"ნუ გეშინია, საყვარელო…" - 11 წლის გიორგი ჯიშკარიანი ისევ სიკვდილს ებრძვის - კვირის პალიტრა

"ნუ გეშინია, საყვარელო…" - 11 წლის გიორგი ჯიშკარიანი ისევ სიკვდილს ებრძვის

"- დედა, მტკივა...…

- ვიცი, შვილო…...

- დედა, მიშველე..." - როცა ფეისბუქზე მაკა კოხრეიძის ამ ჩანაწერს ვკითხულობ, ყელში ბურთი მეჩხირება, ცრემლები მეყლაპება და მგონია, მოვკვდები.… ბევრჯერ დამიწერია მძიმედ ავადმყოფი ბავშვების შესახებ, იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც თვალებით მთხოვენ, რომ მათთვის რამე გავაკეთო…და ეს თვალები მოსვენებას მიკარგავს, მაგრამ იმდენი ტკივილი, რაც მაკას 11 წლის შვილის გიორგის თვალებში ვნახე, არასოდეს მინახავს, არც მსგავსი უბედურება მსმენია სადმე, - გიორგის თვალებში მარტო გამოუცნობი დაავადებისა და სიკვდილის შიში კი არა, გარდაცვლილი უფროსი ორი ძმის ტკივილიც არის, ისინი 6-ისა და 11 წლის იყვნენ, როცა ამოუცნობი დაავადებით გარდაიცვალნენ, - საღ-სალამათი ბავშვები უცებ გაქრნენ ამ ქვეყნიდან. ამის შემდეგ სიხარულიც სამუდამოდ გაქრა ჯიშკარიანებისა და კოხრეიძეების ოჯახში. თუმცა ალბათ ამაზე წერა აღარც არის საჭირო - ამ ენითაუწერელ უბედურებაზე, შარშანაც მოვუყევი მთელ საქართველოს, მაშინ გიორგი იაშვილის საავადმყოფოში ებრძოდა სიკვდილს, - 10 წლის ბიჭი იმდენად გამხდარი და ღონე წართმეული იყო რომ დედას ჩვილი ბავშვივით ხელში აყვანილი დაჰყავდა. სასწაული მოხდა, - მთელმა საქართველომ, ვისაც როგორ შეეძლო, ჯიბეებიდან უკანასკნელი გროშებიც კი ამოიღო და ბავშვი გერმანიაში გაგზავნა, თუმცა გიორგის სიკვდილის ხელიდან წაგლეჯა ადვილი არ აღმოჩნდა. გერმანელმა ექიმებმა მსოფლიოს წამყვანი კლინიკები ჩართეს ამოუცნობი დაავადების დადგენის საქმეში, მაგრამ ვერაფერი შეძლეს და ხელები ჩამოუშვეს. გამწარებულ დედას პირდაპირ უთხრეს, - შვილს ვერ მოგირჩენთ, სახლშში წაიყვანეო. ეს იმას ნიშნავდა, უნდა შეეგუო, რომ შვილი მოგიკვდებაო… ამის იქეთ ძალა არ იყო. მაგრამ გერმანიაში ყოფნის ბოლო დღეებში ერთი სასწაული მაინც მოხდა, - ამერიკის კლინიკის ლაბორატორიის კვლევებმა აჩვენა, რომ გიორგის ორგანიზმში არ არსებობდა ვიტამინი D. ვიტამინი, რომლის არარსებობა ბოლოს უღებს ძვალ-სახსროვან სისტემას.

გერმანელმა ექიმებმა ბოდიში მოიხადეს და მკურნალობა განაგრძეს. ბავშვს სიცოცხლე და ღიმილი დაუბრუნდა. ასე ღიმილიანი დაბრუნდა ქუთაისში, სადაც დედას უფროსი ძმების პატარა საფლავის ქვებთან არასოდეს მიუყვანია, თუმცა თავად ქვითინებდა ამ ქვებზე თავდახრილი, - შვილებო, ნეტა საშველი თქვენთვისაც გამოჩენილიყო, თქვენც გადამერჩინეთო. საუბედუროდ, დედის სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, - ერთ დღეს ბიჭმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ჩაიკეცა და ატირებულმა დედას დაუძახა, - მიშველე, სიარული არ შემიძლიაო. დედა მივარდა, ხელში აიყვანა და მას შემდეგ ისევ ასე ხელში აყვანილი დაჰყავს… მთელი სიცოცხლე ატარებდა, მაგრამ ვერ შეძლებს, - ერთ დღეს შეიძლება მოვიდეს სიკვდილი და გიორგიც დანარჩენი ორი შვილივით წაართვას. ამიტომ უნდა უშველოს…

საშველი კი კვლავ გერმანიაში წასვლაა, - იმ კლინიკაში სადაც გიორგი მკურნალობდა, მის დაავადებას მთელი წელიწადი იკვლევდნენ და ამბობენ, რომ ამჯერად გიორგის სრული განკურნების შანსი არსებობს. თუ ეს მოხდა, სასწაული იქნება! გიორგის უბედურმა დედამ კი თავისი სასწაული უკვე ჩაიდინა - გარდაცვლილი შვილები დაივიწყა და მათხოვრად იქცა, რომ შვილის გადასარჩენი ფული ეშოვა, არ ვიცი, როგორ, მაგრამ მან ეს შეძლო, - ცხადია, რომ სამყაროში არ არსებობს არც ერთი სულიერი, რომელსაც გამწარებული დედისოდენა ძალების მოკრება შეუძლია. ამჟამად გერმანიაში კლინიკის ანგარიშზე გიორგის სამკურნალო ხარჯები უკვე გადარიცხულია. მაგრამ არ არსებობს თანხა, რომელითაც დედა- შვილი უცხო ქვეყანაში იარსებებს. მაკა კოხრეიძეს ამის გამო პირადად ჩემთვის დახმარება არ უთხოვია - დახმარება სხვის შვილებსაც ხომ სჭირდებათო, მაგრამ ის ამ ფულის გარეშე უცხოეთში ვერ წავა. და თუ ვერ წავა, გიორგის შეიძლება რაიმე ცუდი დაემართოს. ეს არ უნდა მოხდეს, არ შეიძლება!

ამიტომ მინდა მას ვუთხრა, - ნუ გეშინია, საყვარელო, ვინც შენ გაგიცნობს, არავინ დაუშვებს, რომ ხელი არ გამოგიწოდოს…

მისი გადასარჩენი ანგარიში კი ასეთია: საქართველოს ბანკი - GE55BG0000000294612100

მიმღები პირი ია კოხრეიძე. პირადი ნომერი 60001055881 ტელეფონი: 595530270

გერმანიაში მოქმედებს საბანკო ანგარიში რომელზეც ნდობილობაც გიორგის დედას აქვს

Sparkasse Freiburg 13293244 Kontonummer ,

68050101 BLZ.

IBAN: DE20680501010013293244

BIC: FRSPDE66 მიმღები პირი/ : Teona Woll .

გადარიცხვის მიზანი/Verwendungszweck:Spende für giorgi jishkarjani