"კამაზს" მარცხენა მხარე მთლიანად დეფორმირებული ჰქონდა" - სართიჭალის ავარიას მსხვერპლად 2 წლის ბავშვი შეეწირა - კვირის პალიტრა

"კამაზს" მარცხენა მხარე მთლიანად დეფორმირებული ჰქონდა" - სართიჭალის ავარიას მსხვერპლად 2 წლის ბავშვი შეეწირა

ავტოავარიამ, რომელიც სართიჭალიდან დაახლოებით 4 კილომეტრში მოხდა, ყველა გამვლელი შეძრა - მანქანა ათეულობით ადამიანმა გააჩერა და შეეცადა, ამ ავარიის მსხვერპლი გადაერჩინა, თუმცა ამაოდ. ამ დახმარებას უკვე აზრი აღარ ჰქონდა "მვ-ეს" მარკის მანქანის იმ ორი მგზავრისათვის, რომელიც "კამაზთან" შეჯახებისთანავე გარდაიცვალნენ. მათგან ერთ-ერთი 2 წლის ბავშვია, მეორე კი ოცდაათ წლამდე მამაკაცი, რომელიც "ბმვ-ეს" მართავდა. მესამეს კი, უგონო მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა ქალბატონს სიცოცხლის ნიშანწყალი მხოლოდ სუნთქვაზე ემჩნეოდა. თუმცა სხვა დანარჩენზე არაფერზე რეაგირებდა, - არც საუბარზე და არც შეხებაზე.

… ტრაგედია, რომელიც კახეთის გზატკეცილზე დაახლოებით დილის 11 საათზე განვითარდა, თვითმხილველების თქმით, სულ რამდენიმე წამში დაიწყო და დასრულდა, - ლაგოდეხის მხრიდან თბილისის მიმართულებით მიმავალმა "ბმვ-ეს" მარკის მანქანამ სისწრაფეს მოუმატა, წინ მიმავალ რამდენიმე მანქანას გადაუსწრო და ის იყო, თავისუფალ ტრასაზე გაჭრას აპირებდა, რომ საპირისპირო მიმართულებით მომავალ სატვირთო ავტომანქანა "კამაზს" შეასკდა.

დავით ლ. თვითმხილველი:

- ეს საშინელება იყო. ენითაუწერელი უბედურება მოხდა, - გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ნახვა საშინელი ტრაგედიაა.

- კონკრეტულად როგორ მოხდა ეს უბედური შემთხვევა?

- "ბმვ-ემ" წინ გადამისწრო... რამდენიმე წამში შეჯახების ხმა გავიგონე, მანქანა გადავაყენე და შემთხვევის ადგილისაკენ გავიქეცი. საბჭოთა "კამაზი" ძალიან გამძლე მანქანაა, მაგრამ "ბმვ-ესთან" შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა რომ "კამაზს" მარცხენა მხარე, საბურავთან ერთად მთლიანად დეფორმირებული ჰქონდა. როცა მანქანიდან ბავშვი გადმოიყვანეს, ხალხი ტიროდა. აზერბაიჯანელები აღმოჩნდნენ... პატრულიც კი ტიროდა ამ სურათის შემხედვარე..

… რუსთავის ცენტრალური სავადმყოფოს მედპერსონალის შეფასებით, ავტოკატასტროფის დროს დაშავებულ ქალბატონის მდგომარეობა ძალზე რთულია, მას დამტვრეული აქვს კისრის მალები და დაზიანებული აქვს ტვინი. ექიმები ცდილობენ, მუდმივი ე.წ. უგონო მდგომარეობა შეუნარჩუნონ და გონს მხოლოდ მაშინ მოიყვანონ, როცა თავს დამტყდარი უბედურების გადატანას შეძლებს და მის ფსიქიკას შედარებით ნაკლები ზიანი მიადგება.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)