კონტროლიორების "დაჩმორება" – ახალი ქართული გასართობი - კვირის პალიტრა

კონტროლიორების "დაჩმორება" – ახალი ქართული გასართობი

"თქვენი ბილეთი, ბატონო? - რა, ბილეთს მთხოვ? არ გრცხვენია, 70 წლის კაცს ბილეთს მთხოვ?! - ბილეთი ყველა მგზავრმა უნდა აიღოს, მათ შორის, 70-ის და ამ ასაკს გადაცილებულებმაც" - მოთმინებით უხსნიდა ახალგაზრდა, კონტროლიორი გოგონა ასაკოვან მოხუცს, რომელიც რატომღაც ჯიუტად არ უშვებდა ხელს პერანგის გულისჯიბეს... გოგონამ ავტობუსის მძღოლს სთხოვა, ჯერ არ წახვიდეთო და ღიმილიანი საუბრიდან კატეგორიულ ტონზე გადავიდა.

ვერ მივხვდი, რატომ მიაჩნდა მგზავრს ბილეთის აღება მისი ასაკის შეურაცხყოფად ან თუ აღებული ჰქონდა, რატომ უნდა ნდობოდა მას კონტროლიორი სიტყვაზე. მგზავრმა კიდევ ერთხელ ახსენა ასაკი და თეთრ თმაზე შეივლო ხელი... ავტობუსის მძოლი მოთმინებით იცდიდა. მგზავრებიდან ზოგმა გაზეთი გადაშალა, ზოგმა ფანჯრებისკენ შეატრიალა თავი, ახალგაზრდებმა მობილური ტელეფონები "მოიშველიეს"...

საქმეში მამაკაცი კონტროლიორი ჩაერია, რომელმაც მოხუც მგზავრს პირადობა მოსთხოვა. მან კი, მოთმინება დაკარგა, ბილეთი პერანგის გულის ჯიბიდან ამოიგლიჯა და კონტროლიორებს სახეში ესროლა... გოგონამ ნაძალადევი ღიმილით აიღო ძირს ფრიალით წასული ბილეთი და ჯიუტ მგზავრს უკან დაუბრუნა, რომელიც ამ მასკარადის შემდეგ, კმაყოფილი სახით დაჯდა ფანჯარასთან, - სულ გავიდნენ თავს. როგორ მაკადრეს ამ ხნის კაცს, ბილეთი მაჩვენეო, უბილეთოდ ვიმგზავრებდი?!.

- კიდევაც რომ იმგზავროთ, რა? დიდი ამბავი ამ ხნის კაცმა უბილეთოდ იმგზავროს. - მხარი აუბეს მგზავრებმა "დაჩაგრულ" მიხუცს. კონტროლიორები ჩავიდნენ. ისეთი მზერა გააყოლეს, თითქოს რაღაც დაეშავებინოთ...

რამდენიმე გაჩერების შემდეგ, ისევ ამოვიდნენ  კონტროლიორები. წინამორბედებზე გაბრაზებულმა მოხუცმა, ამჯერად პირდაპირ ხელებში მიაჩეჩა მათ ბილეთი, მაგრამ ამ ჟესტზე რეაქცია არ ჰქონიათ. ვიღაცას ისინი შეეცოდა, - რა ქნან, მთელი დღე ასე უწევთ წანწალი, მათი მდგომარეობაც მესმის... Your ticket, please? - მკითხა მკვეთრი ქართული აქცენტით კონტროლიორმა... გამოველაპარაკე. - ყველა კატეგორიასთან გვიწევს საერთო ენის პოვნა, რკინის ნერვები უნდა გქონდეს, - მითხრა სალარო აპარატს მიყრდნობილმა გოგონამ, ისე გიყურებენ როგორც მტერს. ბილეთის აღება მოქალაქეობრივ ვალად არ მიაჩნიათ. და თუ ჩვენ მოგვაწვდიან "მეტრომანს" ბილეთის ასაღებად, მიაჩნიათ, რომ ამით სოციალური სამართლიანობა აღადგინეს. ეს უფროსი თაობის მგზავრებს ეხებათ... თუ უბილეთო მგზავრის დაჯარიმებამ მოგვიწია. დანარჩები მიიჩნევენ, რომ ჩვენ უგულოები, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ზომბირებულები და დაუნდობლები ვართ, რომლებიც ვებრძვით უფროს-უმცროსობას და საერთოდ, ეროვნულ ტრადიციებს...

ავტობუსით ხშირად ვმგზავრობ და არაერთ არასახარბიელო სცენას შევსწრებივარ, სადაც კონტროლიორი სრულიად მართალი იყო, მგზავრი კი მის "დაჩმორებას" ცდილობდა, მაგრამ პატრულის გამოძახება არავის მოსვლია აზრად, მეტიც, - ერთხმად მხარს უჭერდნენ უბილეთო მგზავრს, ეს 50 თეთრი ააშენებს სახელმწიფოსო?..

რამდენიმე დღის წინ, გავიგე, რომ მგზავრმა ავტობუსის მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. არ გამკვირვებია, ვიცი, ეს ფაქტი ძალიან გაუკვირდებოდათ, შეაწუხებდათ და გააბრაზებდა ჰუმანურ, ქართულ საზოგადოებას. ასე მოხდა, ყველამ ერთად დაგმო, თუმცა, ვიღაცამ მაინც დაწერა, - იმედია, ეს ბევრი მძღოლისა და კონტროლიორისთვის ჭკუის სასწავლებელი იქნებაო..

ლენი პერკინსი (სპეციალურად საიტისთვის)