"პომპეიში ქვა არ მომიპარავს, ჩამიდეს" - მანუჩარი იტალიის წინააღმდეგ (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"პომპეიში ქვა არ მომიპარავს, ჩამიდეს" - მანუჩარი იტალიის წინააღმდეგ (ექსკლუზივი)

"რაში მჭირდებოდა პომპეის ქვის ნატეხიდათვალიერებისას კედლიდან ჩამოვარდა ქვა, ავიღე ხელში, ამ დროს გამოჩნდა დაცვაც და დამაპატიმრეს"

"წარმოიდგინეთ, რამხელა სკანდალი იქნება - ქართველი არალეგალი უჩივის იტალიის სახელმწიფოს."

"უმაღლესი განათლება მაქვს, მაგისტრის ხარისხი და ახლა ხელებზე ტყავი აღარ მაქვს საღებავებზე მუშაობით"

რამდენიმე დღის წინ ქართულმა სააგენტოებმა იტალიურ ტელეარხებსა და პრესაზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პომპეიში საქართველოს მოქალაქე მანუჩარ კუბლაშვილი დააკავეს, რომელმაც ადგილობრივი მუზეუმიდან ანტიკური ხანის მოზაიკის ნაწილის მოპარვა სცადა. როგორც იტალიური პრესა წერდა, მას ჯიბეში უძველესი მოზაიკის რამდენიმე ნატეხი უპოვეს. ეჭვმიტანილმა დანარჩენის გადაყრა მოასწრო, შემდეგ გაქცევა სცადა და დააკავეს.

ჩვენ იტალიაში დავუკავშირდით მანუჩარს, რომელიც თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და მეტიც, აპირებს ცილისწამებისთვის პასუხი მოითხოვოს:

- დასათვალიერებლად ვიყავი წასული და სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი იმ ადგილთან. ეს ხდება პომპეიში, რომელიც არის ქალაქი ღია ცის ქვეშ და იქ არის ჩამოშლილი კედლები, ყრია ქვები და სხვ. დათვალიერებისას კედლიდან ჩამოვარდა ქვა, რომელიც ავიღე და ამ დროს გამოჩნდა დაცვაც და დამაპატიმრეს. გეკითხებით, რაში მჭირდებოდა პომპეის ქვის ნატეხი? ქვა, რომელსაც არავითარი ღირებულება არ გააჩნია. ახლო-მახლო იმდენი ყრია, ვისაც უნდა, მთელ ტომარას აიღებს და რატომ მოვიპარავდი?! სიმართლე რომ გითხრათ, ჩემს თვალწინაც ბევრი იღებდა კიდეც ამ ქვებს.

- თუ ასეთი უმნიშვნელო ფაქტი იყო, რატომ ჩათვალეს შენი დაჭერა საჭიროდ?

- იტალია არის კრიზისში, ტურისტების რაოდენობამ იკლო საგრძნობლად, მათ შორის პომპეიშიც და თავისი ჭკუით ასეთი თემა წამოწიეს: ნახეთ, რა მაგარი რამე გვაქვს, აქედან ქვებსაც კი იპარავენო.

- თუკი ისეთ ბრალდებას გიყენებდნენ, როგორიცაა კულტურული ძეგლის გაძარცვა, როგორ გამოგიშვეს?

- ნებისმიერი დამწყები იურისტი მიხვდება, რომ მართლა რამე ხელჩასაჭიდი რომ ჰქონოდათ, არავინ გამომიშვებდა. სასამართლო გაიმართა მესამე დღეს. ბრალდების მხარემ წარმოადგინა ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეეძლოთ. მე გავაბათილე მათი არგუმენტები და გამომიშვეს, თუმცა ქალაქის დატოვების უფლება არა მაქვს. 45 დღე მაქვს სააპელაციოდ და აუცილებლად გამოვიყენებ. სახაზინო ადვოკატი მყავდა, რომელიც თავს დიდად არ შეიწუხებდა, კარგი ადვოკატის აყვანას კი იმდენი ფული უნდა, აქ გადმოხვეწილ ადამიანს მაგის საშუალება ნამდვილად არ მაქვს.

