდესაც თავად მოუნდება, მაშინ მომყვება...

პირველად რომ მითხრა, - წამიყვანე, ბებო, რა იქნება, მეც წამიყვანე, შენთან მინდაო, ვიუარე, მაგრამ ძალიან მეხვეწებოდა და მეც წავიყოლე. პატარაა, მაგრამ სხვანაირად ჭკვიანი ბავშვია.

- ანდრის დედ-მამა ჰყავს?..

- დიახ, დედამისი ჩემი ერთადერთი შვილია. სიძეც ჩემთან ცხოვრობს. არც ერთი არ მუშაობს და მართალი გითხრათ, არ გვილხინს, თუმცა ბავშვი ამიტომ ნამდვილად არ დამყავს სამუშაოდ, უბრალოდ, თავად გამოთქვა ამის სურვილი. ზუგდიდში სამეგრელოს ქუჩაზე ვცხოვრობთ. აფხაზეთიდან დევნილები არ ვართ, როგორც დაიწერა, ადგილობრივები ვართ, სახლ-კარი გვაქვს, მაგრამ შემოსავალიც ხომ გვინდა, მით უფრო, შვილიშვილები პატარები არიან.

- მეუღლე არ გყავთ?..

- არა, გარდაცვლილი მყავს.

- შვილიშვილიც ერთი გყავთ?..

- არა, ანდრის ერთი წლით უმცროსი ძმა ჰყავს, ილია.

- ბავშვები ბაღში არ დადიან?..

- კი, დადიან, ანდრი სანამ ბაღში წავა, დიდი კაცივით მუშაობს, რამდენიმე ქუჩის დასუფთავებას ვასწრებთ. ანდრი მერე ბაღში მიდის, მე მუშაობას ვაგრძელებ...

- ფოტოზე ბავშვს მეეზოვის ფორმა აცვია...

- დიახ, მე შევუკერე, უფრო სწორად დიდი ზომის იყო და მის სარგოდ გადავუკეთე... თავისი პატარა ცოცხიც აქვს.

- რამდენი წელია ქალაქის დასუფთავების სამსახურში მუშაობთ.?..

- სამ წელზე მეტია... მანამდე ოჯახში არავინ ვმუშაობდით, არც პენსია მეკუთვნოდა. სად არ მივედი, რა არ ვცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ბოლოს, დასუფთავების სამსახურის ადგილობრივ სამსახურს მივმართე, ჯანი მერჩის და რამე სამუშაო მიპოვეთ-მეთქი...

ნუგზარ მალაშხია, ზუგდიდის დასუფთავების სამსახურის უფროსი:

- ფოტოს ნახვის შემდეგ, თბილისიდანაც დამირეკეს, გვითხარით, როგორ დავუკავშირდეთ ბავშვის ოჯახს, რომ დავეხმაროთო, ავუხსენი, რომ ბავშვი გაჭირვების გამო კი არა, საკუთარი სურვილით აკეთებს ამას, თორემ 3 წლის ბავშვს ვინ ამუშავებს, რაზეა ლაპარაკი... როდესაც ეს გავიგეთ, ქალბატონ დენიზას პატარა შვილიშვილიც ეხმარებდა, დასუფთავების სამსახურის საპატიო წევრობა მივანიჭეთ და საჩუქრად ერთი თვის პენსიაც მივეცით დამატებით... დიახ, უჭირთ, იმიტომ, რომ ოჯახიდან ერთი წევრი მუშაობს მხოლოდ, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია, ხელს ვუწყობთ...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)