"ეს ბავშვები შეიწირა კომუნისტურმა რეჟიმმა და არა ედუარდ შევარდნაძემ" - კვირის პალიტრა

"ეს ბავშვები შეიწირა კომუნისტურმა რეჟიმმა და არა ედუარდ შევარდნაძემ"

"სიკვდილისთვის ყველა ადამიანი მეცოდება... შევარდნაძეც შემეცოდა."

"ედუარდმა გვითხრა: ბევრი კარგი გავაკეთე, ალბათ ბევრი ცუდიც, მაგრამ ეს ისეთი რამ ჩავიდინე, რომ ისე ჩავალ მიწაში, რომ ამას ზურგიდან ვერ მოვიცილებო."

1983 წელის ნოემბერში ე.წ. "თვითმფრინავის ბიჭების" საქმემ მთეილი დროინდელი საბჭოთა კავშირის ყურადღება მიიპყრო. რამდენიმე ახალგაზრდამ თვითმფრინავის გატაცება სცადა, ეს იმდენადად დაუჯერებელი და შოკისმომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს არავის ეჯერა. ახალგაზრდებს მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდათ: რკინის ფარდის გარღვევა და ისეთ ქვეყანაში გადასვლა სადაც კომუნისტური რეჟიმი არ იქნებოდა. თვითმფრინავის გატაცებაში სულ შვიდი ადამიანი მონაწილეობდნენ – გეგა კობახიძე, თინა ფეტვიაშვილი, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა და პაატა ივერიელები და გია ტაბიძე. სამწუხაროდ, მათი იდეა უდიდესი ტრაგედიით დასრულდა. ერთი "გამტაცებელი" ადგილზე გარდაიცვალა. სოსო წერეთელი მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა (როგორც მაშინ ამბობდნენ დაჭრილთან ექიმები არ მიუშვეს, რათა მიეხედათ), ხოლო მესამემ, გია ტაბიძემ, მას შემდეგ რაც თვითმფრინავი უკან, აეროპრტში დააბრუნეს და კგბ-ს სპეცდანიშნულების რაზმმა ალყა შემოარტყა, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ცოცხლად დარჩენილებს დახვრეტა მიუსაჯეს. მხოლოდ თინა ფეტვიაშვილს მიუსაჯეს პატიმრობა. განაჩენი აღსრულდა. მაშინ ბევრს საუბრობდნენ ამ საქმეში ედუარდ შევარდნაძის როლზე, ზოგი გადაჭრით ამბობდა, რომ ამ მკაცრი განაჩენით მოსკოვს მოაწონა თავი, თორემ შეეძლო გადაერჩინა ბიჭებიო. ზოგი ამბობდა, ვერაფერს შეცვლიდაო და სხვ. აზრები მუსირებდა. ფაქტი კი მხოლოდ ერთი იყო. 7 უნიჭიერესი ახალგაზრდა მხოლოდ იმიტომ გარდაიცვალა, რომ უცხო ქვეყანაში უნდოდათ წასვლა. ბიჭები მალევე გმირებად იქცნენ, ყველას მათი სახელი ეკერა.  რა როლი ჰქონდა შევარდნაძეს ამ ისტორიაში, ამაზე კომენტარი სოსო წერეთელის დედას, ქალბატონ ლეილა წერეთელს ვთხოვეთ.

ლეილა წერეთელი:

- სიკვდილისთვის ყველა ადამიანი მეცოდება, ბუნებრივია, შევარდნაძეც შემეცოდა. ოჯახში მასწავლეს, როდესაც ადამიანი კვდება, მასზე ცუდი არასოდეს არ უნდა თქვაო. სიმართლე რომ გითხრათ, მე მაინც სხვანაირად ვუყურებდი შევარდნაძის ფიგურას, მიუხედავად იმისა, რაც მან გაუკეთა ჩემ შვილს და საერთოდ ჩემ ოჯახს, არასოდეს არ გამილანძღავს, ერთი აუგი სიტყვა არ მითქვამს მასზე.

- როგორ ფიქრობთ, შეეძლო მას "თვითმფრინავის ბიჭების" განაჩენის შეცვლა?