- საქართველოს წარმომადგენლებს თუ დაუკავშირდი და თუ გეხმარებიან?

- დავურეკე კონსულს ვახტანგ ანდღულაძეს, რომელიც ძალიან შეწუხებული იყო და ჩემმა დარეკვამ გაახარა. მითხრეს, ადვოკატი არ გვყავს, მაგრამ ვინმეს ვნახავთ, ვინც დაგეხმარებაო. ამ საქმეს აუცილებლად შევაბრუნებთ უკან. წარმოიდგინეთ, რამხელა სკანდალი იქნება - ქართველი არალეგალი უჩივის იტალიის სახელმწიფოს.

- სასამართლოზე მოწმეები თუ ყავდათ ან ნივთმტკიცებები თუ ჰქონდათ წარმოდგენილი?

- არანაირი დამამტკიცებელი მასალა არ ჰქონიათ, არც ვიდეო კამერის ჩანაწერი და არც ჩხრეკის ოქმი არ წარმოუდგენიათ, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. როცა ჩამოვარდნილი ქვა დამინახა ხელში, დაცვამ მითხრა, რომ იპარავდიო, მე ვიუარე. ამასობაში დაცვის მეორე წევრმა ქვები მოიტანა და საბჭოთა ტრადიციების დაცვით, ასე ვთქვათ, "ჩამიდეს". ვუთხარი კიდეც მოსამართლეს, რომ მოსულმა კარაბინერმა დაცვას მკაცრად უთხრა, დანარჩენი ქვები რატომ არ მოიტანეო. მე ვცხოვრობ ნეაპოლში, სადაც კრიმინოგენული ვითარება საშინელია. მარტო იმ ქუჩაზე, სადაც მე ვცხოვრობ, ერთ კვირის განმავლობაში 5 ადამიანი მოკლეს. ქუჩაში ისვრიან, ადამიანს სახლიდან გამოიყვანენ და ადგილზე კლავენ. ამ ყველაფრის ფონზე კი პროკურორმა თქვა - რადგან მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს მაგის გაშვება საზოგადოებისთვის საშიში იქნებაო. გავგიჟდი - შუა ქუჩაში ხალხს ხოცავენ და ისინი არ არიან საშიშები და ჩემი გეშინიათ-მეთქი?

- მანდ არალეგალად ხარ?

- კი. უმაღლესი განათლება მაქვს, მაგისტრის ხარისხი და ახლა ხელებზე ტყავი აღარ მაქვს საღებავებზე მუშაობით. ესაა საქართველოს და ქართველების სამწუხარო რეალობა.

- ახლა დეპორტაცია არ გემუქრება?

- მე რომელ რეგიონშიც ვცხოვრობ დეპორტი ძალიან იშვიათად ხდება, ვინაიდან თვითონ ქვეყანას უჯდება ძვირი. სერიოზულ კრიმინალზეც კი არ ადეპორტებენ ხალხს, თუმცა ჩემი საქმე ისეთი რეზონანსული გახდა, რომ შეიძლება, მე გამომიშვან.

- როგორც თქვი აპირებ სასამართლოში ჩივილს, მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვ იტალიური სახელმწიფოსგან?

- ამას ადვოკატთან ერთად გადავწყვეტ. მოხუცი მშობლები მყავს და იმაზე ვნერვიულობ ამას რომ გაიგებენ, ძალიან ინერვიულებენ. მე კი ავუხსნი სიმართლეს, მაგრამ ინტელიგენტი ხალხია და თუნდაც ტყუილი იყოს, ასეთ ამბავს ძალიან განიცდიან და ახლა ყველაზე მეტად ეს მანერვიულებს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)