"ვიღაც თვლის საჭიროდ, რომ ლოდზე ჯვარი დაამაგროს" - რატომ დაადგეს ვაჟა-ფშაველას საფლავზე ჯვარი (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ვიღაც თვლის საჭიროდ, რომ ლოდზე ჯვარი დაამაგროს" - რატომ დაადგეს ვაჟა-ფშაველას საფლავზე ჯვარი (ექსკლუზივი)

"უკვე შემოსულია პროექტი, რომ ყველა საფლავზე უნდა დაიდგას ჯვარი(!)"

"მოვიდა ჩუმად და წინასწარ დამზადებული ჯვარი დაადგა"

მთაწმინდაზე, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ვაჟა-ფშაველას საფლავის ქვას ბეტონის ჯვარი დაადგეს. ინიციატივის ავტორი უცნობია და როგორც გაირკვა, მსგავსი ფაქტები, როდესაც უბრალო ადამიანები მოდიოდნენ და ვაჟას საფლავზე სხვადასხვა ფორმისა და ზომის ჯვარს დგამდნენ, ადრეც ყოფილა...

აღნიშნული საკითხის გასარკვევად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დავუკავშირდით. თუმცა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განგვიმარტა, რომ ეს კულტურის სამინისტროს პრეროგატივა არ არის (!) და პასუხს მერიის კულტურის სამსახური გაგვცემდა. ნეკა სებისკვერაძის სამსახურში კი, ოპერატიულად გადაგვამისართეს პანთეონების გაერთიანების სამსახურთან, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებას კურირებს...

ისე კი, ვაჟა-ფშაველას პერსონის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, თუ სახელმწიფო მისი და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალული ადამიანების საფლავების მიმართ მეტ ყურადღებას და გულისხმიერებას გამოიჩენდა.

მარინა დავითაშვილი, პანთეონების გაერთიანების დირექტორი:

- ასეთი შემთხვევები ადრეც მოხდა. რატომღაც ვიღაც თვლის საჭიროდ, რომ მოვიდეს და ლოდზე ჯვარი დაამაგროს. ახლაც იგივე მოხდა, მოვიდა ჩუმად და წინასწარ დამზადებული ჯვარი დაადგა. სავარაუდოდ, ის ადამიანები ამ ფორმით ვაჟას მიმართ თაყვანისცემასა და სიყვარულს გამოხატავენ. მხოლოდ ჯვირს დადგმის ფაქტები არ ყოფილა, ზოგს უბრალოდ ქვა მოაქვს, ზოგსაც სუვენირი და ალაგებენ. ჩვენ ავალთ პანთეონში და მოვხსნით მას.

- პანთეონს დაცვის სამსახური არ ჰყავს?.. ჯვარი ჩაბეტონებულია...

- კი, ჰყავს, უბრალოდ ცოტა ქვემოთ, მოშორებით დგანან. როდესაც ჰგუფი ამოდის, მათ დაჰყვებიან და აფრთხილებენ კიდეც, მაგრამ ძნელია ყველა ადამიანს ნაიჯ-ნაბიჯ გაჰყვე... ისე კი, უკვე შემოსულია პროექტი, რომ ყველა საფლავზე უნდა დაიდგას ჯვარი, მაგრამ საკმაოდ შრომატევადი საქმეა და როდის განხორციელდება, არ ვიცით.

- ვისი იდეაა, ყველა საფლავზე ჯვრის განთავსება?..

- იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების, (რომლის თავმჯდომარე დეკანოზი კონსტანტინეა (გიორგაძე), - ავტ.), მაგრამ ჯერჯერობით შესასწავლია ფორმა, სტრუქტურა და საერთოდ ვიზუალური სახე. თუმცა, არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც მთაწმინდაზე არსებული ყველა საზოგადო მოღვაწის საფლავს ჯვარი დაედგას.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)