"მეკითხებოდნენ, საიდან ჩამოვედი, რა მინდოდა საქართველოში... მერე ცემა დამიპირეს" - კვირის პალიტრა

"მეკითხებოდნენ, საიდან ჩამოვედი, რა მინდოდა საქართველოში... მერე ცემა დამიპირეს"

"ჩემს მეუღლეს უთხრეს, ამისთანა ლამაზი გოგო ამ მაიმუნთან რატომ ზიხარო"

"მეკითხებოდნენ ჩემი კანის ფერზე. მეკითხებოდნენ ხომ არ ვიყავი აფრიკიდან, ვიყავი თუ არა თავისუფალი და მყავდა თუ არა პატრონი"

ინგლისელი მოქალაქე, მოცეკვავე აარონ ჩარლზი, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს საქართველოში, მის მიმართ რასობრივ დისკრიმინაციაზე საუბრობს. ჩარლზი აცხადებს, რომ მსგავსი ინციდენტი რამდენიმე დღის პერიოდში ორჯერ განმეორდა. პირველ შემთხვევას სუპერმარკეტ სმარტ-ში ჰქონდა ადგილი, მეორეს კი მაკდონალდსში. თავისი გულისწუხილი მან ჩვენც გაგვიზიარა:

- საქართველოში ჩამოვედი იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე არის აქ, ის ქართველია. კიდევ, ცეკვას ვასწავლი სამ სხვადასხვა სტუდიაში, ჩემი შემოსავალი მაქვს. ასევე სხვა და სხვა პროექტებს ვახორციელებ ჩემს მეუღლესთან ერთად...

- დეტალურად გვიამბეთ, რა მოხდა სუპერმარკეტ სმარტ-სა და მაკდონალდსში ...

- მე და ჩემი მეუღლე ვვახშმობდით "სმარტში". უეცრად ვიღაც კაცი მოგვიახლოვდა და მოგვაშტერდა. ჩემმა მეუღლემ ზრდილობიანად ჰკითხა რამე პრობლემა ხომ არ იყო, მას ამაზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, დაიწყო ყვირილი და გინება. მე ვთხოვე, თუ რაიმე პრობლემა იყო, ერთად მოგვეგვარებინა, თუმცა ის არ წყვეტდა ყვირილს. ჩემს მეუღლეს ისიც კი უთხრა, ამისთანა ლამაზი გოგო ამ მაიმუნთან რატომ ზიხარო. არ მგონია, რომ ნასვამი იყო, არ მჯერა ამის. იქვე იყო დაცვაც. ისე ჩანდა, თითქოს დაცვას ამ კაცის ეშინოდა. მათ არაფერი გაუკეთებიათ.იდგნენ და უყურებდნენ  კაცს, რომელიც მიყვიროდა. მე დამებადა კითხვა, რისთვის არსებობს დაცვის თანამშრომელი, თუკი იგი მომხმარებელს არ დაიცავს? მ არსებობს დაცვა?

რაც შეეხება მაკდონალდსს, იქ ჩემს მოსწავლესთან ერთად ვიყავი. ორი მამაკაცი მოგვიახლოვდა და უხეშად მითხრეს, რომ ავმდგარიყავი. მე უარი ვთქვი, მაგრამ ისინი იდგნენ და თავზე დამყურებდნენ, შემდეგ ჩემმა სტუდენტმა სთხოვა მათ, ზრდილობიანად დამლაპარაკებოდნენ და და მათ ზრდილობიანად მთხოვეს, რომ სხვაგან გადავმჯდარიყავი. მე დავთანხმდი და ჩემს სტუდენტს მივუჯექი გვერდზე. შემდეგ გვკითხეს, საიდან ჩამოვედი, რა მინდოდა საქართველოში. ნელ-ნელა აგრესიაში გადაიზარდა მათი საუბარი, მე ვთხოვე, რომ დამშვიდებულიყვნენ და ავდექი კიდეც, რომ წავსულიყავი, რათა სიტუაცია განმემუხტა. ერთ-ერთი მათგანი წამოვიდა ჩემკენ და ცემა დამიპირა, უნდოდა ხელი დაერტყა. ამის შემდეგ მოვიდა დაცვა და მე გამომაგდეს მაკდონალდსიდან. შემდეგ მოვიდა პოლიცია. დისკრიმინაციული ჩემთვის იყო ის, რომ ისინი მეკითხებოდნენ ჩემი კანის ფერზე. მეკითხებოდნენ, ხომ არ ვიყავი აფრიკიდან, ვიყავი თუ არა თავისუფალი და მყავდა თუ არა პატრონი.

- ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი ინციდენტი შეგემთხვათ?

- არა, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ასეთი რაღაცეები მომხდარა ავტობუსში, რესტორანში, ქუჩებში. ხალხი რაღაც სიტყვებს მეძახდა, მიყურებდა. შესაძლოა, ვიღაცისთვის ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ძალიან უსიამოვნო გრძნობაა, როდესაც ხალხი იცინის იმის გამო, რომ ხარ განსხვავებული.

- რას ფიქრობთ, რა არის მიზეზი, რის გამოც ხალხი იქცევა ასე?

- მე ვფიქრო, რომ ამის მიზეზი არის განსხვავება და განათლების დონე.

- ხომ არ აპირებთ სარჩელის შეტანას?

- ამ მომენტში ამაზე არ ვფიქრობ, რადგან მინდა, რომ ხალხი შეიცვალოს და მინდა მეტი პოზიტივი.

- რას ეტყოდით ქართველ საზოგადოებას ამ ყველაფრის შემდეგ?

- უბრალოდ გიყვარდეთ ერთმანეთი, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ. არსებობს ერთადერთი რასა ადამიანებისა, ჩვენ ყველას გვაქვს გული, გრძნობები. მე აქ სტუმარი ვარ და თავს კომფორტულად უნდა ვგრძნობდე. მინდა ვთხოვო ხალხს, უბრალოდ დამშვიდდნენ, მიიღონ განათლება, ესაუბრონ განსხვავებულ ხალხს, დაუმეგობრდნენ სხვა ქვეყნის ადამიანებს და გაიგონ, რომ ყველას აქვს გრძნობები.

ევა ბოლქვაძე