"ანდროს დაბრუნებას და სიკვდილს ვნატრობ..." - ქალი, რომელმაც 100 წელს მეუღლის მოლოდინის გამო მიაღწია (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ანდროს დაბრუნებას და სიკვდილს ვნატრობ..." - ქალი, რომელმაც 100 წელს მეუღლის მოლოდინის გამო მიაღწია (ექსკლუზივი)

"იმედი არ გადამწურვია. დღესაც შეიძლება, მოვიდეს... ოქრო კაცი იყო, ძალიან კარგი ქმარი და კარგი მამა..."

"მინდოდა, როცა ქმარი დაბრუნდებოდა, ოჯახი ფეხზე დამდგარი დამეხვედრებინა და არა - წაქცეული და ნაცარმიყრილი"

"შვილები გამიმწარდებოდნენ, მამინაცვალი რომ მომეყვანა მაგათთვის. რომც გამოჩენილიყო ვინმე, არ გავყვებოდი..."

ელიკო ნარინდოშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში ცხოვრობს და სადაცაა, 103 წლის გახდება. ჩია ტანის, ბეღურასავით ქალბატონი თავს ჯერ კიდევ მხნედ გრძნობს. თუმცა, ჯოხის დახმარების გარეშე გადაადგილება უჭირს. როდესაც შეიტყო, რომ მასთან ჟურნალისტი იყო მოსული, ოთახიდან გამოვიდა და სალაპარაკოდ, ტუჩების ცმაცუნით მოემზადა.

- 1912 წელს დავიბადე სიღნაღის რაიონში, სოფელ ბოდბისხევში. ჩემი ქალწულობის გვარი ჭაბაშვილია. ანდროზე რომ გავთხოვდი, მერე გავხდი ნარინდოშვილი. მაშინ 21 წლისა ვიყავი. ჩემი ქმარი მალევე წაიყვანეს ჯარში, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. 2 შვილით დავრჩი. ცხოვრება ჭირდა. თავი ხომ უნდა მერჩინა?! თამბაქოს პლანტაციაში დავიწყე მუშაობა. 4 წელი ვიმუშავე. შემდეგ 7 წელი ფერმაში, მწველავად ვმუშაობდი, 4 წელიც ქათმის ფერმაში გავატარე... თავს არა ვზოგავდი. მინდოდა, როცა ქმარი დაბრუნდებოდა, ოჯახი ფეხზე დამდგარი დამეხვედრებინა და არა - წაქცეული და ნაცარმიყრილი.

- რამდენი წელი ელოდეთ ქმარს? როდის გადაგეწურათ იმედი, რომ დაბრუნდებოდა?

- იმედი არ გადამწურვია. დღესაც შეიძლება, მოვიდეს... ოქრო კაცი იყო, ძალიან კარგი ქმარი და კარგი მამა... ერთი შვილი მომიკვდა სიმსივნით, რამდენიმე წლის წინ. ძალიან განვიცადე. რაღად მინდა თავი ცოცხალი, მაგრამ აბა, რა ვქნა, თავს ხომ ვერ მოვიკლავ?

- სიყვარულით გათხოვდით, ელიკო ბებო?

- არა, შვილო, სულაც არ ვიყავი აზრზე. სახლში მოვიდა და მითხოვა... რა უნდოდა, არ ვიცი... მე ვუნდოდი და მითხოვა კიდეც. შინიდან ხომ არ გავაგდებდი ან უარს ხომ არ ვეტყოდი? დავთანხმდი და შინ გამოვყე. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ის 6 წელი იყო, როცა იმასთან ერთად ვცხოვრობდი.

- მეორედ არ გათხოვილხართ? მთხოვნელი გეყოლებოდათ...

- რას ამბობ, შვილო, შვილები გამიმწარდებოდნენ, მამინაცვალი რომ მომეყვანა მაგათთვის. რომც გამოჩენილიყო ვინმე, არ გავყვებოდი... თავიდან არ მიყვარდა ჩემი ქმარი, მაგრამ მერე ისე შემიყვარდა ჩემი ანდრო, რომ მის გარეშე ვერ ვძლებდი ან ამდენი წელი როგორ გავუძელ მონატრებას, რა ვიცი... გეფიცები მკვდარსა და ცოცხალს, ჩემი ქმრის მეტი, ჩემზე გამკარებელი თუ ვინმე იყო. რომ მოვიდეს, ხომ უნდა დავხვდე სუფთა სინდისით... მერჩივნა, იგრევ მე მეწვალა, მეშრომა და ჯაფა დამდგომოდა, ვიდრე სხვას გავყოლოდი.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.