- მინდა გითხრათ, რომ ედუარდ შევარდნაძეს ძალიან კარგად ვიცნობდი და ის ჩემი ოჯახის მიმართ დიდი პატივისცემით იყო განმსჭვალული. ჩემ მეუღლეს, კოტე წერეთელს ხელისგულზე ატარებდა, ვინაიდან კოტე მსოფლიო დონის მეცნიერი იყო. ახლა ბევრი ამბობს, შევარდნაძეს ბიჭების განაჩენის შეცვლა შეეძლოო, მაგრამ ამის ასე თქმა ძალიან რთულია. მაშინ სულ სხვა დრო იყო და სულ სხვა სიტუაცია, მარტო შევარდნაძე ვერაფერს გადაწყვეტდა. უამრავი სხვა ადამიანი იყო ჩართული, როგორც საქართველოში ისე რუსეთში, თუმცა იმის თქმა, რომ შევარდნაძის გარეშე მიიღებდა რუსეთი დახვრეტის გადაწყვეტილებას არ შეიძლება, მაგრამ მხოლოდ შევარდნაძეც რომ ვერ გადაწყვეტდა ინდივიდუალურად, ესეც ფაქტია. სასამართლო პროცესებს მე არ დავსწრებივარ, რადგან ჩემი სოსიკო თვითმფრინავში დაიჭრა და სასამართლო პროცესებამდე გარდაიცვალა. წელიწადი გაგრძელდა პროცესი. ჩემი სუბიექტური აზრია და ვფიქრობ, რომ მაინც შეიძლებოდა ამ ბიჭების გადარჩენა. მე სულ ვამბობდი, ჩემი შვილი ხომ გარდაიცვალა და ამ ბიჭებს ნუღარ დახოცავთ, მიუსაჯეთ 20, 25 ან თუნდაც 30 წელი, მაგრამ დახვრეტით ნუ დახვრეტთ-მეთქი, მაგრამ აბა მე ვინ დამიჯერებდა?! საბოლოოდ მაინც დახვრეტა გადაწყვიტა კომუნისტურმა მთავრობამ. ეს ბავშვები შეიწირა კომუნისტურმა რეჟიმმა და არა ედუარდ შევარდნაძემ. მაშინ ეკლესიაში სიარულს არ პატიობდნენ და თვითმფრინავის გატაცებას აპატიებდა ვინმე?!

- თქვენი მეუღლის ახლობელი იყო და მოგვიანებით მაინც არ გიცდიათ მასთან შეხვედრა?! ან თქვენ ან მას ერთმანეთისთვის რაიმეს თქმის სურვილი არ გაგჩენიათ?

- ედუარდის ვაჟი პაატა იყო ჩემი მეუღლის სტუდენტი და კოტე სულ ამბობდა, საუკეთესო სტუდენტიაო. პაატას მეუღლე ნინო კი ჩემი ვაჟის უახლოესი მეგობარი იყო. როდესაც შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა და პრეზიდენტად უნდა აერჩიათ, მე და ჩემი მეუღლეც მიგვიწვიეს ცერემონიაზე. ბზობა იყო. ილია მეორემ ჩამოიარა და იქ მყოფთ ბზა და სანთელი დაგვირიგა. მაშინ მივედი ედუარდთან და ვუთხარი: ბატონო ედუარდ, დღეს ყველას გვწამს და შეგვიძლია ეკლესიაში შესვლა და პირჯვრის გადაწერა, ხოლო ჩემი შვილი სწორედ ამას შეეწირა-მეთქი. გადააქნია თავი, მოვიდა ჩემ მეუღლესთან, ჩამოართვა ხელი და ჩემთან რეზიდენციაში მობრძანდით ამ დღეებშიო. მართლაც რამდენიმე დღეში მოვიდა გამოგზავნილი მანქანა და მე და კოტე წავედით მასთან. როდესაც მივედით, ადგა ფეხზე, ხელი ჩამომართვა, ლოყაზე მაკოცა და ასეთი რამ თქვა: მე ბევრი კარგი გავაკეთე, შეიძლება ბევრი ცუდიც, მაგრამ ეს ისეთი რამ ჩავიდინე ("თვითმფრინავის ბიჭების" ამბავს გულისხმობდა), რომ ისე ჩავალ მიწაში, რომ ამას ზურგიდან ვერ მოვიცილებო. ამის მერე ბევრჯერ შევხვდით ერთმანეთს და ყოველთვის ნორმალური ერქვა ჩვენს შეხვედრას, მე ის არასოდეს მიგინებია. მოგვიანებით ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, ყველაფერი აპატიეთ შევარდნაძესო და ვაპატიე-მეთქი, ვუპასუხე. მე მას მართლაც ვაპატიე, რადგან მეც და კოტეც ვცხოვრობდით პრინციპით: ადამიანის მიერ გაკეთებული კარგი საქმე არასოდეს დაივიწყო, ხოლო ცუდი მაშინვე დაივიწყე.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)