"ვიდექით. სიმონ, სტეკლოტარაზე და გიჟივით ამეიშხუილა პატრულის მანქანამ" - გიჟური რბოლა ქუთაისში - კვირის პალიტრა

"ვიდექით. სიმონ, სტეკლოტარაზე და გიჟივით ამეიშხუილა პატრულის მანქანამ" - გიჟური რბოლა ქუთაისში

"ვიღაცა ბიჭი იჯდა, ცალ მხარეს სახეზე "სკოჩი" ჰქონდა გაკრული, "შავი აჩკები" ეკეთა"

"ასე უტვინო რაფერ უნდა იყო, სიმონ, პატრულის მანქანა რო გეიტაცო?"

"პატრულის ოფიცრები გადასული იყვნენ მოქალაქის დასახმარებლად და ამ დროს ახალგაზრდა მამაკაცმა ავტომობილი გაიტაცა"

რამდენიმე დღის წინ ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე საპატრულო პოლიციის მანქანა გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებელი მალევე დააკავეს. ფაქტის გადამოწმება შსს-ში ვცადეთ:

ვიკა კლიმიჩევა, შსს პრეს-ცენტრის წარმომადგენელი:

-გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პიროვნების ვინაობას ვერ დაგისახელებთ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ძარცვის მუხლით.

- რა ვითარებაში მოხდა მანქანის გატაცება?

- საპატრულო ეკიპაჟის წევრები გადასული იყვნენ მოქალაქის დასახმარებლად და ამ დროს ახალგაზრდა მამაკაცმა ავტომობილი გაიტაცა. საპატრულო პოლიციამ აღნიშნული პირი რამდენიმე წუთში დააკავა.

- პატრულის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხიც ხომ არ დადგება, რადგან მათ მიტოვებული ჰყავდათ მანქანა?

- როგორც უკვე გითხარით, ისინი გადასული იყვნენ მოქალაქის დასახამარებლად და მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.

ჩვენ ვნახეთ ტაქსის მძღოლი, რომელიც შემთხვევით შეესწრო გატაცების ფაქტს. მან საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა ინტერვიუზე უარი არ უთქვამს (სტილი დაცულია):

- ვიდექით, სიმონ, "სტეკლოტარაზე" და ამეიშხუილა, მარა რა ამეიშხუილა. პატრულის მანქანამ, სიმონ, მოდევდნენ უკან. ვიღაც ბიჭი იჯდა, ცალ მხარეს სახეზე "სკოჩი" ჰქონდა გაკრული, "შავი აჩკები" ეკეთა.

- თქვენთვის ნაცნობი პიროვნება იჯდა საჭესთან?

- კაი ხანია, ვტაქსაობ, მთელ ქალაქს ვიცნობ, ვერ ვიცანი, ვინ იყო, მარა მაგრად კი გარბოდა. ქე გამიკვირდა, პატრულის მანქანა ასე რას გარბის, წინ არავინ მიდის, რო მოდევდეს-მეთქი, მარა მერე უკან სხვა პატრულებიც რომ მოყობოდნენ, კი მივხვდი, რაშიც იყო საქმე.

- და რაში იყო საქმე?

- რაში და ვინცხას გოუტაცია პატრულის მანქანა. მერე გაკიდებია პატრულის სხვა ეკიპაჟი და იმიტო მიქროდნენ გიჟებივით, თურმე დიეს მთელი დღე. ჭიშურასთან დეიჭირეს, მოუსრიალდა თურმე.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორ მოხდა დაკავება?

- რო დევინახე, გარბოდნენ, ეგრევე ვთქვი, რომ საცხა დაამტვრევდა იმ მანქანას და ბოლოს დოუმტვრევია ჭიშურასთან. თვითონ ქე არი გადარჩენილი, მარა მანქანა არი ნამწა-ნამწა ასაწყობი. ასე უტვინო რაფერ უნდა იყო, სიმონ, პატრულის მანქანა რო გეიტაცო? ვინ გოუშვებდა მაგას?! არ ვიცი ახლა, რა ედო გულში, მაგრამ თავში რო ტვინი არ ედო, ფაქტია.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)