”მხოლოდ დღისა და ღამის გარჩევა შემიძლია”- 17 მედლის მფლობელი უსინათლო ქართველი მოცურავე (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

”მხოლოდ დღისა და ღამის გარჩევა შემიძლია”- 17 მედლის მფლობელი უსინათლო ქართველი მოცურავე (ექსკლუზივი)

”მეგონა, ოპერაციას გამიკეთებდნენ და მხედველობა აღმიდგებოდა, მაგრამ...”

”სერიოზული ტრავმა არასდროს მიმიღია. ზოგჯერ ცხვირს თუ გავიტეხავ ან შუბლზე კოპი ამომივა”

ნიკა თვაურმა ცურვა 26 წლის ასაკში დაიწყო, მანამდე კი რაგბით გახლდათ გატაცებული. 17 წლის იყო, როცა ახალი წლის დღესასწაულზე, ხელში რაღაც ნივთიერება აუფეთქდა. საბედნიეროდ, გადარჩა, მაგრამ ამ ყველაფერს უკვალოდ არ ჩაუვლია, მხედველობა დაკარგა და მარჯვენა ხელის მტევნი დაუზიანდა. მერე იყო სახლში ჩაკეტვის პერიოდი და შეიძლება ითქვას, სასოწარკვეთაც, მაგრამ ბედისწერას არ დანებდა. ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო და პირველი წარმატებაც მალე მოვიდა: 17 მედალი, არაერთი თასი და სიგელი გადასცეს.

- მთელი ცხოვრება სპორტით ვარ დაკავებული. 26 წლის ვიყავი, ცურვა რომ დავიწყე, მანამდე კი რაგბს ვთამაშობდი. რომ არა ის ტრავმა, რომელიც მივიღე, ახლა მორაგბე ვიქნებოდი. სულ 8 ოპერაცია მაქვს გაკეთებული. პირველი ოპერაცია წარმატებული იყო. მართალია, მხედველობა დაქვეითებული მქონდა, მაგრამ ქუჩაში სიარული, ტელევიზორის ყურება შემეძლო. შემდგომი 7 ოპერაცია უშედეგო აღმოჩნდა. მოგვიანებით მითხრეს, - პირველი ოპერაციის შემდეგ სხვა ოპერაციები რომ არ ჩატარებულიყო, უკეთესი იქნებოდაო. ახლა მხოლოდ დღისა და ღამის გარჩევა შემიძლია. მოკლედ, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაგბიზე ვეღარ ვივლიდი. მერე უნივერსიტეტში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ ბრაილის შრიფტი უნდა მესწავლა. ეს გადაწყვეტილება ტრავმიდან 10 წლის შემდეგ მივიღე. შეიძლება ითქვას, რომ 10-წლიანი უძრაობის პერიოდი მქონდა. მეგონა, ოპერაციას გამიკეთებდნენ და მხედველობა აღმიდგებოდა, მაგრამ... 25 წლის ასაკში გავაცნობიერე: მხედველობა რომც დამიბრუნდეს, მერე რა იქნება? პროფესიაც არ მექნება და რა უნდა გავაკეთო-მეთქი? ბრაილის შრიფტის შესწავლა დავიწყე, მაგრამ პირველი გაკვეთილიდანვე თავი დავანებე. მერე დავფიქრდი, რა უნდა მეკეთებინა. საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, სპორტია. სწორედ მაშინ გავიგე ჰენრი კუპრაშვილის (სურათზე) შესახებ და ვიფიქრე, - ადამიანი ხელ-ფეხშეკრული თუ ცურავს, უსინათლოსთვის ეს ხომ გაცილებით ადვილი იქნება-მეთქი? ბატონ ჰენრის ტელეფონით დავუკავშირდით და მერე აუზზე მივედით. თავიდან ყველას უკვირდა, - როგორ უნდა იცურო? რამე რომ მოგივიდეს, ამაზე პასუხს ვინ აგებსო? ყველანაირ შედეგზე პასუხისმგებლობა თავად ავიღე. 2 თვის შემდეგ, აღარც სჯეროდათ, რომ ვერ ვხედავდი. ახალი მისული რომ ვიყავი და არავინ მიცნობდა, არ იცოდნენ ჩემი მდგომარეობა და როდესც გვერდს ვერ ვუვლიდი, თავადაც არ მეცლებოდნენ და ვეჯახებოდი. ახლა მათთვის უფრო მეტად საშიში გავხდი, რადგან ძალიან სწრაფად ვცურავ.

- ტრავმა მიგიღია?

- სერიოზული ტრავმა არასდროს მიმიღია. ზოგჯერ ცხვირს თუ გავიტეხავ ან შუბლზე კოპი ამომივა, ეგ არაფერია. ჯერ 500 მეტრს ვცურავდი, მალე მანძილი 2 კილომეტრამდე გავზარდე. 2011 წლის აპრილამდე 3 კილომეტრს ვცურავდი. ჩემს წარმატებაში მწვრთნელს - ზურა ხომასურიძეს დიდი წვლილი მიუძღვის.

- პირველი წარმატება როდის მოვიდა?

- თურქეთში საინვალიდო სპორტში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა. მინდოდა, წავსულიყავი, მაგრამ პარაოლიმპიურმა კომიტეტმა არ დამაფინანსა. შემდეგ წერილი სანდრა რულოვსს მივწერე და ჩემპიონატზე მისი დახმარებით გავემგზავრე. მესამე ადგილზე გავედი. მერე რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი იყო. 2012 წელს იტალიაში მეორე კატეგორიაში გამოვედი, 50-მეტრიან დისტანციაზე (ბრასით ცურვა) ოქროს მედალი ავიღე, 100-მეტრიან დისტანციაზე - ბრინჯაო. სხვადასხვა დროს 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მაქვს აღებული, საქართველოს ჩემპიონი და პარაოლიმპიური თასის მფლობელი ვარ. ახლა დღეში 10-12 კილომეტრს ვცურავ. კილომეტრს 20-25 წუთში გავდივარ.

- შენი უახლოესი გეგმა როგორია?

- თქვენი ჟურნალი რომ გამოვა, ბარსელონაში ვიქნები.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.